გამოფენა

ეროვნული არქივის გამოფენები

მაისს სოფიკო ჭიაურელს 75 წლისთავი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ არქივში მოეწყო ექსპოზიცია, რომელზეც ქართველი მსახიობის ფოტოებია გამოფენილი და მათი დათვალიერების საშუალება 25 მაისის ჩათვლით გეძლევათ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მდიდარი ფონდიდად გამოფენის ორგანიზატორებმა 40 ფოტო შეარჩიეს. მათზე სოფიკო ჭიაურელი აღბეჭდილია გადასაღებ მოედანზე, თეატრის სცენაზე, პირად ცხოვრებაში. სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოებიდან, დამთვალიერებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მისმა პორტრეტებმა, სადაც კარგად ჩანს სოფიკო ჭიაურელის არტისტული ბუნება, სილამაზე, პიროვნული ხასიათი და სიძლიერე.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დაგხვდებათ კადრები: ფილმებიდან - „ჩვენი ეზო“, „ვერის უბნის მელოდიები“, „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, „ხევსურული ბალადა“, „ფერისცვალება“, „წუთისოფელი“, „დათა თუთაშხია“, „აურზაური სალხინეთში“, „ენგურის ნაპირებზე“, „ნატვრის ხე, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, ასევე, სპექტაკლებიდან - „ბერიკონი“, „ტალანტები და თაყვანისმცემლები“, „მილიარდელის ვიზიტი“, „ეზოში ავი ძაღლია“, „ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი“ და ა.შ. ფოტოებზე აღბეჭდილი მსახიობის მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია ასეთია: სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს, მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში, 1968 წლიდან გარდაცვალებამდე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი. 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში მონაწილეობისთვის, მიღებული აქვს არაერთი როგორ ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ჯილდო და პრემია.

სოფიკო ჭიაურელის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის მსგავსი ექსპოზიციებითა და საინტერესო ინიციატივებით ეროვნული არქივი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მის ხელმძღვანელად თეონა იაშვილი

დაინიშნა და მდიდარ ფონდებში დაცული მასალებისა და მისი პროფესიუნალი თანამშრომლების საქმის პოპულარიზაცია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ახლახანს, პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ მიღებაზე, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი პოლონეთის ელჩმა საქართველოში - ურშულა დოროშევსკამ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის მიერ მინიჭებული საპატიო ორდენით დააჯილდოვა.

ეროვნული არქივის პოლონეთთან თანამშრომლობის დამადასტურებელია გამოფენა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძრვნება და 22 მაისს, ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. ექსპოზიციაზე ღია ცის ქვეშ გამოიფინება ეროვნულ არქივში დაცული დიმიტრი ერმაკოვის, გურამ წიბახაშვილის, გიორგი მეურმიშვილის, გიორგი კვიჟინაძის საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ამსახველი ფოტოები (სულ 17 ნამუშევარი). პოლონეთში მოწყობილი გამოფენა 26 მაისს დაიხურება.

 

კომენტარები