ცვლილებები მთავრობაში

ვანო მერაბიშვილი: ყველა ოჯახი მომავალი წლიდან ოთხ წელზე გაწერილ ათასლარიან ვაუჩერს მიიღებს

ახლადწარდგენილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გლდანში, მშენებარე პროფესიულ სასწავლებელთან მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში ყველა ოჯახი მომავალი წლიდან ოთხ წელზე გაწერილ ათასლარიან ვაუჩერს მიიღებს.

მერაბიშვილის განმარტებით, მთავრობა აძლევს ოჯახებს შესაძლებლობას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება და აღნიშნული თანხა გამოიყენონ იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც მათ აწუხებთ.

"ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ათასლარიანი ვაუჩერით საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა, მედიკამენტების შეძენა, ბავშვებისთვის სკოლის სახელმძღვანელოების შეძენა. გლეხებმა შეძლონ სასუქების, საწვავის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, რათა ნებისმიერ დროს ადამიანს ჰქონდეს გარანტია იმისა, ამ პრობლემას მოაგვარებს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა. მისივე განმარტებით, ეს თანხა მოხმარდება იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს დაზღვეული. ვანო მერაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას დასძინა, რომ 2013 წელს პრეზიდენტის დაპირება 100 დოლარიანი პენსიის შესახებ შევა ძალაში.

ვანო მერაბიშვილის თქმით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება სოფლის მხარდაჭერა და ამ მიზნით 4 მილიარდი ლარი ჩაიდება საქართველოს სოფელში. მისივე თქმით, მთავრობა აპირებს, დამატებით 2000 ტრაქტორი, კომბაინი და სხვა აგრეგატი შეიძინოს, რათა თითოეულ გლეხს ხელი მიუწვდებოდეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე.

მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიზნით, სხვადასხვა პროექტები განხორციელდება, მათ შორის, დამატებითი გზების მშენებლობა, უცხოური ინვესტიციებს მოზიდვა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. მისი თქმით, მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა სამ პრინციპზეა აგებული - დასაქმება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება.

 

კომენტარები