კინო

"შამილიდან" კუბის რევოლუციამდე

(ფრაგმენტები მიხეილ კალატოზოვის არქივიდან)

წელს, ახალგაზრდა კლოდლელუში მოსკოვში ტურისტის ამპლუით ჩადის და ფარული კამერით აგროვებს მასალას დოკუმენტური ფილმისთვის სსრკ-ზე. მას ჯერ კიდევ არ გადაუღია თავისი ცნობილი „ქალი და მამაკაცი”. ჯერ მხოლოდ მისი პირველი ნაბიჯებია კინოში, და თანაც დოკუმენტურში. ვიკიპედია ამ ფაქტთან დაკავშირებით წერს, რომ 1957 წელს სსრკ-ში ვოიაჟის დროს, მან ორი დღით ასისტენტად იმუშავა მოსფილმში მიხეილ კალატოზოვთან, რომელიც მაშინ ცნობილ „მიფრინავენ წეროებს” იღებდა.

“როგორც ლელუში ჰყვება, მოსკოვში მისთვის ტაქსის მძღოლს უთქვამს, რომ მოსფილმში რაღაც „დიდი გადაღებებია”, და მასაც თავისი ბარგითა და აპარატურით პირდაპირ გადასაღებ მოედანზე, კალატოზოვთან ამოუყვია თავი. ბაბუაჩემი მოიხიბლა ლელუშის ახალი აპარატურით (აპარატურა მისი სუსტი წერტილი იყო), თანაც ახალგაზრდა ფრანგი რეჟისორი საინტერესო სტუმარი აღმოჩნდა და ამიტომაც „წეროების” გადაღებული მასალა უჩვენებია.

საფრანგეთში დაბრუნებული ლელუში კანის ფესტივალის დირექტორს უკავშირდება და სთხოვს, რომ ფესტივალზე მოიწვიოს ფილმი სსრკ-დან – „მიფრინავენ წეროები” და მისი რეჟისორი. სწორედ ასე აღმოჩნდა კალატოზოვის „მიფრინავენ წეროები” კანის კინოფესტივალზე.

მოგვიანებით, 1966 წელს, როცა უკვე თავად კლოდ ლელუშის „ქალი და მამაკაცი” დააჯილდოვეს კანის ფესტივალზე, მან თქვა: მე მადლიერი ვიყავი კალატოზოვის, რომლის „წეროებმაც” მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება და მხატვრული ფილმის გადაღების სურვილი გამიღვიძა”. ამ ყველაფერს ლელუში ჩემი ძმის – მიშა კალატოზიშვილის დოკუმენტურ ფილმში ჰყვება, რომელიც მან ბაბუაზე – მიხეილ კალატოზოვზე გადაიღო”, – ამბობს ანა კალატოზიშვილი – რეჟისორის შვილიშვილი.

ანა ამჟამად წიგნზე მუშაობს, სადაც თავმოყრილი იქნება დოკუმენტური მასალა მიხეილ კალატოზოვის შემოქმედებაზე. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. მასალა უზღვავია – დაწყებული რეჟისორის პირადი მიმოწერით, დამთავრებული კალატოზოვის ცნობილ მკვლევართა პუბლიკაციებითა და რუსულ თუ დასავლურ ფონდებსა და კერძო არქივებში მოპოვებული დოკუმენტებით. მასალა ტაბულასთვის ექსკლუზიურად ხელმისაწვდომი გახდა.მკითხველს საინტერესო ამონარიდებს ვთავაზობთ. მაგალითად, კალატოზოვის წერილი სტალინისადმი (1939 წლის 25 აპრილი) დღესაც აქტუალურად ჟღერს: „..5 წელი ვმუშაობდი დოკუმენტურ მასალაზე შამილის შესახებ და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ლეგენდა ზოოლოგიურ შოვინიზმზე და რელიგიურ ფანატიზმზე ამ შესანიშნავი ადამიანის ირგვლივ ნაციონალ-შოვინისტებისა და ისტორიკოსების მიერაა შექმნილი და მოგონილი. ჩემმა სცენარმა შამილზე თითქმის ისეთივე ბრძოლები გადაიტანა, როგორც თავად შამილმა თავის დროზე. კინემატოგრაფიის ხელმძღვანელობა დაპატიმრებითაც კი მემუქრებოდა და ბოლოს კინოდანაც გამაგდეს. როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ სცენარის მიხედვით ფილმის გადაღების შემთხვევაში, კავკასიის დაპყრობის ეპოქაზე, მათ არასწორ პოლიტიკურ ხედვაში დასდებენ ბრალს...”

