განათლება

როგორ ბლოკავს კორუფციული სასკოლო სისტემა ახალ კადრებს

განათლება

როგორ ბლოკავს კორუფციული სასკოლო სისტემა ახალ კადრებს

"ამ ქვეყანაში რაღამ უნდა გამაკვირვოს, მაგრამ ეს მაინც ნამეტანია: ერთ-ერთი სკოლიდან მირეკავენ და მეუბნებიან, რომ მათ ვაკანსიაზე გაგზავნილი CV უკან გავიტანო, რადგან ის ადგილი სხვისთვის აქვთ გამზადებული! უარი რომ ვუთხარი, მე მანდ მომსვლელი აღარ ვარ, თუმცა სივის არ გავიტან-მეთქი, მერე სახლში მომაკითხეს!" - დაწერა ლელა ბუხულეიშვილმა Facebook-ის გვერდზე, 2022 წლის 2 დეკემბერს. 

პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - კომენტარების ნაწილი ბუხულეიშვილს სკოლის სახელისა და დირექტორის ვინაობის გამხელას სთხოვდა, ნაწილი კი მსგავს გამოცდილებას როგორც პირადად, ისე კომენტარებში უზიარებდა. ამ ადამიანთა ჯგუფისთვის ლელას პოსტი გაკვირვებას არ იწვევდა, რადგან, როგორც თავად ლელა ბუხულეიშვილი ამბობს, "ვისაც განათლების სისტემასთან აქვს შეხება, ყველამ იცის, რაც ხდება, განსაკუთრებით კი რაიონებში".

ლელა ბუხულეიშვილი

ტაბულასთან საუბარში ლელა ბუხულეიშვილი ამბობს, რომ ფორმალური ვაკანსიების შესახებ ბევრი სმენია და საკუთარ თავზეც გამოუცდია, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა იმით განსხვავდებოდა, რომ სკოლის წარმომადგენლებს ფორმალური გასაუბრების ჩატარებაც კი არ სურდათ, რაც ჯერ დარეკვით და CV-ის გატანის თხოვნით, შემდეგ კი ლელა ბუხულეიშვილის საცხოვრებლის მისამართის გარკვევით და სახლში მიკითხვით გამოხატეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ლელა პროფესიით ფილოლოგია, მასწავლებლის გამოცდებიც ჩაბარებული აქვს და რამდენიმე წელია, რაც რეპეტიტორია, სკოლაში მუშაობის დაწყება მისთვის ურთულეს პროცესად გადაიქცა: "ყველაზე გულანთებულ და მოტივირებულ ადამიანსაც კი სურვილს ჩაუკლავენ. არ ვიცი, რისი იმედი უნდა მქონდეს კიდევ". - წერს ბუხულეიშვილი. 

"მასწავლებლების ვაკანსიები იდება სპეციალურ საიტზე - Teacherjobs.ge ბაღდათის ერთ-ერთმა სკოლამ დადო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსია. მახსოვს, 26 ნოემბერი იყო, შაბათი დღე… თან, ღამის 11 საათი. შეტყობინება მომდის ხოლმე მეილზე და ამიტომ ვნახე. მერე კი გავიგე, რატომაც აარჩიეს ეს დრო. სპეციალურად იყო გაკეთებული, ცოტა ადამიანს რომ ენახა. ეგრევე გავგზავნე ჩემი CV, რა თქმა უნდა. 29 ნოემბრამდე იყო ვადა, ანუ სულ რაღაც 3 დღე. როგორც აღმოჩნდა, ასეთი მოკლე ვადა იმიტომ იყო, რომ მაქსიმალურად ცოტა ადამიანს ენახა". - ასე იწყება ლელა ბუხულეიშვილის ისტორია, რომელსაც ახალგაზრდა მასწავლებელი რამდენიმე თვის შემდეგაც გულისტკივილითა და გაოცებით იხსენებს. 

