ლივერპული

დალგლიში ენფილდიდან წავიდა

ინგლისის ლიგის თასის მფლობელმა ლივერპულმა მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში დაითხოვა. კლუბის თავმჯდომარის ტომ ვერნერის თქმით, გუნდი მომავლის შენებას იმ საფუძველზე დაიწყებს, რომელიც დალგლიშმა გაკვალა.

”ლივერპულის ხელმძღვანელებმა განვლილი სეზონი დაწვრილებით შეისწავლეს, განვითარებული მოვლენები შეაფასეს და საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მთავარი მწვრთნელის შეცვლა აუცილებელი იყო. საფეხბურთო კლუბი ლივერპული კენი დალგლიშის მადლიერია და მას მომავალ საქმეში წარმატებებს უსურვებს. მისი შემცვლელის ძიება კლუბმა უკვე დაიწყო,” - ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ეს მოვლენა ასე ახსნეს.

ლივერპულის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კლუბი გასული წლის დასაწყისში ჩაიბარა - როი ჰოჯსონი შეცვალა, მაისში კი სრულფასოვანი ხელშეკრულება გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით ენფილდროუდელებმა თებერვალში ინგლისის ლიგის თასი მოიგეს და ასოციაციის თასის ფინალში ითამაშეს, მაგრამ პრემიერლიგაში ცუდად იასპარეზეს და მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავეს. ლივერპულს უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწევს ევროსეზონის დაწყება.

”ჩემთვის დიდი პატივი იყო კლუბში მოღვაწეობა. ლივერპული ჩემი მეორე სახლია და ძალიან მინდოდა ტიტულები მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ თასს შევწვდით. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ - მე კვლავაც ლივერპულის გულშემატკივრად ვრჩები,” - განაცხადა 61 წლის სპეციალისტმა.

1985-1991 წლებში კენი დალგლიში ერთხელ უკვე წვრთნიდა გუნდს. მაშინ წითლებმა სამჯერ მოიგეს ინგლისის პირველობა, ორჯერ აღმართეს ასოციაციის თასი, ოთხჯერ კი ქვეყნის სუპერთასს დაეუფლნენ.

კომენტარები