ავღანეთი

ვაშაძის ვიზიტი ავღანეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 11–12 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ავღანეთში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებები თავის ავღანელ კოლეგასთან და ISAF-ის სარდლობასთან გამართა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზალმაი რასულსა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრის დროს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით, მხარეები დაიწყებენ მუშაობას ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნაზე“. მინისტრებმა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე ასევე შეხვდა ISAF-ის სარდალს, გენერალ ჯონ ალენს და ISAF–ის ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის მოადგილეს, გენერალ-მაიორ შონ მაკფარლანდს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ვაშაძემ შეხვედრა გამართა ასევე აშშ-ის სატრანსპორტო ძალების სარდალთან, გენერალ უილიამ ფრეიზერთან, რომელიც აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის მსოფლიო მასშტაბით საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების საკითხებს კურირებს.

 

კომენტარები