ღვინო

ღვინის მწარმოებლებს საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობები დაუსუბსიდირდებათ

squarespace.com

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, სახელმწიფო ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობებს დაუსუბსიდირდებს.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, რომელიც მთავრობამ დღეს დაამტკიცა, მარკეტინგული ღონისძიებების ბიუჯეტი, ერთი კომპანიისთვის, წლის განმავლობაში 600 000 ლარით განისაზღვრება, თუმცა, მომავალში პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, თანხა გაიზრდება.

დაფინანსების მიმღებ კომპანიებს ევალებათ, რომ ექსპორტის მიმართულებით მარკეტინგისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაზარდონ, რათა ღვინის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე თავიანთი მარკეტინგული აქტივობები სრულად არ ჩაანაცვლონ. გარდა ამისა, კომპანიის პროგრამაში ჩასართავად 1 ლიტრ ღვინოზე მარკეტინგული ხარჯი 2 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 

"ჩვენ მივიღებთ შედარებას, კონკრეტულ საანგარიშო წელში, როდესაც მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება, უნდა იყოს გაზრდილი გაყიდვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით და ზუსტად ეს ნაზარდი იქნება ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ამ შემთხვევაში, შემზღუდველი დამატებითი ფაქტორი არის 2 ლარი, ერთ ბოთლ დამატებით გაყიდულ ღვინოზე, ეს არის ბიუჯეტი. მაგრამ გითხარით, რომ მთლიანი ბიუჯეტი ერთ კომპანიაზე არის დაახლოებით 600 ათასი ლარი მოაზრებული, რომელიც შეიძლება მომავალში
გაიზარდოს.

რეალურად, ჩვენ არ გვინდა, რომ ღვინის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე თავიანთი მარკეტინგული აქტივობები ჩაანაცვლონ, შესაბამისად, პროგრამის კიდევ ერთ კრიტერიუმს გულისხმობს - მათ უნდა გაზარდონ არსებული მარკეტინგული ბიუჯეტი და ესეც, რა თქმა უნდა, აუდიტის მიერ დადასტურდება. კონკრეტულად, მიმდინარე საანგარიშო წლის მარკეტინგული ხარჯი, წინა წელთან შედარებით, უნდა იყოს გაზრდილი და ზუსტად ეს ნაზარდი ხდება ამ კონკრეტული ლიმიტებით დაფინანსებული ჩვენი მხრიდან", - თქვა დავითაშვილმა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 3 მლნ ლარია, ღვინის პოპულარიზაციისთვის სულ სამინისტროში კი 9-10 მლნ ლარია გამოყოფილი.

კომენტარები