ღვინო

ხვანჭკარას, წინანდალის და სხვების შემდეგ ადგილწარმოშობის ღვინოებს "ბოლნისი" დაემატა

დავით მძინარაშვილი / REUTERS

საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო "ბოლნისი" დარეგისტრირდა. ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი და ხაშმის საფერავი. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის "ბოლნისი" წარმოების სპეციფიკაცია სააგენტოს ტექნიკური დახმარებით, ბოლნისის მეღვინეთა გაერთიანებამ "ბოლნური ღვინო" შეიმუშავა და მისი დარეგისტრირების მოთხოვნით "საქპატენტს" მიმართა.

მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს ქართული ვაზის ჯიშებისა და მათგან წარმოებული ღვინოების დიდ პოტენციალზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით. 

ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ "ბოლნისი" მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი. მისი მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

"ბოლნისის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი – ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ნიადაგების მრავალფეროვნება, რქაწითელის, ჩინურის, გორული მწვანეს, საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს, ასურეთული შავის ჯიშების ამ ზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო "ბოლნისის" განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს", - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ "საქპატენტთან" ერთად ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების სტიმულირებისთვის კვლავ მიმდინარეობს გარკვეული ღონისძიებები.

კომენტარები