"29 იყო, ზუსტად მახსოვს, სამშაბათი დღე, როცა დამიკავშირდნენ. სკოლის წარმომადგენელი იყო ქალბატონი, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რომელ ვაკანსიაზეც გაქვს განაცხადი გამოგზავნილი, დირექციის ერთ-ერთი წევრისთვის არის განკუთვნილიო. გამოვიდა, რომ მითხრეს - "აზრი არ აქვს შენს აქ მოსვლას და გასაუბრებას". პირველი არ ყოფილა ეს შემთხვევა, როცა უკვე არჩეული ჰყავთ ხოლმე და იციან, ვინ უნდა დანიშნონ, ამიტომ მივხვდი, აზრი არ ექნებოდა, ტყუილად უნდა დამეკარგა დრო და ნერვები და ნუ, კარგი, არ მოვალ გასაუბრებაზე-მეთქი. არაო, მარტო ეს არ აკმაყოფილებდათ! საერთოდ უნდა გაიტანოთ თქვენი სივიო. მართალი რომ გითხრათ, ეს არც კი ვიცი, როგორ ხდება. არც მიკითხავს და არც დავინტერესებულვარ - ეს უკვე მართლა ზედმეტი იყო. ეს გამორიცხულია, რატომ მაკეთებინებთ ისეთ რაღაცას, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, რაც გინდათ, ის ქენით და ვინც გინდათ, ის დანიშნეთ, მე მანდ აღარ მოვალ, სივის კი არ გავიტან-მეთქი. აქ მორჩა ჩვენი ლაპარაკი".

სამწუხაროდ, ლელას ისტორია აქ არ მთავრდება და საკმაოდ უცნაური განვითარება აქვს:

"არ გასულა რამდენიმე საათი, მეზობელმა რომ დამიძახა. გავედი და ამ სკოლის დირექტორს უკითხავს ჩემი საცხოვრებელი და მოვიდა ჩემთან სახლში. რა თქმა უნდა, მივხვდი, რაზეც იქნებოდა მოსული და როგორ გითხრათ, კარგად გამიგეთ, ძალიან ცუდად გავხდი - აი, ასეთი რაღაც თუ კიდევ ხდება, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და კი მივხვდი, მაგრამ გულში ვფიქრობდი, რომ ნეტა ახლა ის არ მითხრას, რისთვისაც მგონია, რომ მოსულია. იმანაც დაიწყო, რომ “ეს ვაკანსია არის დირექტორის მოადგილისთვის, რომელსაც თავის პოზიციაზე დაბალი ხელფასი აქვს, მე მინდა მას ჰქონდეს ცოტა ნორმალური ხელფასი და გთხოვ, გაიტანე შენი სივი”. მე ვუთხარი, რომ ასეთ რაღაცას არ გავაკეთებდი - მართალია, სკოლაში არ ვასწავლი, მაგრამ რეპეტიტორი ვარ, ბავშვებს ვამზადებ  და ეგეთი რაღაცა ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ბავშვებს თავად ვასწავლი სამართლიანობას და მაღალ მატერიებზე ველაპარაკები, მიუღებელია და ამ ფარსში მონაწილეობის მიღება არ მინდა-მეთქი. ამ კაცმა ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ტყუილად მოვედი საერთოდო და წავიდა გაბრაზებული."

ლელას თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში ითმენდა და საკუთარ გამოცდილებას არავის უზიარებდა, თუმცა მიხვდა, რომ ამხელა უსამართლობის გულში დატოვება საკუთარი თავისა და სხვების წინაშე არასწორი იქნებოდა. ამის მიუხედავად, მან სკოლა და დირექტორი განზრახ არ დაასახელა, რადგან, მისივე თქმით, შეეცოდა იმ ყველაფრისთვის, რაც ამ ამბავს შეიძლებოდა მოჰყოლოდა. 

