ქრისტიანობა

მსოფლიოს ყველაზე დევნილი რელიგია

წლის ქრისტიანს, ზაქარია ჰუსეინ ომარ ალ-შაბააბის სომალელმა ბოევიკებმა თავი რამდენიმე დღის წინ მოკვეთეს. გვამი მეგობარმა ამოიცნო. მისივე განცხადებით, ომარმა იცოდა, რომ სიკვდილი ელოდა – ქრისტიანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელშიც ის მუშაობდა, ბოევიკებმა წინა წელს ამოიღეს სამიზნეში. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები მსოფლიო მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენენ, მათზე ძალადობა ჯერ კიდევ არ არის წარსული. მეტიც, მსოფლიოში აღმსარებლობის ნიშნით დევნის 75% სწორედ ქრისტიანებზე მოდის.

Pew Forum-მა შარშან აღმოაჩინა, რომ 200 მილიონამდე ქრისტიანი პლანეტის იმ ასზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მათ საკუთარი რწმენის აღიარება ძვირად უჯდებათ. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მასიმო ინტროვერნეს მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ 100 ათასი ადამიანი სწორედ იმიტომ კვდება, რომ ქრისტიანია.

ქრისტიანთა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Opeen Doors-ის 2012 წლის რეიტინგში, ქრისტიანობის ყველაზე სასტიკ მდევნელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური რეჟიმი იკავებს. მრავალი წლის განმავლობაში, ამ ქვეყნის ქრისტიანულ თემთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საბოლოოდ, კატაკომბურ ეკლესიასთან კავშირის დამყარება შეძლეს. სხვადასხვა მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში 50 ათასიდან 70 ათასამდე ქრისტიანი საკონცენტრაციო ბანაკებშია თავმოყრილი და გარდაუვალი სიკვდილი ელის. ქვეყანაში ბიბლიის ქონაც კი, შეიძლება, სასიკვდილო განაჩენის გამოტანის საბაბი გახდეს. ქრისტიანთა გამოსავლენად სახელმწიფო მრავალ ხერხს მიმართავს. მასწავლებლები სკოლაში ბავშვებს აიძულებენ გათქვან, თუ შეამჩნევენ, რომ მათი მშობლები „შავ წიგნს” კითხულობენ ან იესოს სახელს ახსენებენ.

ორი წლის წინ, კორეის ხელისუფლებამ 23 ქრისტიანი დააპატიმრა. მათგან რამდენიმე სახალხოდ ჩამოახრჩვეს, ხოლო დანარჩენები ჰამკიუნგის სამხრეთ პროვინციაში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესეს. „პატიმრებს საქონელზე ცუდად გვეპყრობოდნენ. ვხედავდი, თუ როგორ იღუპებოდნენ ქრისტიანები შიმშილისა და დაავადებებისგან. გავხდი არაერთი სიკვდილით დასჯის მომსწრეც. ვინც ცოცხალია, მოჩვენებას ჰგავს”, – მოუყვა Opeen Doors-ს ჩრდილოეთ კორეის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ჩრდილო კორეაში ქრისტიანთა ყოფას, რომის იმპერიაში პირველქრისტიანთა ბედს შევადარებთ.

პირველი სამი საუკუნის მანძილზე, სანამ იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებდა, ისინი იმპერატორის ღმერთად აღიარებაზე უარს ამბობდნენ. ამის გამო კოლიზეუმის ლომების საკვები ხდებოდნენ. ჩრდილოეთ კორეაში კიმ ირ სენის კულტია. ის 16 წლის წინ მოკვდა, მაგრამ როგორც ქვეყნის გამათავისუფლებელს, კორეელმა ხალხმა საღვთო პატივი უნდა მიაგოს. ამ იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ მტრად ქრისტიანობაა გამოცხადებული.

