კანადა

კანადაში ”უცნაური” გზავნილები ამჯერად სკოლებში მიიღეს

ვანკუვერის ორ სკოლაში გზავნილები მიიღეს, რომლებიც ადამიანის სხეულის მოკვეთილ ნაწილებს შეიცავდა. კანადის პოლიციის ცნობით, ერთ-ერთ ადგილობრივ დაწყებით სკოლაში მიღებულ ამანათში მოკვეთილი ხელი აღმოაჩინეს, ხოლო ვაჟთა საშუალო სასწავლებელში ფეხის ნაწილი.

სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ინციდენტი კანადელი პორნომსახიობის, ლუკა როკო მაგნოტას საქმესთან არის დაკავშირებული, რომელიც ჩინელი სტუდენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

გასულ კვირაში ოტავაში მდებარე კონსერვატიული პარტიის შტაბ-ბინაში შეფუთული გზავნილი მიიღეს, რომელშიც ადამიანის მოკვეთილი ტერფი აღმოაჩინეს. მოგვიანებით ქალაქის ერთ-ერთ საფოსტო ტერმინალში პოლიციამ ადამიანის სხეულის ნაწილის შემცველი კიდევ ერთი პაკეტი იპოვნა. სამართალდამცავების ცნობით, პაკეტში მოკვეთილი ხელი იდო.

29 წლის მაგნოტა რამდენიმე დღის წინ ბერლინში დააკავეს. უახლოეს მომავალში კანადაში მისი ექსტრადირება მოხდება.

 

კომენტარები