"მე გამოცდა მაქვს ჩაბარებული, პროფესიული გამოცდა  და უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს. ალბათ, ვისაც ამ ადგილის დაკავება უნდოდა, არ აქვს ეს გამოცდა ჩაბარებული, თორემ ფორმალური გასაუბრების ჩატარებას რა უდგას წინ. სხვა გზა არ ექნებოდათ, მოუწევდათ ჩემი აყვანა. გამოცდის ჩაბარება აუცილებელია - მინიმალური კომპეტენციის, რაც უნდა ჰქონდეს მასწავლებელს."  - ამბობს ლელა. 

მსოფლიო ბანკის 2022 წლის კვლევა, სადაც საქართველოს განათლების სისტემის გამოწვევებია განხილული, ქვეყანაში ეფექტური საგანმანათლებლო სისტემის არსებობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა მასწავლებლების პროფესიონალური შერჩევა, შეფასება და ტრენინგების უზრუნველყოფა. ეს შემოთავაზებები საქართველოს რეალობაში მხოლოდ იდეად რჩება - რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებული და კონკრეტულ ინდივიდებზე მორგებულია. მასწავლებლები განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემად რჩება, რასაც 2022 წლის პროფესიული განათლების სტატისტიკაც ცხადად გვიჩვენებს - პროფესიული უნარების გამოცდაზე 10846 მასწავლებელი გავიდა. აქედან ბარიერი მხოლოდ 2640  მათგანმა გადალახა. გამოდის, რომ 76%-მა დაწესებული მინიმალური კომპეტენციაც ვერ დააკმაყოფილა. შედარებისთვის, 2021 წლის მონაცემებით, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება გამოცდაზე გასული პრაქტიკოსი მასწავლებლების 54%-მა, ხოლო უნარების გამოცდაზე მონაწილეების 57.2%-მა ვერ შეძლო. გამოდის, წლიდან წლამდე შედეგები უარესდება და კვალიფიცირებული მასწავლებლების წილი მცირდება. 

და მაინც, თუკი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ კვალიფიცირებული მასწავლებლების წილი მცირდება, რატომ ვერ იწყებენ მუშაობას ის ახალგაზრდები, რომლებმაც გამოცდებიც ჩააბარეს და, ამასთან, საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის უდიდესი სურვილი აქვთ - ახალი იდეებითა და სწავლების ინოვაციური მოდელებით. 

იმ ახალგაზრდებისთვისაც კი, რომლებიც მზად არიან, მოხალისეობრივად იმუშაონ სკოლებში და მოსწავლეებს თავიანთი ცოდნა გაუზიარონ, განათლების სისტემის სიახლეებისადმი ჩაკეტილი მიდგომა ხელის შემშლელია. 

გიორგი ორკოდაშვილი

გიორგი ორკოდაშვილი რამდენიმე წლის წინ FLEX-ის პროგრამით ამერიკაში სწავლობდა. ტაბულასთან საუბრისას გიორგიმ თქვა, რომ განათლების საკითხებისადმი ინტერესი სწორედ იქ გაუჩნდა - მისი თქმით, როცა ნახა, როგორია ამერიკული განათლება, მიხვდა, რომ საქართველოსა და თანამედროვე, ხარისხიან განათლებას შორის დიდი აცდენაა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოხალისეობრივად ცდილობდა, წვლილი შეეტანა განათლების სისტემის განვითარებაში, თუმცა დაბრკოლებები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. 

"რომ ჩამოვედი, მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ პროექტი, რომელიც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მასწავლებლებისთვის ელექტრონული რესურსების სწავლებას გულისხმობდა. ვასწავლიდით იმ ონლაინ რესურსებს, რომლებიც საკლასო ოთახში შეეძლოთ, გამოეყენებინათ. რეალურად, უფრო საინტერესო, მოსწავლეზე ორიენტირებული და ხარისხიანი რომ გაეხადათ სასწავლო პროცესი… მერე პანდემია დაიწყო და ის მასწავლებლები, რომლებსაც ვასწავლეთ მანამდე, გვიკავშირდებოდნენ და მადლობას გვიხდიდნენ, რადგან მათ საშუალება მიეცათ, ონლაინგაკვეთილები მარტივად ჩაეტარებინათ… 