ჩრდილოეთ კორეას რეიტინგში ავღანეთი, საუდის არაბეთი, სომალი და ირანი მოსდევს. ქრისტიანები ძირითადად ისლამურ ქვეყნებში იდევნებიან. წინა წელს, ამ თვალსაზრისით, არაბული გაზაფხულის ქვეყნებში, მაგალითად, ეგვიპტესა და ლიბიაში, მდგომარეობა გაუარესდა. ჩრდილოეთ და ცენტრალური აფრიკა ქრისტიანთა დევნის თვალსაზრისით ახალ „სიმაღლეებზე” ავიდა. სუდანმა და ნიგერიამ, ეგვიპტის მსგავსად, რეიტინგში რამდენიმე საფეხურით წაიწიეს წინ. პაკისტანის ქრისტიანულ უმცირესობას, ყოველწლიურად უფრო დიდი ძალადობისა და დევნის გადატანა უწევს. უნდა ითქვას, რომ რეიტინგში უარესიდან – ნაკლებ უარესამდე ქვეყნებს შორის მყიფე ზღვარი არსებობს. მონაცემები ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზეა შედგენელი. სავარაუდოდ, რიგ შემთხვევებში, ის ტრაგედიის სრულ სურათს ვერ ასახავს.

ნიგერიას აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული უმცირესობა ჰყავს (40%). წლების მანძილზე მუსლიმები და ქრისტიანები ქვეყანაში სამოქალაქო ომის ზღვარზე ცხოვრობენ. ისლამისტი რადიკალები ნიგერიაში ქრისტიანებს ყველა ფორმით ებრძვიან. მათ შორის ყველაზე ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამია. ამ უკანასკნელს ქვეყანაში შარიათის კანონების დამკვიდრება და ქრისტეს მიმდევართა განადგურება სურს. წინა თვეს ბოკო ჰარამმა 54 ქრისტიანი მოკლა. ხოლო 2011 წელს ამ ორგანიზაციის წევრებმა ხუთასამდე ქრისტიანი დახოცეს და 350 ეკლესია გადაწვეს. შობა ღამეს ისინი საშობაო მესაზე შეკრებილ კათოლიკეებს დაესხნენ თავს. ტერორისტები ნიგერიაში კლავენ ყველა ქრისტიანს – პოლიტიკოსს, სტუდენტს, პოლიციელს, ჯარისკაცს და, ასევე, იმ მუსლიმ სასულიერო პირებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ ხმის ამოღებას ბედავენ. საერთაშორისო საზოგადოებამ ნიგერიული სამხედრო ძალების კონტრტერორისტულ ღონისძიებებში მომზადება დაიწყო.

წლის ივლისში, ქრისტიანთა უმრავლესობით დასახლებული სამხრეთ სუდანი ჩრდილოეთს გამოეყო. ამან ჩრდილოეთში მცხოვრები ერთმორწმუნეების კიდევ უფრო იზოლირებას შეუწყო ხელი. წლების მანძილზე ქვეყანა ქრისტიანებისა და ანიმისტების დევნით იყო დაკავებული, რაც 2003 წელს დარფურის გენოციდით დასრულდა. მართალია, ომარ ალ-ბაშირი, ჩრდილოეთ სუდანის ლიდერი, ჰააგის ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო, მაგრამ ამან სისასტიკე ვერ შეაჩერა. სამხრეთში მცხოვრები ქრისტიანები სისტემატურად იბომბებიან და

მიზანმიმართული შეტევების შედეგად კვდებიან. ხშირია ბავშვთა გატაცების შემთხვევები, რომლებიც არცთუ იშვიათად უკვალოდ ქრებიან. გაეროს მოხსენებების მიხედვით, 70 ათასამდე ქრისტიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ათი წლის მანძილზე რელიგიური ნიშნით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს მილიონამდე ქრისტიანი და ანიმისტი ემსხვერპლა.

ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეგვიპტეში ქრისტიანებზე მასობრივი შეტევები დაიწყო. ქრისტიანი კოპტები ქვეყნის მოსახლეობის 11%-ს შეადგენენ. ისლამისტების მიერ ხალხით სავსე ეკლესიების აფეთქების, მასობრივი მკვლელობებისა თუ გაუპატიურებათა წინააღმდეგ, ისინი საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ. 9 აპრილის მანიფესტაციის დროს, ეგვიპტის უსაფრთხოების ძალები სატვირთო მანქანებით შევარდნენ ხალხში და ცეცხლი გახსნეს. 24 ადამიანი დაიღუპა და 300 დაიჭრა. წლის ბოლოს, 200 ათასმა კოპტმა სიკვდილის შიშით საცხოვრებელი სახლები დატოვა. ბოლო არჩევნების შედეგებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისლამისტები უფრო დიდ ძალაუფლებას მიიღებენ. კოპტების მდგომარეობა სამომავლოდ შეიძლება უფრო დამძიმდეს.

