აზერბაიჯანი

ირანის სპეცსამსახური ბაქოში ისრაელის ელჩზე ტერაქტს ამზადებდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში, რამდენიმე კვირის წინ, ისრაელის ელჩის მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. აზერბაიჯანის უშიშროების მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთ დამნაშავეს ირანის სპეცსამსახურებთან ჰქონდა კავშირი. მას ამარაგებდნენ იარაღით და  ელჩის მკვლელობის შემთხვევაში შესაბამის ანაზღაურებასაც ჰპირდებოდნენ. ვარაუდობენ, რომ ეს ირანის პასუხი იყო  ბირთვულ პროგრამაში ჩართული მეცნიერის მკვლელობისთვის. თეირანი ისრაელს ადანაშაულებს. 

ირანი პირველად არ არის ბრალდებული შეკვეთილ მკვლელობაში. რამდენიმე თვის წინ აშშ-ში აღკვეთეს შეთქმულება – ისრაელისა და საუდის არაბეთის საელჩოებზე თავდასხმა იგეგმებოდა.

საგულისხმოა, რომ ირანმა ანგარიშის გასწორება სწორედ აზერბაიჯანში სცადა. ეს უკანასკნელი, ალბათ ყველა სხვა ისლამური ქვეყნისგან განსხვავებით, ისრაელთან მჭიდრო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო კავშირს ინარჩუნებს.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის 1/3-ს ისრაელი აზერბაიჯანისგან იღებს; 2008 წელს აზერბაიჯანის ექსპორტმა (ძირითადად, ნავთობი) ისრაელში 3.6$ მილიარდი შეადგინა. ეს ქვეყნები თავდაცვით სფეროში, მაგალითად,  უპილოტო თვითმფრინავების წარმოებაში თანამშრომლობენ. ისრაელს აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მოდერნიზებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. აზერბაიჯანის სიდიდით მეორე სატელეფონო ოპერატორი, ისრაელიდან შემოდინებული ინვესტიციების შედეგია.  

ირანის მხარის უარყოფითი დამოკიდებულება ისრაელ-აზერბაიჯანის დაახლოებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია. თეირანი ყველანაირად ცდილობს გაწყვიტოს მისთვის სახიფათო კავშირი. ის ვერ შეძლებს რეგიონალური ლიდერის როლის შესრულებას, თუ ბაქო და იერუსალიმი ზედმეტად დაახლოვდებიან. ნიშანდობლივია, რომ ისლამური რესპუბლიკისთვის, სეკულარული აზერბაიჯანის არსებობაც კი, უსიამოვნო ფაქტია, იმის გათვალისწინებით, რომ ირანის მოსახლეობის 16% ეთნიკურად აზერბაიჯანელია. ამასთანავე, აზერბაიჯანიცა და ირანიც შიიტური ქვეყნებია. 

რელიგიური სოლიდარობის გამოა, რომ დღეს ისრაელში არ არსებობს აზერბაიჯანის საელჩო, ხოლო ბაქო საერთაშორისო არენაზე ძირითადად ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციებს აძლევს ხმას. თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ეს არ მოქმედებს. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი WikiLeaks-ის დოკუმენტების მიხედვით იტყოდა, მათი ურთიერთობა აისბერგის მსგავსია: ცხრა მეათედი ზედაპირს ქვეშაა.

მდგომარეობა უფრო მძიმეა აზერბაიჯანის მოკავშირე ქვეყნის, თურქეთის შემთხვევაში. თუ ირანის მოთხოვნებს აზერბაიჯანი ასე თუ ისე უმკლავდება, თურქეთის მოთხოვნებს ის გულგრილად ვერ შეხვდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება დილემის წინაშე დადგა. ისრაელსა და თურქეთს შორის  ურთიერთობა დაიძაბა. ისრაელის არმიამ, 2010 წელს იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ გემზე, რომელსაც პალესტინელთა ტერიტორიაზე ტვირთი მიჰქონდა. შედეგად თურქეთის რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა.  თურქეთმა ისრაელს ბოდიშის მოხდა და ღაზის სექტორზე ემბარგოს მოხსნა მოსთხოვა. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ მხარეებმა თავიანთი ელჩებიც კი გაიწვიეს ქვეყნებიდან. 

კომენტარები