მერე ის პერიოდი იყო, სწავლა რომ ფაქტობრივად ყველა სკოლაში შეჩერდა იმიტომ, რომ მასწავლებლებს საკმარისი ცოდნა და უნარები არ ჰქონდათ, ხარისხიანი ონლაინ გაკვეთილები ჩაეტარებინათ. როგორც წესი, ზოგიერთი გაკვეთილი Messenger-ში ტარდებოდა, უბრალოდ რეკავდა მასწავლებელი და, ცხადია, რომ ეს შორს იყო ხარისხიანი გაკვეთილისგან. კურსდამთავრებულთა გრანტის ფარგლებში ამერიკის საელჩოს მივმართეთ  და ავიღეთ შედარებით დიდი გრანტი - ერთწლიანი პროექტი, რის ფარგლებშიც ვიმუშავეთ ახმეტისა და ქედის მასწავლებლებთან.

ეს იყო პანდემიის მწვავე პერიოდი. შევქმენით სხვადასხვა ტრენინგ მოდულები, რომლებიც დაეხმარებოდა ამ მასწავლებლებს, რომ ეფექტურად და ხარისხიანად ჩაეტარებინათ ონლაინ გაკვეთილები. ასევე, სამომავლოდაც, როცა დამთავრდებოდა ეს პანდემია და საკლასო ოთახში დაბრუნდებოდნენ, მოსწავლეზე ორიენტირებული, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გაკვეთილები ჩაეტარებინათ. რეალურად ეს მასწავლებლები დავატრენინგეთ ისე, რომ ეს მასწავლებლები, თავის მხრივ, სხვებს ასწავლიდნენ. საბოლოოდ, დაახლოებით 300-მდე მასწავლებელი მოვიცავით".

ამერიკაში ცხოვრებისას გიორგი საგანს სწავლობდა, სახელად "შესავალი მასწავლებლის განათლებაში", რომელიც დაწყებით სკოლაში სტაჟირებით გრძელდებოდა. გიორგის ჰქონდა შესაძლებლობა, მასწავლებლის ასისტენტი ყოფილიყო და მესამეკლასელებისთვის ესწავლებინა. სწორედ აქ მიხვდა, რომ მასწავლებლობა მისთვის საინტერესო იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას მასწავლებლობა არ შეეძლო, რადგან აკადემიური კვალიფიკაცია ამის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გიორგიმ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა ჩააბარა და აქტიურად დაიწყო შესაბამის ვაკანსიებზე განცხადების გაგზავნა. გიორგიმ, სულ მცირე, 30 ვაკანსიაზე გაგზავნა აპლიკაცია, იყო არაერთ გასაუბრებაზე. საბოლოოდ, არცერთი სკოლიდან დადებითი პასუხი არ მიუღია. 

პარალელურად, ეროვნული სასწავლო გეგმისა და გამოცდილების შესაბამისად, შექმნა სილაბუსი - თავისი მეთოდებით, ინოვაციური მიდგომებით. მისი თქმით, გასაუბრებებზე აღტაცებული ჰყვებოდა საკუთარ იდეებზე, როგორ აპირებდა და უნდოდა ესწავლებინა სამოქალაქო განათლება, თუმცა სკოლის წარმომადგენლები თითქოს "უშინდებოდნენ" ამ სიახლეების დანერგვას და ერჩივნათ, სკოლებში არსებული მოდელი შეენარჩუნებინათ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გიორგი მზად იყო, მოხალისეობრივად ეკეთებინა ეს საქმე და მიუხედავად მისი კვალიფიკაციის, განხორციელებული პროექტების და დაუღალავი მცდელობებისა, ქვეყანაში ერთი ისეთი სკოლაც არ გამოჩნდა, სადაც მას სამოქალაქო განათლების სწავლების შესაძლებლობა მიეცემოდა. 

