გამოფენა

ოლეგ ტიმჩენკოს მატყუარა სამკაულები და ქალები

წლევანდელი საგაზაფხულო საგამოფენო სეზონი ისევ ოლეგ ტიმჩენკომ გახსნა. მან 29 თებერვალს კიდევ ერთი წარმატებული პროექტი შემოგვთავაზა თბილისის ცხრა სხვადასხვა გალერეასთან თანამშრომლობით, რომელსაც “ახალმა გალერეამ” უმასპინძლა. ტიმჩენკომ წარმოადგინა თბილისის ცნობილი გალერისტების – ლიკა მამაცაშვილის, ნინო მეტრეველის, ზაირა ბერელიძის, დედიკა ბულიას, არჩილ დარჩიას, ხათუნა მელიქიშვილის, ქეთევან კორძახიას, რუსიკო ოატის და ბაია წიქორიძის ნახევრად შიშველი ნახატების სერია „HOP GALLERISTS”. ნამუშევრების ფასი 25 ათასიდან 50 ათას ლარამდე მერყეობდა.

ტიმჩენკო პროექტის კონცეფციაში წერს, რომ მისი სურვილი იყო აღებეჭდა საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები, რომლებიც უკვე ათეული წლებია დამთვალიერებლებისთვის ათასგვარ გამოფენას აწყობენ. უნდოდა, ისინი ამჯერად უჩვეულო კუთხით ეჩვენებინა, როგორც ლამაზი ქალები და საინტერესო პიროვნებები ინტიმურ გარემოში. არტისტი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს გამოფენა ერთგვარად საეტაპოა მისთვის და ამასთანავე, პატივისცემის გამოხატულებაა ამ ადამიანების მიმართ.

პროექტზე მუშაობა დიდხანს გრძელდებოდა და არაერთხელ გადაიდო, თუმცა არ ვიცი რა სირთულეებთან იყო ეს დაკავშირებული. ალბათ, ისევ ოლეგ ტიმჩენკოს შევსებულ სამუშაო გრაფიკთან. ან, იქნებ, ჯერ კიდევ სკანდალურია ასეთი კოლექციის გამოფენა ნაწილობრივ მაინც ე.წ. აზიატური კულტურის იარლიყის ქალაქში, სადაც, მიუხედავად ყველაფრისა, სხეულთან და სქესთან დაკავშირებით არაერთი სუბკულტურული თუ მასმედია პრეცედენტი მაინც უკვე არსებობს.

ტიმჩენკო ამ ყველაფერს პოეტური კუთხით უდგება და ეს მისი გენერალური ესთეტიკური ხაზისთვის სრულიად არაა უცხო. მისი ნახატების პოეტურ ნარატივებსა და მინიშნებებთან ერთად, გავიხსენოთ, რომ მას რამდენიმე წლის წინ პოეტური კრებულიც აქვს გამოცემული.

ის, რასაც მხატვარი არ ამბობს, ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ – არასოდეს მოგატყუოთ ქალის სხეულის სილამაზემ. ტიმჩენკოს ლამაზი სამკაულების ადრინდელ სერიას რომ თავი დავანებოთ – ის, ვინც ოდესმე ახლოს ყოფილა დაკავშირებული ტრანსავანგარდთან, ვერასოდეს გადაიქცევა შეუმდგარ სენტიმენტალურ პოეტად და ვერც უტვინო სნობად. ტიმჩენკო კვლავ დეკადების მიღმა დარჩენილ ფლუქსუსის მიმდინარეობაზე გველაპარაკება ირიბად და ენთუზიაზმით, საერთოდაც, მთელი თავით არის მასში გადაშვებული; ის ისევ დეკონსტრუქციით და თვითრეფლექსიით ერთობა – გვაჩვენებს და წარმოგვიდგენს გალერისტებს, ანუ მათ, ვინც თვითონაა დაკავებული წარდგენითა და ჩვენებით. როგორც წესი, ისინი გვაყურებინებენ ჩვენ სხვების სურათებს, ამჯერად კი ყველაფერი ფუნდამენტურ ზედაპირამდე დაეშვა – მათ საკუთარ სხეულებამდე. ადამიანის სხეული, და მით უმეტეს გალერისტის – ეს ის ბოლო პუნქტი და საზღვარია, საიდანაც ყველაფერი შენდება – ჩვენ ხომ არასოდეს გვიფიქრია, რომ გალერეები ამ ადამიანების არსებობის დამატება და მათი გაგრძელებაა.

