ღვინო

იშვიათი ჯიშები ღვინის კლუბში

რამდენიმე დღის წინ ღვინის კლუბში უკვე მეორედ ჩავატარეთ ქართული იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია. ჭაშნიკზე კლუბის წევრების გარდა სტუმრებიც იყვნენ მოწვეულნი და გასასინჯად 21 სხვადასხვა ღვინო იყო გამოტანილი, რომელთა უმრავლესობას ჩვენი, ღვინის კლუბის მიერ დაყენებული ღვინოები წარმოადგენდა. საქმე ისაა, რომ გასული წლის შემოდგომაზე, ბატონ ლევან უჯმაჯურიძის ხელშეწყობით, საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის საკოლექციო ნაკვეთში დაკრეფილი 26 ჯიშიდან დავაყენეთ ღვინო და ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, გავბედეთ, შედარებით ფართო საზოგადოებისთვისაც წარმოგვედგინა თანამედროვე ქართული პირის გემოსთვის სრულიად უცნობი ძველი ქართული ჯიშები: ასურეთული შავი, გორული მწვანე, ძელშავი, საჩხერის ძელშავი, მგალობლიშვილი, ჭანკილოური, გლდანურა, საკმიელა, მესხური ხარისთვალა, მესხური მწვანე, მესხური ყურძენი, ხიხვი, ქისი, კახური მცვივანი, მირზაანული, ახმეტის შავი, ახმეტის წითელი, ვარდისფერი საბატონე, თეთრი ბუდეშური, ღვინის თეთრი, კახური თეთრი, დანახარული, რცხილა, წულუკიძის თეთრა.

ჩვენი ღვინოების გარდა, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სოფელ დიმიდან, დიდიმ მაღლაკელიძის კრახუნა, ზურაბ თოფურიძისა და თემურ შარაშიძის ძალიან საინტერესო ჩხავრები ჩოხატაურის რაიონიდან, თემურ ღლონტის მიერ დაყენებული კახური მცვივანი (2007 და 2009 წლის მოსავლები) ქინძმარაულის ზონიდან, ჯონ ვურდემანისა და გელა ფათალიშვილის ქისი და თავკვერი (შესაბამისად, ახმეტის რაიონის სოფელ არგოხიდან და ქართლიდან, მუხრანის ველიდან).

დეგუსტაცია შედარებით ხალისიანი თეთრი ღვინოებით დავიწყეთ – დიმის არაჩვეულებრივი კრახუნა შესანიშნავი შესავალი იყო, რომელსაც მესხური მწვანე, მესხური ყურძენი და მესხური ხარისთვალადან დაყენებული ღვინო მოჰყვა. ზაფხულში როდესაც გავსინჯეთ, არაფრით გამორჩეული ღვინო იყო, ცხარე და უხეში, ამჯერად კი საოცარი მომწვანო-ლიმონისფერი დაკრავდა, გემოზე კი კარგად დარბილებული მეჩვენა, მწვანილეულის, ლაიმისა და თეთრი ქლიავის ტონებით. შემდეგ გურული საკმიელას ჯერი დადგა, რომელმაც ზაფხულში უფრო მეტი სიცოცხლე და ეფექტები დაგვანახა – მსხალი, მწვანილები, ანისულიც კი. რამდენიმე დღის წინ კი ქინძი და სიმინდის ნედლი ფუჩეჩი ამოვიცანით, რომელიც შესანიშნავად ავსებდა ღვინის არაჩვეულებრივი გარეგნობიდან მიღებულ შთაბეჭდილებას. ჩხავერი – ქარვისფერი, ატმისა და ყვავილების სურნელებით, დაბოლოებაში დაშაქრული თხილის გემოთი. გლდანურა – რომელიც, მართალია, სასუფრე ჯიშია, მაგრამ ღვინოც საინტერესო დადგა მისგან. ორნაირი ქისი, არგოხისა და საგურამოსი – პირველი სინაზითა და ელეგანტურობით გამოირჩეოდა, ჩვენმა ცეცხლისფერმა ქისმა კი ბერგამოტის ტონებითა და სავსე და ღრმა გემოთი დაგვამახსოვრა თავი.

ხიხვი – ჩახარშული ხორბლისა და სუნელების არომატებით, მსუყე, გოზინაყივით ღვინო გამოდგა. მირზაანული – კახურად დაყენებული გემრიელი ჭერმისფერი ღვინო. კახური თეთრი, ღვინის თეთრი – თაფლის საოცარი არომატებით. დიდი მოწონება დაიმსახურა კახურმა მცვივანმა, 2009 და 2007 წლებისამ – თივა და ფეიხოა, წიფლის კაკალი, წიწაკა, დაფნა და ქონდარი, ასევე წიწვები და ხმელი ფოთლები. ბუკისციხური ჩხავერი აგურისფერი იყო, მოცვისა და კუნელის სურნელებით.

ასურეთული შავიდან ასევე ნაზი ვარდისფერ-აგურისფერი ღვინო დადგა, ალუბლის მძაფრი ტონებით. ძელშავი საკმაოდ ღრმა და საინტერესო მეჩვენა, ქართლურმა დანახარულმა და იმერულმა მგალობლიშვილმა კი ყველას დაუმტკიცა, რომ საოცარი პოტენციალი გააჩნიათ (სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება ამ წითელ ჯიშებს ხვდათ წილად). ჭანკილოურმა და ზემოთ ნახსენებმა სხვა იმერულმა ჯიშებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დროა იმერეთში წითელი ჯიშების კუპაჟირებას მიჰყონ ხელი და ერთმანეთს შეუხამონ 2 ან სულაც 3-4 სხვადასხვა ჯიში. დაბოლოს, დეგუსტაცია დააგვირგვინა ყველაზე ეგზოტიკურმა ღვინომ, ორი კახური ჯიშიდან, ახმეტის შავიდან და ახმეტის წითლიდან დაყენებულმა.

კომენტარები