კახა კალაძე

კახა კალაძე: შესაძლოა მოწმის სტატუსით დამკითხონ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და კოალიცია ქართული ოცნების წევრმა კახა კალაძემ დღეს პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც იტალიის პოლიციის მიერ მის შესაძლო დაკითხვაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მას იტალიის პოლიციიდან ამ დრომდე შეტყობინება არ მისვლია და დასძინა, რომ შესაძლოა მოწმის სტატუსით დაკითხონ.

,,თუ ვინმეს უნდა კუდი მოაბას ამ ამბავს და ბუზი სპილოდ აქციოს, ეს მათი საქმეა. მთელი ცხოვრება ჩაწყობილ თამაშებს ვებრძვი და სასაცილოა ჩემთვის ეს სიტუაცია.’’-განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შესაძლო დაკითხვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. საუბარია ე.წ. ჩაწყობილ მატჩებზე, რომლის გამოც იტალიაში 19 ადამიანი დააპატიმრეს.

კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს წინასწარი მცდარი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ დროს მზად არის ჩავიდეს იტალიაში, პოლიციისთვის მოწმის სტატუსით ჩვენების მისაცემად.  

რაც შეეხება იტალიური პრესით გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, კალაძის განმარტებით, ის საუბარში ნახსენებ კარის და მარმარილოს შეძენას ქობულეთის სასტუმროსთვის გეგმავდა, თუმცა გარიგება ვერ შედგა. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ პოლიციის ეჭვი სიტყვა ,,კარმა’’ გამოიწვია და ,,ჩათვალეს რომ რაღაც კოდირებულ საუბართან ჰქონდათ საქმე, რაც სინამდვილეში ასე არ ყოფილა‘’.

კომენტარები