ცვლილებები მთავრობაში

შარაშენიძე: ივანიშვილს ერთგული პრემიერის შენარჩუნება ურჩევნია

თეორემა/ტაბულა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორის თორნიკე შარაშენიძის აზრით, საქართველოს პრემიერმინისტრი ამჯერად არ შეიცვლება, რადგან ბიძინა ივანიშვილს ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილზე ერთგული ადამიანი ვერ ეყოლება.

როგორც შარაშენიძემ ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში აღნიშნა, „ნოდარ ჯავახიშვილი საკმაოდ ჯიუტი კაცია, ამ ეტაპზე კი სარგებლობს ბიძინას ნდობით, მაგრამ რა იქნება შემდეგ, არავინ იცის". მის აზრით, კახა კალაძე „დამოკიდებელი, შემდგარი თვითკმარი ფიგურაა", აქვს საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი და იოლად მართვადი ფიგურა არ იქნება.

„ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს დიდხანს ფიქრი და ბოლო მომენტში გადაწყვეტილების მიღება. მე მგონი, ის ფიქრობს, რომ ასეთ ერთგულ კადრს ვერსად იპოვის ამ ეტაპზე, როცა უჭირს ქვეყანას რეალურად და ფიქრობს, უცხოს ხომ არ მოიყვანს", - აღნიშნა შარაშენიძემ.

მაგრამ, მის თქმით, „არაღიარება, კრიზისის პრობლემებზე თვალის დახუჭვა და თავდაცვის მინისტრის გამოცვლა ფინანსური კრიზისის პირობებში ცოტა არ იყოს, გაუგებარია".

კომენტარები