Pew Forum-ის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა ამ რეგიონში იშვა, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ქრისტიანთა საერთო რაოდენობის 1% ცხოვრობს. აქედან ნახევარი სუდანსა და ეგვიპტეზე მოდის. დამძიმებული სიტუაციის გათვალისწინებით, მათი რიცხვი სამომავლოდ შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. მსგავსი სიტუაციაა ერაყის ასირიულ-ქალდეურ თემში. ქრისტიანთა რაოდენობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მეოცე საუკუნიდან დღემდე – 20%-დან 5%-მდე შემცირდა. პირველ ათასწლეულში, ისლამის გავრცელებამდე კი ქრისტიანები აქ მოსახლეობის ძირითად ნაწილს წარმოადგენდნენ. ხუთი უძველესი საპატრიარქოდან ოთხი – იერუსალიმი, ანტიოქია, ალექსანდრია და კონსტანტინოპოლი ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს. მეთხუთმეტე საუკუნეში კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა.

2003 წლიდან, ტერორისტული აქტების შედეგად, ბაღდადში 900-ზე მეტი ერაყელი ქრისტიანი მოკვდა. ასირიელი ქრისტიანების საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ათი წლის მანძილზე, ქვეყანაში სამოცდაათამდე ეკლესია დაიწვა. ამერიკული ჯარების მიერ ერაყის დატოვების შემდეგ, შესაძლოა, ერაყში ქრისტიანების კვალი გაქრეს. ქვეყანას ქრისტიანები ტოვებენ.

პაკისტანში ქრისტიანული მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. უმნიშვნელო რაოდენობის გამო, ქრისტიანული თემი გამუდმებულ შიშში ცხოვრობს – არამხოლოდ პაკისტანელი ექსტრემისტების გამო. ქვეყანაში მკრეხელობის ამკრძალავი კანონები მოქმედებს, რომელიც არაისლამური რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენება. მკრეხელობის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია ინტერპრეტატორის ნებაზე. მაგალითად, ქრისტიანი შეიძლება სამების აღიარების გამო დაისაჯოს, რადგან ტრინიტრაული მონოთეიზმი ეწინააღმდეგება მუსლიმური თეოლოგიის უკიდურეს ერთღმერთიანობას. ამგვარ „მკრეხელობად”, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ქრისტიანულ სწავლებას მიიჩნევენ. თუ ქრისტიანს უპოვიან ხატს, სადაც ის წმინდანია გამოსახული, რომელსაც მუსლიმები წინასწარმეტყველად აღიარებენ, შესაძლოა ესეც სიკვდილით დასჯის საბაბად იქცეს. მუსლიმები ადამიდან – ქრისტემდე ბიბლიურ პერსონაჟებს საკუთარ წინასწარმეტყველებად აცხადებენ, შესაბამისად, მათთვის მიუღებელია ქრისტიანული ჯვარცმაც კი. თუმცა ხშირად ამ წესებს უგულებელყოფენ – ექსტრემისტები ვერ არჩევენ, არის თუ არა ხატზე გამოსახული სწორედ ის წმინდანი, რომელიც მათი თაყვანისცემის ობიექტია.

ცოტა ხნის წინ ქრისტიან ქალს წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. როცა საერთაშორისო საზოგადოებამ დაარწმუნა გუბერნატორი პენდჯაბ სალმან ტასირი, მოეძებნა ქრისტიანის გათავისუფლების გზა – ის საკუთარმა დაცვის წევრმა მოკლა. დაცვის წევრი ისლამისტურმა ორგანიზაციებმა გმირად გამოაცხადეს. მოსამართლეზე, რომელმაც დანაშაულისთვის მას სიკვდილი შეუფარდა, ისლამისტურმა ორგანიზაციებმა ნადირობა დაიწყეს. ის დღესაც იატაკქვეშეთში იმალება.

აზიის ქვეყნებს შორის ჩინეთს ყველაზე დიდი, 80-120 მილიონამდე ქრისტიანული მოსახლეობა ჰყავს. დაშვებულია სულ ხუთი რელიგია: დაოიზმი, ბუდიზმი, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და ისლამი. რელიგიური თემი პარტკომმა უნდა დაარეგისტრიროს. ამგვარად ჩამოყალიბდა რელიგიურ-პატრიოტული ასოციაციები. ხელისუფლებას განსაკუთრებით აშფოთებს ისეთი რელიგიური ინსტიტუტები, რომელთაც ცენტრი საზღვარგარეთ აქვთ. მაგალითად, კათოლიკეებს ეკრძალებათ რომის პაპთან ნებისმიერი ურთიერთობა. სასულიერო პირები, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ დანებდნენ, იატაკქვეშეთში აღმოჩნდნენ, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩინეთი მათ რიცხვშია, ვინც ქრისტიანებს მკაცრ შეზღუდვებს უწესებს. ამ სახელმწიფომ Open Doors-ის რეიტინგში ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, სხვა ქვეყნებში მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე.