"სანამ ასეთი დახურული იქნება საჯარო სკოლები ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის, ვისაც მართლა უყვარს სწავლება და ბავშვებთან ურთიერთობა, სასკოლო განათლების სისტემა ვერ განვითარდება." - წერს გიორგი ორკოდაშვილი. 

პრობლემა აშკარაა - ქვეყანაში ბევრი კვალიფიცირებული მასწავლებელი არ გვყავს, თუმცა სკოლის კარი მაინც ჩაკეტილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საჭირო უნარებიც აქვთ და, რაც მთავარია, სკოლაში სწავლების სურვილიც. ჩნდება კითხვა: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს.

ტაბულასთან საუბარში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, ვატო ლეჟავა აღნიშნავს, რომ სწავლების ხარისხი, დიდწილად, მასწავლებლებზეა დამოკიდებული. პრობლემის არსს კი ორ ნაწილად ყოფს - სოციალურ-პოლიტიკური ბარიერები და აკადემიური მარწუხები.

"სკოლების პოლიტიზების საკითხი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლები მოიაზრება, როგორც საარჩევნო რესურსი; პირობითად, დირექტორს რომ სთხოვენ, რომ ასეთი უნდა იყოს თქვენი მასწავლებლების პოლიტიკური მრწამსი, ეს გულისხმობს იმასაც, რომ დისკრეცია აქვს მას, ვინ შეუშვას სკოლაში და ვინ - არა. შესაბამისად, დირექტორმა ლოიალური ხალხი უნდა აირჩიოს".

ამასთანავე, ვატო ლეჟავას აზრით, გასათვალისწინებელია მასწავლებლების სოციალური საკითხი. დღესდღეობით, დაახლოებით, 70 000 მასწავლებელი გვყავს - რეალურად, შტატები გაბერილია. დროთა განმავლობაში კი მასწავლებლების ჩანაცვლება არ ხდება. ის არ მიიჩნევს, რომ ასაკთან ერთად ადამიანი პედაგოგიურ უნარებს კარგავს, პირიქით, შეიძლება იძენს კიდეც, თუმცა ზოგადი წესი განათლების სისტემისთვის მაინც მავნებლურია. 

"უკეთესი გამოსავალია, რომ ეს ხალხი გავიდეს პენსიაზე  და სახელმწიფომ ფული,  რასაც სკოლაში უხდის, გადაუხადოს მასწავლებლის პენსიის სახით. ამგვარად სკოლაში მეტი სივრცე გაჩნდება ახალი ადამიანებისთვის. რასაკვირველია, ეს ადამიანები შეიძლება სულაც არ იყვნენ ახალგაზრდები".

ვატო ლეჟავა მასწავლებლობის მსურველებისთვის არსებულ 1-წლიან პროგრამასაც აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ მასწავლებლის არჩევა სკოლას უნდა მივანდოთ. "მესმის, საიდან მოდის ამ პროგრამის არსებობის იდეა. გარდა ნომინალური ცოდნისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს პედაგოგიური უნარები, თუმცა, თუ რომელიმე სკოლის დირექტორი გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ პიროვნებას მასწავლებლად ყოფნის პოტენციალი აქვს, აუცილებელია, მიეცეს შანსი - რასაკვირველია, აყვანის შემდეგ შეიძლება ჩაუტარდეს ტრენინგები, მონიტორინგი, სანამ არ დარწმუნდებიან სანდოობასა და ადამიანის უნარებში, თუმცა ამას უნდა აკეთებდეს სკოლა, ხოლო 60-კრედიტიანი პროგრამა ვერაფერს უშველის".

პრობლემის ორივე ნაწილი საბოლოოდ სკოლის ავტონომიასთან მიდის. თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორის თქმით, აუცილებელია, სოციალურ-პოლიტიკური და აკადემიური ბარიერები მოიხსნას, მერე კი, მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება, ვისაც სკოლაში სწავლების სურვილი ექნება. 

კომენტარები