ცვლილებები მთავრობაში

ვანო მერაბიშვილი პარლამენტს მთავრობის სამოქმედო გეგმას დღეს საღამოს წარუდგენს

ახლადწარდგენილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამენტს მთავრობის სამოქმედო გეგმას დღეს საღამოს წარუდგენს. მერაბიშვილის თქმით, მის მიერ შედგენილ გეგმაში ზუსტად არის გაწერილი, თუ რას გააკეთებს მთავრობა მომავალი 4 წლის განმავლობაში.

”ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება, საქართველოს ყველა მოქალაქემ უშუალოდ იგრძნოს ის სიკეთე, რაც ქვეყანაში ხდება. მთავრობის მთავარი გამოწვევა იქნება უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა. პირადად მე ვაპირებ შევებრძოლო უმუშევრობას ისე, როგორც წლების განმავლობაში კრიმინალსა და კორუფციას ვებრძოდი.” - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ახლადწარდგენილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოში დასაქმების სამინისტროს მნიშვნელობასა და ფუნქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი სამინისტრო დასაქმების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს. მერაბიშვილის განცხადებით, იარსებებს სპეციალური სტატუსები - უმუშევრის და სამსახურის მაძიებლის სტატუსი, რომელთა მიხედვითაც მოქალაქეების დასაქმება მოხდება.

 

კომენტარები