წერილი პასუხის გარეშე, ხოლო ფილმი შამილზე გადაუღებელი დარჩა. შემორჩენილია სპეციალურად ამ სცენარის კოლექტიური განხილვებისადმი მიძღვნილი უამრავი სხდომის ჩანაწერი თუ კინემატოგრაფისტ ჩინოვნიკთა ბრძანებები. მაგალითად, რუს ჩინოვნიკებს ჰაჯი-მურატის საქციელის კალატოზიშვილისეული ვერსია აღიზიანებთ – გმირი რუსების მხარეზე მხოლოდ შამილის დავალების და არა ღალატის გამო გადადის. კალატოზიშვილისეული მასობრივი სცენების, კადრის კომპოზიციისა და კამერის მოძრაობის ორიგინალური ტრაექტორიის შედეგად, ამ მასალიდანაც ალბათ ისეთივე შედევრი შეიქმნებოდა, როგორიც „ჯიმ შვანთე” იყო (1930წ.). მაგრამ ფაქტია, რომ ცენზურა მუდამ თან სდევდა ამ რეჟისორს: 20-იან წლებში ანადგურებენ მისი ფილმის „უსინათლოს” ფირებს, ფორმალიზმში სდებენ ბრალს „ჯიმ შვანთესთვის”, 1931 წელს კი აკრძალეს მისი მორიგი ფილმი „ლურსმანი ჩექმაში”. კალატოზიშვილი საქართველოდან რუსეთში საბოლოოდ 1936 წელს გადაიხვეწა, როცა თბილისის კინოსტუდიის ხელმძღვანელობიდან მოხსნეს და დაპატიმრება დაუპირეს. უცნაურია, რომ მიუხედავად დევნისა და ცენზურისა, მას საბჭოთა კინოინდუსტრიის მაღალ თანამდებობებზეც ვხედავთ. ნამდვილი კინოს კეთების სურვილით, ხანდახან ის კომპრომისზეც მიდის და პროპაგანდისტულ ფილმებსაც უგდებს ლუკმებივით საბჭოთა ხელისუფლებას. სწორედ „შამილის” სცენარის დაუმტკიცებლობისა და 5-წლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, იღებს პროპაგანდისტულ ფილმს საბჭოთა მფრინავებზე („სიმამაცე”), შემდეგ კი „ვალერი ჩკალოვს”. 1943-45 წლებში, ის უკვე

ჰოლივუდშია, როგორც საბჭოთა კინოს სპეციალური წარმომადგენელი აშშ-ში. სწორედ ამერიკული პერიოდის შედეგად აღმოაჩენთ დღეს თბილისში, მის ოჯახში რელიკვიებად შემორჩენილ ჩარლი ჩაპლინის ნაჩუქარ ტროსტსა თუ მისსავე ფოტოს ჩაპლინის თბილი წარწერით. ჰოლივუდში ვოიაჟს უკავშირდება კიდევ ერთი უცნაური ფაქტი: საბჭოთა მთავრობა რეჟისორთან ერთად, ამერიკაში ცოლის სტატუსით მისთვის სრულიად უცნობ ლენინგრადელ მსახიობს – ელენა იუნგერს უშვებს. თავად კალატოზოვის მეუღლე – ჟანა კი ამ დროს თბილისშია. ის იტალიელია, მენშევიკების დროს ბათუმში იტალიის კონსულის ქალიშვილი და საბჭოთა რეალობისთვის უჩვეულო იტალიურ არისტოკრატიულ ტიტულს ატარებს – მამიანი დელა როვერე ვალაცი.

ფორმალიზმში დადანაშაულება და რეჟისორის „დასჯა” სტალინის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა: თუნდაც კანის მე-11 კინოფესტივალი ავიღოთ (1958 წ.), სადაც საბჭოთა კინოსთვის ერთადერთი და უკანასკნელი ოქროს პალმის რტოს გადაცემის ცერემონიალზე, ფილმისთვის „მიფრინავენ წეროები”, რეჟისორი არ გაუშვეს. ფესტივალის დირექციას კი აცნობეს, ცერემონიალს კალატოზოვი ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებაო.

