ჩოგბურთი

როტერდამის დღიური

როჯერ ფედერერის სამი შანგრი ლა წელს ლონდონში იქნება. ჯერ უიმბლდონი და ბოლოშია მასტერსის თასი, რვა ყველაზე კარგი ბიჭი რომ იკრიბება და პრივატულ წრეებში მაგარი გარჩევები მიდის. შუაშია ოლიმპიადა. ფედერერს ოლიმპიური ბონუსი ოთხი წლის წინ, პეკინში აქვს მოხსნილი. ლონდონში ფედერერზე კინოინდუსტრიის ფედერერი, მისტერ გაი რიჩი დადის. როჯერი ოლიმპიადაზე ორჯერ ჩავიდა. 12 წლის წინ, სიდნეიში წააგო ერთეულებში, მეოთხე ადგილზე გავიდა და მოიგო პირადულში. სიდნეიში როჯერს ტომი ჰაასმა 6:3, 6:2 შეუსრულა. როჯმა წააგო ფრანგ არნო დი პასკუალესთან ტესტი მესამე ადგილისთვის და დაჯილდოების დროს დაინახა მიროსლავა ვავრინეცი. ადრე ერთმანეთს ხვდებოდნენ, უმესიჯებდნენ. მერე როჯმა მირკასთვის ვერ მოიცალა და ჩოგბურთს მიხედა. ლონდონიდან ყველაფერი ახლიდან აგორდა. მირკა ფედერერის ცოლი გახდა.

19 თებერვალს როჯერი როტერდამში იყო. ამ ტურნირზე ადრე უფრო სერიოზული ხალხი ჩადიოდა. მერე შეიცვალა სპონსორი, შეიცვალა პირველი ათეულის ხალხის ინტერესი და როტერდამში ისე რა შემადგენლობამ დაიწყო სიარული. ამჯერად როტერდამში ფედერერი, ტომაშ ბერდიხი, იანკო ტიპსარევიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო არიან. ოთხივე პირველ ათეულში ზის. ოთხივე საინტერესო ფიგურაა. 19 თებერვალს როტერდამის ფინალი იყო.

ფინალის დღეს როჯერმა ბევრი რაღაც მოასწრო:

დილის ვარჯიში პოლ ანაკონესთან ერთად. პოლი ადრე პიტ სამპრასის მწვრთნელიც იყო. ერთ საათში ანაკონემ ფედერერი აზრზე მოიყვანა. როჯმა კარგად ივარჯიშა.

ფედერერი ისვენებს. მირკამ კაფეში შემოიხედა. იქვეა როჯერის მეორე მწვრთნელი, სევერენ ლიუთი. სევი უფრო ფსიქოლოგია. დილის ვარჯიშის მერე, ნახევარი საათით როჯერი ლიუთისთან მიდის. ფინალის წინ აუცილებელია.

რიხარდ კრაიჩეკი როტერდამის ტურნირის დირექტორია. კრაიჩეკმა ადრე, 16 წლის წინ უიმბლდონზე პიტ სამპრასს მოუგო. რიხარდი ცნობილი ჰოლანდიელია, უიმბლდონი აქვს მოგებული. ნახევარი საათი ფედერერმა კრაიჩეკსაც დაუთმო. წაიჭორავეს. მერე კიდევ წაიჭორავებენ.

როჯერი სასტუმროში ბრუნდება. ჯერ დასვენება და მერე ხილის სალათი უნდა ჩაიფინოს. სალათში ბევრი კივია. როჯერს კივი უყვარს. სალათს მირკა აკეთებს. როჯერს მირკაც უყვარს.

საღამოს ფედერერი კორტზე კიდევ ერთხელ უნდა გავიდეს. გუშინ, როჯმა ნახევარფინალში მელოტი რუსი, კოლია დავიდენკო დაამშვიდა და დღეს, ფინალში მაღალი არგენტინელი, დელ პოტრო უნდა წაიკითხოს. წაიკითხავს.

დაიწყო ფინალი. პოლ ანაკონეს სასტუმროში თავისი კეპი დარჩა. მეორე გეიმიდან პოლი სასტუმროში მიდის და პირველ სეტს ვერ ესწრება. როჯერმა პირველი სეტი 6:1 მოიგო. ანაკონე მეორე სეტის ბრეიქზე ბრუნდება. ფედერერი თამაშობს, ისვენებს, დაჯილდოებისთვის ემზადება.

ფედერერმა 6:1, 6:4 დასვა. კრაიჩეკმა არ გადააგდო, დაჯილდოებაზე მივიდა და დააჯილდოვა. დელ პოტრომ როჯს ჯერ ხელი მოუთათუნა, მერე ჩოგანი. მიულოცა. როჯმა ხუანი სასტუმროში, მირკას სენდვიჩებზე დაპატიჟა.

როტერდამის დღიური დაიხურა. თითქოს წასული როჯერი დაბრუნდა, ფორმაშია და ლონდონისთვის ემზადება. ამით ჩოგბურთი მხოლოდ მოიგებს.

კომენტარები