სკოლები

ვერსიები: ვინ ითხოვს ინფორმაციას 53-ე სკოლის ყოფილ მოსწავლეებზე

23 მაისს მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრულის თანამშრომლები დირექტორის კრიტიკის შემცველი პერფორმანსის გამო 53-ე სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლების შესახებ ცნობებს აგროვებენ. ტაბულამ ინფორმაცია ამ ამბავში ჩართულ ყველა მხარესთან გადაამოწმა.

ამ პერფორმანსის ორგანიზებაში ჩართულები იყვნენ ის მეთორმეტეკლასელებიც, რომლებმაც ტარას შავშიშვილის დირექტორობის პერიოდში 53-ე სკოლა დატოვეს და 35-ე სკოლაში გადავიდნენ. 

ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგან, მისი თქმით, მომხდარის შესახებ მისმა მშობლებმა ჯერ არ იციან, ადასტურებს, რომ მას პირადად დაუკავშირდნენ პატრულიდან და მისი სწავლის ადგილი გადაამოწმეს. როგორც მოსწავლე ამბობს, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და ამიტომ დიდი ამბის ატეხვა არ სურს. 

35-ე სკოლის დირექტორის არჩილ არველაძის თქმით, სკოლაში პატრულს არ დაურეკავს, 53-ე სკოლის სახელით დარეკეს და მოსწავლეების პირადი ნომრები მოითხოვეს იმის დამადასტურებლად, რომ ეს ბავშვები მართლა 35-ე სკოლაში სწავლობდნენ. სასწავლო ნაწილმა მოსწავლეების პირადი ნომრები გასცა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პიროვნების ვინაობა არ დაუდგენია, ვინც ამ ინფორმაციას ითხოვდა.

როგორც 53 -ე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, შორენა გამყრელიძე, ასევე პატრული, მოსწავლეებთან დაკავშირებით განხორციელებულ ზარებთან  ნებისმიერ კავშირს უარყოფენ. 

კომენტარები