ოპოზიცია

ახალი მემარჯვენეები დასუფთავების სამსახურის შექმნის წინააღმდეგ

ახალი მემარჯვენეები დასუფთავების ახალი სამსახურის შექმნას და მუნიციპალიტეტებისთვის ამ ფუნქციის ჩამორთმევას არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.

 როგორც პარტიის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, გიორგი ასათიანმა, ქუთაისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი სამსახურის სახით იქმნება მონოპოლისტი ამ სფეროში, რაც გამორიცხავს კონკურენციას და აუცილებლად გაზრდის ფასებს, საბოლოოდ ეს ყველაფერი ისევ მოსახლეობას დააწვება ზურგზე.

"როგორც წესი, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნაგავსაყრელების მოწყობა, დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება", - აღნიშნა ასათიანმა.

მისივე განცხადებით, თვითმმართველობებისთვის ფუნქციების ჩამორთმევა და უკიდურესი ცენტრალიზება ამ ორგანოების არსებობას ფიქტიურს ხდის, მაშინ, როცა სწორედ ეს ორგანოები უნდა ძლიერდებოდნენ და ადგილებზე ეფექტურად წყვეტდნენ პრობლემებს.

საქართველოში დასუფთავების პრობლემების მოსაგვარებლად ახალი სამსახური იქმნება. შესაბამისი ცვლილება "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შედის, რომლის თანახმადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის პირველ აპრილამდე, სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, კერძო სამართლის იურიდიული პირი უნდა დააფუძნოს და მისი 100%-იანი წილი, მართვის უფლებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადასცეს.

 

 

კომენტარები