ჩვენი ქვეყანა ქრისტიანთა დევნის რეიტინგში არ არის. საქართველომ წინა წელს აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. პრობლემები უმცირესობებს შეეხებათ, თუმცა რელიგიური თავისუფლება ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვან ეკლესიასაც ეზღუდება. ქრისტიანთა კონფესიური ნიშნით დევნად შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციაც. მართალია, აქ სხვადასხვა მართლმადიდებლური, სქიზმატური ჯგუფი, ჩინური პატრიოტული ორგანიზაციების მსგავსად, სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები ტერიტორიიდან არიან განდევნილნი. ხშირია მკვლელობისა და გატაცების ფაქტები – უკანასკნელად, ორი კვირის წინ, ოკუპანტებს მამა იოანა მაისურაძე გამოსტაცეს. ამ მხრივ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დევნილი კონფესიაა. მიუხედავად ამისა, მის წიაღში მოღვაწე რამდენიმე ფუნდამენტალისტური დაჯგუფება, მაგალითად, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, სხვადასხვა დროს აქტიურად დევნიდა ქრისტიანულ კონფესიებს. მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში, როგორც წესი, დუმილით ხვდება თავისი მრევლის მხრიდან შეუწყნარებლობის გამოვლინებებს. ქრისტიანთა მიერ ნებისმიერი შეუწყნარებლობა და დევნა, ამ რელიგიის ფუნდამენტური პრინციპების ღალატია – მისმა დამაარსებელმა სიცოცხლე ჯვარზე დაასრულა. ქრისტიანებმა საკმარისი გაკვეთილი უნდა მიიღონ არა მხოლოდ პირველქრისტიანთა დევნისგან, არამედ თანამედროვე მოწამეებისგანაც. თანამედროვე სამყაროში ქრისტიანთა დევნის გათვალისწინებით, ეკლესიამ, როგორც ჯგუფმა, უნდა გაიაზროს, რომ ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა მისი სასიცოცხლო ამოცანაც არის.

მსოფლიოს ორ მილიარდამდე ქრისტიანი, განსხვავებით მუსლიმებისგან, ნაკლებ მობილიზებულია პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ერთმორწმუნე ძმების დევნის შესაჩერებლად. მუსლიმები, როგორც წესი, საკუთარი ქვეყნების ფინანსური და პოლიტიკური დახმარებით სარგებლობენ. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე ეკლესია მსოფლიოს ყველაზე ცენტრალიზებული რელიგიური ინსტიტუტია, რომელსაც მილიარდზე მეტი მრევლი ჰყავს, დევნილი ქრისტიანების მიმართ გულგრილობის დაძლევა და ქრისტიანთა მობილიზება ჯერჯერობით ვერც მან მოახერხა. ისლამურმა ლობიმ დასავლეთში ტერმინი – ისლამოფობია დაამკვიდრა, რაც ქსენოფობიური გამოვლინებების ისეთ თანრიგში განიხილება, როგორიცაა ჰომოფობია, რასიზმი ან ანტისემიტიზმი. რასაკვირველია, მუსლიმების მიმართ შეუწყნარებლობა რეალური მოვლენაა, მაგრამ, როგორც დავინახეთ, ის ახლოსაც ვერ მივა პლანეტაზე მზარდი ქრისტოფობიის მასშტაბებთან. დასავლური პრესისა და ლიდერების დუმილს კი ერთგვარი თვითცენზურა განაპირობებს – მუსლიმურ ქვეყნებში ქრისტიანთა დევნის გაშუქება, მუსლიმების მიმართ სტიგმის გაღრმავების შიშით იბლოკება. სინამდვილეში კი, ქრისტიანებზე მიტანილი შეტევები, არა რელიგიათშორისი კონფლიქტი – არამედ ამ რელიგიის წარმომადგენელთა დევნა და ჩაგვრაა.

 

კომენტარები