განათლება

პირველკლასელების ონლაინრეგისტრაცია

ათასობით ბავშვი, ყოველწლიურად, ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის – სკოლის მოსწავლე ხდება. თითოეული მათგანი სკოლაში ცხოვრების უმნიშვნელოვანეს 12 წელს გაატარებს. სივრცეს, სადაც, ან რომლის პარალელურადაც, ბავშვის დამოუკიდებელ ინდივიდად ქცევის გარდაუვალი პროცესები უნდა განვითარდეს, უფროსები ირჩევენ. სწორედ ამიტომ, სხვა მშობლების მსგავსად, გვანცა კირვალიძეც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება 6 წლის საბასთვის სკოლის შერჩევას.

შვილის სკოლაში შეყვანას ჯერ კიდევ შარშან გეგმავდა, მაგრამ თავი შეიკავა – განსხვავებით ხუთი წლის ბავშვთა მშობლების 52%-ისა, რომელმაც საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, „ერთი წლით ადრე” შეყვანის შიში ყოველთვის რაციონალური არ არის. მით უმეტეს, საბამ უკვე იცოდა ანბანი და ციფრებსაც ცნობდა. 2011 წელს ჩატარებულმა ეროვნულმა შეფასებამ აჩვენა, რომ 5 და 6 წლის ბავშვებმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა თანაბარი წარმატებით დაძლიეს.

განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივით, მშობელი საბას სკოლაში დარეგისტრირებას ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით შეძლებს. ეს მას თავიდან ააცილებს სკოლაში მისვლას და ზოგიერთ შემთხვევაში, არცთუ სასიამოვნო რიგში მოხვედრას. რეგისტრაცია 15 აპრილიდან ივნისის შუა რიცხვებამდე იწარმოებს. პროცედურის გავლა სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. ხსენებული წესი საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელისთვის იმოქმედებს. დაწესებულ ვადაზე ადრე, 1-დან 15 აპრილამდე, დარეგისტრირების შესაძლებლობა მხოლოდ იმ ბავშვებისთვის იქნება, ვისი დედმამიშვილიც უკვე სწავლობს კონკრეტულ სკოლაში, ან რომლის მშობლებიც კონკრეტულ სკოლაში მუშაობენ. ამ თვალსაზრისით მათ უპირატესობა ენიჭებათ. ონლაინრეგისტრაციის წესი შარშანაც მოქმედებდა. განსხვავება ისაა, რომ გასულ წელს ეს მხოლოდ სკოლის შენობიდან იყო შესაძლებელი.

ელექტრონული რეგისტრაციის პროცედურა არც ისე რთულია. განათლების სამინისტროს ვებგვერდზე და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საიტზე (www.emis.ge) სპეციალური აპლიკაცია გამოჩნდება. რეგისტრაციისთვის მშობელს შემდეგი ფორმის შევსება მოუწევს: ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ასევე საჭიროა რეგისტრატორის, მეურვის ან განცხადების შემვსების პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია. განათლების სამინისტრო მშობლებს საშუალებას მისცემს, აირჩიონ მხოლოდ ერთი, სასურველი სკოლა. პასუხს, ჩაირიცხა თუ არა ბავშვი სკოლაში, ონლაინრეჟიმში, ყველა ველის შევსების შემდეგ მიიღებთ. სტანდარტული დოკუმენტაციის წარდგენა კი, რომელიც ბავშვის დაბადების მოწმობის, მშობლების პირადობის მოწმობებისა და ბავშვის ფოტოსურათისგან შედგება, რეგისტრაციის შემდეგ, სკოლის კანცელარიაში მოხდება.

მშობლებს, რომელთაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ, სახელმწიფო მისცემს საშუალებას სასურველ სკოლაში მივიდნენ, სადაც რეგისტრაციაში დაეხმარებიან. მათ მისვლა საცხოვრებელი რაიონის რესურსცენტრშიც, ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ბავშვის სასურველ სკოლაში რეგისტრირებისთვის პრიორიტეტი არ მიენიჭება მის საცხოვრებელ ადგილს, რეგისტრაციის მისამართსა და გეოგრაფიულ მდებარეობას. თქვენ არ გექნებათ უპირატესობა, თუ ახლომდებარე სკოლაში აპირებთ ბავშვის რეგისტრაციას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ახლოსაა. ამან, შესაძლოა, ზოგიერთ მშობელს დისკომფორტი შეუქმნას. თუმცა, ეს იმასაც გულისხმობს, რომ საბას რეგისტრაციისას, მის მშობელს არ ექნება ნაკლები შანსი, მისი შვილი მოხვდეს სკოლაში, რომელიც საკუთარ უბანში მდებარე სკოლებზე უკეთესად მიაჩნია, მაგრამ შედარებით შორსაა. უფროსების მოთხოვნა და სკოლის შერჩევის კრიტერიუმი, შესაძლოა, მრავალი და განსხვავებული იყოს. სწორედ ამიტომ, შემოთავაზებული პრინციპი სამართლიანია – მეტი შანსია მოხვდეს ის, ვინც უფრო მალე დარეგისტრირდა.

ონლაინრეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება, კერძო სკოლები პირველკლასელებს ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე იღებენ.

კომენტარები