სხეულის ან ზედაპირის, როგორც საწყისი საფუძვლის ჩვენება და წარმდგენის (გალერისტის) წარდგენა (დახატვა) მე ამ პროექტში მთავარ ელემენტებად მიმაჩნია. სერია პოსტმოდერნისტულად შეიძლება ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვრცელი ნამუშევრები პორტრეტებია და ტილოებზე ზეთით არის შესრულებული. მიუხედავად ოლეგ ტიმჩენკოს მორიდებული და პოეტიზირებული განცხადებებისა, ის საკმარისზე მეტად სოფისტიკურია – მთავარ მოტივატორად იდეის იმპულსი გვევლინება და არა ესთეტური ნარცისიზმი. ავტორი ყოველთვის ახერხებს ოსტატურად და არა ბოროტად მოატყუოს დამთვალიერებელი – ის, ვინც ფლუქსუსის, ან დადაიზმის სიმარტივეში აზრი და სილამაზე ვერ დაინახა და კვლავ უშინაარსო და დამაწყნარებელი დეკორაციების თვალიერება სურს.

მეორე მხრივ, საინტერესო მომენტია, რომ ეს პოპარტისტული სერია, ალბათ, მხოლოდ ადგილობრივად გამოიყურება აქტუალურად, გლობალურ კონტექსტში კი შეიძლება დევალვაცია განიცადოს. ამ კონცეფციის მიღმა – გააშიშვლო თბილისელი გალერისტები – შეიძლება ცალკე ნახატებმა ვერ იმუშაოს. აქ ხომ მნიშვნელოვანია კონკრეტული, რეალური კონტექსტი, თბილისში არსებული გალერეები და, ასევე, დედაქალაქის რეაქცია მოცემულ ისტორიულ მომენტში. ოლეგ ტიმჩენკოსთან ერთად გალერისტებიც აქტივისტური არტის და აქციის თანამონაწილეები გახდნენ. მიუხედავად ნახატების თავისთავადი სილამაზისა და ოსტატური ჰარმონიისა, დღეს მოდელების სტუდიური პოზირებების ფოტოები ან ქალების დახატვა სარისკო საქმეა. ასეთი მცდელობები, როგორც წესი, მძიმე სიცარიელით და ვაკუუმით ავსებს მაყურებელს. სიცარიელე ამ ნამუშევრებშიც არის, ოღონდ ეს სიცარიელე მსუბუქია და ბუნებრივი. როგორც ტიმჩენკოს ადრინდელი სამკაულების სერიის შემთხვევაში, ეს ქალები თითქოს ნამდვილები არ არიან და სადღაც მიღმიერ და ისტორიის დონეზე დარჩენილან. ეროტიკულობაცაა მათში და ბოჰემური და დეკადენტური მგრძნობელობაც, თუმცა მაინც პოპარტისტული ესთეტიკითაა შესრულებული. პოპი ძალებს არ კარგავს და ეს ტიმჩენკომ კარგად იცის. ამიტომაც, შეიძლება ეს ნახატები გლობალურადაც აქტიური

გახდეს – ბოლოს და ბოლოს, იმის მოყოლაც ხომ შეიძლება ანოტაციაში, რომ არსებობს ასეთი ქალაქი – თბილისი, იქ გალერეებია, რომლებიც ცდილობენ ინტეგრაციას უცხოეთთან და ასევე მხატვრები, რომლებმაც ეს ინდივიდუალურად უკვე მოახერხეს.

მონაწილე მოდელი გალერისტები შეთანხმდნენ, რომ ინტერვიუ არავის მისცენ. აი, თავად ნახეთ, ბაია წიქორიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: ბაია წიქორიძე (გალერისტი, ბაია და ახალი გალერეა): არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ – არ და ვერ.

