განათლება

9 წლის ბიჭი ყველაზე ახალგაზრდა სკოლადამთავრებულების სიაში შევიდა

WGAL-TV

ცხრა წლის ბიჭი, დევიდ ბალოგანი პენსილვანიიდან ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საშუალო სკოლა მცირეწლოვან ასაკში დაასრულა. დევიდი კომპიუტერული მეცნიერებებით არის დაინტერესებული და დისტანციური სწავლებით კიბერ სკოლა დაამთავრა. 

ვებსაიტის, oldest.org-ის მიხედვით, დევიდი მეორე ადგილზეა იმ ბავშვების სიაში, რომლებმაც სკოლა ნაადრევად დაასრულეს. ამ კუთხით გინესის რეკორდი მაიკლ კერნის ეკუთვნის, რომელმაც 1990 წელს 6 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა. 

ტელეკომპანია WGAL-თან ინტერვიუში დევიდმა თქვა, რომ მან უკვე იცის რომელი პროფესიის არჩევას აპირებს სამომავლოდ. 

"მსურს ასტროფიზიკოსი გამოვიდე. მინდა, შავი ხვრელი და სუპერნოვა ვიკვლიო". - ამბობს დევიდ ბალოგანი ინტერვიუში. 

დევიდის მშობლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ბავშვის აღზრდა მათთვის დიდი გამოწვევაა. 

სკოლის დასრულების შემდეგ დევიდი კოლეჯში ჩასაბარებლად ემზადება. იგი უკვე გადის უმაღლესი საფეხურის განათლების რამდენიმე საგანს. გარდა აკადემიური განათლებისა, დევიდი კლასგარეშე აქტივობებშიც აქტიურადაა ჩართული. 9 წლის ბიჭი საბრძოლო ხელოვნებას ეუფლება და თავისუფალ დროს ფორტეპიანოზე უკრავს. 

კომენტარები