საუდის არაბეთი

გერონტოკრატიის მონოტონური გაგრძელება

არაბული გაზაფხული, რომელიც სირიასა და ეგვიპტეში ჯერ არც დასრულებულა, საუდის არაბეთში არ უგრძვნიათ. ყველაზე კონსერვატიულმა და სტაბილურმა არაბულმა ქვეყანამ ნოემბერში 88 წლის მეფე აბდულას მემკვიდრე გამოაცხადა. მომავალი მონარქი ამჟამინდელის 78 წლის ნახევარძმა, ნაიფ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი იქნება. მას უკვე 36 წელია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი უკავია და მეფე აბდულასთან ერთად ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზია. დედაქალაქ რიადში განლაგებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა მონარქიული რეჟიმის ერთგვარ სიმბოლოდ მიიჩნევა. ის ქვეყნის მცირერიცხოვან პროდემოკრატიულ ძალებს შიშს ჰგვრის.

1953 წლიდან მოყოლებული, როდესაც საუდის არაბეთის მონარქიის დამაარსებელი აბდულ აზიზ ბინ საუდი გარდაიცვალა, ქვეყანას მისი ხუთი შვილი მართავდა. ძმიდან ძმაზე ტახტის გადაცემამ საუდის არაბეთი გერონტოკრატიამდე მიიყვანა. ქვეყნის პირველი პირები საკუთარი ზეობის ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემების გამო პრაქტიკულად ვერ მართავენ სამეფოს. მეფე აბდულას შემთხვევაში ძალაუფლებები სწორედ პრინცმა ნაიფმა გაიფართოვა.

გარეგნულად ერთიანი სამეფო ოჯახი კლანებადაა დაყოფილი. ამჟამად მათ შორის გამორჩეული ე.წ. სუდაირის შვიდეულია, რომელსაც სახელი აბდულ აზიზ ალ საუდის ერთ-ერთი ცოლის, ჰასა ბინთ აჰმად ალ-სუდაირის 7 ვაჟის მიხედვით ეწოდა. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, სუდაირის შვიდეულის წევრები საუდის არაბეთის შინაგან და თავდაცვის სამინისტროებს უდგანან სათავეში. 1982 წელს მეფის ტახტი ფაჰდის ხვდა წილად. ეს უკანასკნელი 2005 წელს გარდაიცვალა. 2011 წლის ოქტომბერში პრინც სულთანის გარდაცვალების შემდეგ კი სუდაირის ვაჟების რაოდენობა ხუთამდე შემცირდა. თუმცა კლანი უკვე მათ შთამომავლებსაც მოიცავს. პრინც ნაიფისგან განსხვავებით, მეფე აბდულა სუდაირის შვიდეულის წევრი არ არის.

მონარქის შეცვლის ინსტიტუციონალიზაციისათვის მეფე აბდულამ სპეციალური საბჭო შექმნა, სადაც ბინ საუდის შთამომავლები შედიან. საბჭოს მოვალეობა მემკვიდრის კანდიდატურის მოძიება და დამტკიცებაა. პრინც ნაიფის მემკვიდრედ არჩევამ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახში მცირე განხეთქილება შეიტანა. 80 წლის პრინცი თალალი მეფე აბდულას ერთ-ერთ მემკვიდრედ მოიაზრებოდა და სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით, ლიბერალი პოლიტიკოსის სახელი ჰქონდა. მან საბჭო მიატოვა.

მეფე აბდულას ასაკის გათვალისწინებით, პრინც ნაიფს ქვეყნის სადავეების ხელში აღება, შესაძლოა, მალევე მოუწიოს. მსოფლიოში უდიდესი ნავთობის რეზერვების მფლობელი საუდის არაბეთის მონარქს კი შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს – როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა ნაიფისგან ინოვაციებს არ ელიან. Washington Post-ის მიმომხილველი, დევიდ იგნატიუსი მიიჩნევს, რომ მომავალი მეფის მიზანი ქვეყნის ახალგაზრდობის გულის მოგება და სასულიერო პირებთან დისტანციის შენარჩუნება იქნება. სამეფო კარი ყველა ღონეს იხმარს, რათა არაბული ქვეყნების ინფექციური არასტაბილურობა საკუთარ საზღვრებში არ დაუშვას.

ნაიფთან ყველაზე დაახლოებული მრჩევლები, სავარაუდოდ, მისი შვილები საუდი და მუჰამადი იქნებიან. პირველი ესპანეთში საუდის არაბეთის ელჩი იყო, მეორე კი – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა. კონტრტერორიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუჰამადი 2009 წელს მისი განადგურების მცდელობასაც გადაურჩა და მომავალში საუდის არაბეთის ტახტზე ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად განიხილება.

საუდის არაბეთს შიდა პოლიტიკური პრობლემები მეზობლებთან შედარებით ნაკლები აქვს. მონოეთნიკური ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 90% სუნიტია. ქვეყანაში პროდემოკრატიული ძალები სუსტია. არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა კი შეზღუდულია.

თუმცა საუდის სამეფო კარი თავს მოდუნების საშუალებას ვერ მისცემს. გაზაფხულის შემდეგ, შიიტებით დასახლებულ აღმოსავლეთ პროვინციებში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. 24 ნოემბერს ქალაქ ქათიფში შედარებით მცირემასშტაბიან საპროტესტო დემონსტრაციებს მსხვერპლი მოჰყვა. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქში მდგომარეობა მალევე განიმუხტა და სტაბილური გახდა.

საგარეო პოლიტიკაში ამერიკის მოკავშირეობა და ირანთან სპარსეთის ყურის რეგიონში დომინაციისთვის ჭიდილი გაგრძელდება. ოქტომბერში პრინცი ნაიფი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა და საკუთარი ქვეყნის კურსის უცვლელობაში დაარწმუნა. 2011 წლის გაზაფხულზე ირანელებისა და საუდელების დაპირისპირების არენად სპარსეთის ყურეში მდებარე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ბაჰრეინი იქცა. მის სუნიტურ სამეფო კარსა და მთავრობას შიიტური მოსახლეობა აუჯანყდა. მდგომარეობის განმუხტვა ბაჰრეინის ხელისუფლებამ საუდის არაბეთის ჩარევის შემდეგ მოახერხა.

საუდის არაბეთს რევოლუციური ცვლილებების ქარიშხალი არ ემუქრება. მონარქის შეცვლის კიდევ ერთი ციკლი სამეფო ოჯახში მშვიდობიანად ჩაივლის. გრძელვადიან პერსპექტივაში, გერონტოკრატიულ სამეფო კარს ეკონომიკური დივერსიფიკაციის პრობლემის გადაჭრა მოუწევს. საუდელების ეკონომიკა ნავთობზეა დამოკიდებული, დროის გასვლასთან ერთად კი, შავი ოქროს მარაგის მოცულობა მხოლოდ და მხოლოდ იკლებს.

კომენტარები