გერმანია-რუსეთი

ურთიერთობა ცივ ფაზაში შედის

რუსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ინაუგურაციის შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი განახორციელა: მინსკი-ბერლინი-პარიზი. ბელარუსში ვიზიტი, რომლის ავტორიტარი ხელმძღვანელი ალექსანდრ ლუკაშენკო, ფაქტობრივად, საერთაშორისო იზოლაციაშია, უარყოფითად შეაფასა გერმანულმა გამოცემამ Die Zeit.

1 ივნისს ბერლინში გაიმართა ვლადიმირ პუტინის ოფიციალური შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და პრეზიდენტ იოაჰიმ გაუკთან. გერჰარდ შრედერთან „მეგობრული” შეხვედრების ფონზე ეს იყო გერმანიაში პუტინის ყველაზე მოკლევადიანი, დაახლოებით 6-საათიანი ვიზიტი. ანგელა მერკელის დროს რუსულ-გერმანული შეხვედრები უფრო მშრალ და საქმიან ხასიათს იღებს.

როგორც ირკვევა, გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრის მთავარი თემები ეკონომიკური პარტნიორობა, ევროკავშირის კრიზისი, ირანის ბირთვული პროგრამა და სირიის კონფლიქტი იყო. მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში გამოჩნდა, რომ მოცემულ საკითხებში ქვეყნების პოზიცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა – ისინი თანხმდებიან, რომ სირიის კრიზისის აღმოსაფხვრელად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო, მაგრამ საკითხის მოგვარების კონკრეტულ გზებზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.

პრესკონფერენციის მსვლელობისას პუტინი აშშ-ის გენერალური მდივნის, ჰილარი კლინტონის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოსკოვი დამასკოში სამოქალაქო ომის გაღვივებას უწყობს ხელს. „ის, ვინც ლაპარაკობს, რომ მოსკოვი ბაშარ ასადის რეჟიმს მხარს უჭერს, ცდება. რუსეთი დამასკოს არ აწვდის ისეთ შეიარაღებას, რომელიც შესაძლოა სამოქალაქო კონფლიქტში გამოიყენონ”, – განაცხადა პუტინმა. მერკელმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ გერმანია დაინტერესებულია რუსეთში „დემოკრატიული მრავალფეროვნების” განვითარებით, რისი ნათელი მაგალითიც ანტიპუტინური აქციებია.

ვიზიტის განმავლობაში ფედერალური კანცლერის უწყების წინ საპროტესტო აქცია გაიმართა – დაახლოებით 150 კაცი რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და სირიის საკითხისადმი მოსკოვის პოზიციას აპროტესტებდა.

რუსეთთან კავშირი გერმანიის საგარეო პოლიტიკაში ტრადიციულად განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს და გერმანიის ხელისუფლება საკუთარ თავს რუსეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვან შუამავლად განიხილავს.

ორი ქვეყნის ურთიერთობაში სავაჭრო თანამშრომლობა იდეალურადაა აწყობილი. 2011 წელს გერმანული ექსპორტი რუსეთში 34%-ით გაიზარდა და 27 მილიარდ ევროს (34 მილიარდი დოლარი) მიაღწია, ხოლო იმპორტმა 27%-ით მოიმატა და 25 მილიარდი ევრო შეადგინა. გერმანია რუსეთის მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს ჩინეთის შემდეგ.

მიუხედავად რუსეთზე უფრო მეტი დამოკიდებულებისა, ბოლო ათწლეულია, სახელმწიფოების ურთიერთობა უფრო ცივ ფაზაში გადადის. გერმანიისთვის ისევ უმნიშვნელოვანესია რუსული ბუნებრივი აირი. თავის მხრივ, პუტინს გერმანელი ინვესტორები თავისი ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზებისთვის სჭირდება.

მერკელისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, პუტინი მას მაინც ზედმეტად პროამერიკულად განიხილავს. ბერლინში შეხვედრას სიტუაცია არ შეუცვლია – არც რაიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი და არც სადავო საკითხებზე მიუღწევიათ კონსენსუსისთვის. რუსეთი, როგორც ჩანს, საკუთარი პოზიციის გადახედვას არ აპირებს.

 

კომენტარები