როგორც გამოცდილი და წარმატებული გალერისტი, ალბათ, მიიჩნევს, რომ ეს გამოფენა მაინც სოციალურად დამუხტულია და ზედმეტი ხმაური არასასურველია. სხვაგვარად მისი დუმილი წარმოუდგენელი უნდა იყოს. მართალია, გალერეებში მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ხვდება და სატელევიზიო არხებიც მხოლოდ ფრაგმენტულად აშუქებენ კულტურის ამბებს, სამაგიეროდ, ინტერნეტის სოციალური ქსელები საკმაოზე მეტადაა გააქტიურებული და, შესაბამისად, რეაქციის ალბათობა მაინც არსებობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი გალერისტების თანხმობა მონაწილეობაზე ორმაგად დატვირთული გამოდის – ერთი მხრივ, ისინი ეხმარებიან მხატვარს როგორც მოდელები და, მეორე მხრივ, როგორც გალერისტები, მხატვართან ერთად აქციის სრულუფლებიანი თანაავტორები გამოდიან, რადგან უბრალო მოდელებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობა სწორედ მათზე უფროა, ვიდრე მხატვარზე.

მთავარი ძვრები და წინსვლა ყოველთვის მგრძნობელობის სფეროდან ხდება და არა მშრალი ინტელექტუალიზმის. ამჯერადაც მხატვარი და გალერისტები იღებენ ინიციატივას, კიდევ უფრო მეტად გათავისუფლდეს საზოგადოებრივი აზრი სხეულზე აკვიატებული ფობიებისგან და მეტად შეძლოს საკუთარი, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, თუნდაც, უბრალოდ, ადამიანური იდენტობისა და ინტერესების გამოხატვა. ასე იყო ადრეც, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და ასე აღმოჩნდა დღესაც, როდესაც პოსტსაბჭოთა პერიოდის დასრულების დრო დადგა.

ზაირა ბერელიძე (გალერისტი, გალერეა ვერნისაჟი): მე დავთანხმდი ოლეგს ვყოფილიყავი მისი მოდელი, რადგან პროექტი ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა და, ცხადია, მინდოდა ხელი შემეწყო მისთვის. მე გავეცანი მის კონცეფციას, აი, რაც ყველამ წაიკითხა გამოფენის კატალოგში და დღესაც მთლიანად კმაყოფილი ვარ ამ პროექტის განხორციელებით.

დედიკა ბულია გამოფენაზე დარბაზის ბოლოში ორი პორტრეტით იყო წარმოდგენილი, რაც ექსპოზიციის კომპოზიციას ამშვენებდა შემოსასვლელში დაკიდებულ “დიანას” სიმბოლურ პორტრეტთან უნისონში. მანვე ყველაზე ვრცელი და გულწრფელი კომენტარი გააკეთა.

დედიკა ბულია (გალერისტი, გალერეა გალა): ეს იყო ოთხი წლის წინ. მე ვგიჟდებოდი ია ტიმჩენკოს ნიუზე, მაგრამ არ ყიდდა. გადავწყვიტე მისი “დიანას” შეძენა, მაგრამ დილით ბაიამ დამასწრო. მერე ოლეგმა შემომთავაზა, თუ გინდა შენ დაგხატავ, თანახმა ხარო? მეორე დღესვე მივედი და მაშინ დაიხატა ჩემი სურათები. ეს ნამუშევრები შემდეგ ნახეს ბაიამ და ზაირამ და მათაც მოუნდათ მონაწილეობა. მერე ოლეგმა გადაწყვიტა გაეკეთებინა სერია. ოთხი წლის შემდეგ კი ყველაფერი ამ შესანიშნავი გამოფენით და ხათუნა მელიქიშვილის ნიუთი დაგვირგვინდა.

ყველა სიხარულით მიდიოდა ოლეგთან დასახატად და ეს მხოლოდ დიდ მხატვრად აღიარების დასტურია გალერისტების მხრიდან. ოლეგის სახელი და შემოქმედება უკვდავია, მან უკვდავი გახადა ყველა ჩვენგანი, სანამ საქართველო და ქართული არტი იარსებებს, მანამ ვიარსებებთ ჩვენც. ეს სიყვარულისთვის, პატივისცემისთვის გაკეთებული პროექტია.

 

კომენტარები