რეჟისორის მდიდარ ფოტოარქივში შემორჩენილი მასალიდან განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კუბაში გადაღებული ფოტოები იპყრობს. კალატოზიშვილს ხან ახალგაზრდა ფიდელ კასტროს გარემოცვაში ვხვდებით და ხან ჰავანის ქუჩებში კუბელებთან. მას კუბის რევოლუციაზე პროპაგანდისტულიფილმის გადაღება დაევალა. შვილთან (კინოოპერატორ გიორგი (ტიტო) კალატოზიშვილთან) გამოგზავნილ პირად წერილებში ვკითხულობთ:

„რევოლუცია აქ ძალიან თავისებურია: პირველ შეხედვაზე უცხოელებისთვის აქ ბევრი რამ უჩვეულოდ გამოიყურება და არ ჯდება საზოგადოდ მიღებული რევოლუციური მოძრაობების განვითარების კანონებში. ამ ხალხის გმირობამ შექმნა სრულიად ახალი სამყარო, რომელიც ყველაზე ლამაზი რამ არის კარიბის ზღვის ამ ისედაც ულამაზეს კუნძულზე. სიღარიბე და განუკითხაობა, რომელიც ბატისტას რეჟიმის დროს მეფობდა, აღმოფხვრილია. ერთადერთი ღარიბული კვარტალი რჩება ჰავანის გარეუბანში და მასაც მალე აიღებენ. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ვიდრე აიღებენ, რაღაც გარკვეულ სცენებს ამ კვარტალშიც გადავიღებთ ფილმისთვის...”

ვისაც ფილმი „მე კუბა” უნახავს”, შესაძლოა, კუბიდან გამოგზავნილ მეორე წერილში მონახოს გასაღები იმ სასწაულის, რასაც ეკრანზე ვხედავთ:

„...მთელ ფილმს ხელის კამერით ვიღებთ „ინფრა” ფირზე. გადაღებულ ეპიზოდებს პირდაპირ იქვე, გადასაღებ მოედანზე ვამონტაჟებთ, ვიღებთ დიდ მონაკვეთებს – 60-80მ-ს. ეს არ არის მონტაჟი ჩვეულებრივი გაგებით. შედეგად კი ეკრანზე ვიღებთ მასალის სულ სხვა აღქმას, თითქოს შენ ხდები ამ მოვლენების მონაწილე, ანუ ეს არის ის, რასაც ჰქვია „დასწრების ეფექტი”. პროფესიონალი მსახიობები არ გვყავს. კუბელები უმოწყალოდ მუსიკალური ხალხია და კამერის წინ თავისუფლად უჭირავთ თავი...”

ფილმზე მუშაობა 1964 წელს დასრულდა. პარადოქსია, მაგრამ ის აიკრძალა კუბაშიც, სსრკ-შიც და ამერიკაშიც. ის კალატოზოვის სიცოცხლეში თითქმის არავის უნახავს.

ქართულმა საზოგადოებამ „მე კუბა” პირველად დიდ ეკრანზე რეჟისორის 100 წლის იუბილეზე, კინოფესტივალ პრომეთეს ფარგლებში იხილა, 2003 წლის ნოემბრის დღეებში. მახსოვს, როგორ მოჯადოვდა დარბაზი იმ უცნაური ემოციით, რაც ეკრანიდან გადმოვიდა. ასეთი მომნუსხველობა ახასიათებს საერთოდ კალატოზოვის ფილმებს: მაგალითად, ფრენსის ფორდ კოპოლამ განაცხადა, რომ მის ფილმში “აპოკალიფსი დღეს” დიდია კალატოზოვის „გაუგზავნელი წერილის” გავლენა. სწორედ კოპოლასა და მარტინ სკორსეზეს ინიციატივით დაიწყო მეორე სიცოცხლე თაროზე შემოდებულმა „მე კუბამ”. ეს ორი რეჟისორი 1991 წელს კუბაში წავიდა, შეხვდა ფილმში მონაწილე თითქმის ყველა პერსონაჟს და გადაიღო დოკუმენტური სურათი მიხეილ კალატოზიშვილზე. პროექტი დამოუკიდებელ ამერიკულ კინოსტუდია Milestone Films-ში განხორციელდა. ეს უკანასკნელი ორიენტირებულია კლასიკოსი რეჟისორებისა და მათი კინოშედევრების შესწავლასა და გავრცელებაზე.სტუდიამ უკვე განახორციელა პროექტები ჰიჩკოკის, ვისკონტის, პაზოლინის, უელსისა და ბუნუელის შემოქმედებებზე. Milestone Films-მა DVD ფორმატში ერთად გამოსცა სკორსეზესა და კოპოლას დოკუმენტური ფილმი, რეჟისორის შვილიშვილის – მიშა კალატოზიშვილის ქრონიკა კალატოზოვზე და, რაც მთავარია, თავად ფილმი „მე კუბა”.

წიგნზე მუშაობა, ალბათ, თებერვალში დასრულდება. დაგეგმილია რეჟისორის რეტროსპექტივის მოწყობაც – სავარუდოდ, ლონდონის Cine Lumiere Cinema-ში.

 

კომენტარები