ცვლილებები მთავრობაში

თამარ ბერუჩაშვილი: ჩემი გადადგომა იყო ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ეს იყო ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა", - ასე ხსნის მის ნათქვამს საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენილი მაია ფანჯიკიძის ყოფილი მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი. მან 5 ნოემბერს ფანჯიკიძესთან ერთად გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია. თუმცა, მეორე დღეს, ბერუჩაშვილმა თქვა, რომ პრემიერთან საუბრის შემდეგ, პოსტზე დარჩენა გადაწყვიტა. 

"დიდი მადლობა, ბატონო პრემიერმინისტრო, ასეთი ნდობისთვის. დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი პატივი. განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა დღეს ამ პოსტის დაკავება. მინდა, დაგპირდეთ, ჩემი და საგარეო უწყების სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული დიპლომატია იყოს წარმატებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ქართულ სახელმწიფოს ვემსახურო საგარეო მინისტრის თანამდებობაზე, ვემსახურო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პრიორიტეტებს. რადგან მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს მომავალი არ არის საქართველოს ევროპული მომავლის გარეშე.

ევროპული კურსი არის შეუქცევადი, ეს არის ჩვენი ეროვნული და ეგზისტენციალური არჩევანი. არცერთ მთავრობას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ამ კურსს გადაუხვიოს. რაც შეეხება ჩემს ეჭვებს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა", - თქვა ბერუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო უწყების ხელმძღვანელად თამარ ბერუჩაშვილი წარადგინა.

კომენტარები