ახლო აღმოსავლეთი

ისრაელი ირანის ბირთვული საფრთხის განეიტრალების სამხედრო გზას განიხილავს

დასავლეთის ქვეყნებში ისრაელის ელჩებს დაევალათ, ადგილობრივ საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და პრემიერ-მინისტრების ოფისებს შეატყობინონ, რომ ირანის ბირთვული იარაღის წარმოების დიპლომატიური მეთოდებით შეჩერება არაეფექტიანი ხდება. ისრაელი ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს. დიპლომატების გზავნილის მთავარი მიზანია, დასავლეთის ქვეყნები ირანზე ისრაელის შესაძლო თავდასხმისათვის შეამზადოს.

ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, ისრაელის პარლამენტში უკვე მსჯელობდნენ ირანზე თავდასხმის შესაძლებლობაზე. პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი თავდასხმის მომხრენი არიან, თუმცა დანარჩენი მინისტრები უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენას მოითხოვენ. 

საპასუხოდ, ირანის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტომ სამხედრო ლიდერის, ჰასან ფირაუზაბადის, სიტყვები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში, ირანი „სერიოზულ ზიანს მიაყენებს” აშშ-სა და ისრაელს.

უკანასკნელ პერიოდში ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ ყურადღება განელდა. ისრაელის და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება არაბულ გაზაფხულზე, ღაზის სექტორის ფლოტილიაზე და პალესტინის მიერ გაეროში გააქტიურებაზე იყო კონცენტრირებული. ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, ირანმა ყურადღების ნაკლებობა თავის სასიკეთოდ გამოიყენა და სანქციების მიუხედავად, ურანის გამდიდრების პროცესი გააგრძელა. ქვეყნის მთავრობაში ინფორმაციას არ უარყოფენ და აცხადებენ, რომ ურანის 20%-მდე გამდიდრება სურთ. ამ მიზნით ურანის გამამდიდრებელი დაწესებულებები ირანის ერთ-ერთი ქალაქის, ნატანზის ცენტრში, მიწისქვეშა კონსტრუქციებში გადააქვთ. 

ირანმა რომ „ბირთვული იარაღის განვითარების შესაბამისი საქმიანობა განახორციელა”, ამას გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი მოხსენებაც ადასტურებს. სააგენტოს 65-პუნქტიან ანგარიშში განხილულია ახალი მტკიცებულებები, რომ ირანი ისეთი სრულყოფილი ასაფეთქებელი ტექნოლოგიების შექმნაზე მუშაობდა, რომლებიც, პირველ რიგში, სწორედ ბირთვული იარაღის დეტონაციისას გამოიყენება.

ამ ფონზე ისრაელმა საერთაშორისო საზოგადოებას ირანის წინააღმდეგ „სასიკვდილო სანქციების” გატარებისკენ მოუწოდა. ეკონომიკური სანქციები ირანის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს. თუმცა ისრაელის ახალი გეგმა ირანის საწვავის იმპორტისა და ნავთობის ექსპორტის ბლოკირებას, ასევე, ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან ყველანაირი ფინანსური კავშირების გაწყვეტას ითვალისწინებს.

თავის მხრივ, ისრაელი არც სამხედრო დარტყმას გამორიცხავს. 2010 წლის დასაწყისში ვარაუდობდნენ, რომ ისრაელი ირანის ბირთვული რეაქტორების განადგურებას სამხედრო გზით შეეცდებოდა. თუმცა მაშინ ბირთვული პროგრამის შეჩერება კომპიუტერული ვირუსის, Stuxnet-ის საშუალებით შეძლეს. ამ მხრივ დაცვა გაძლიერდა, შესაბამისად, ისრაელს ცოტა ალტერნატივა დარჩა. 

1981 წელს ისრაელმა დაბომბა ერაყის ბირთვული რეაქტორი ოსირაკში. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამან სამუდამოდ გაუქრო სადამ ჰუსეინს ბირთვული იარაღის წარმოების სურვილი. 2007 წელს კი ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა გაანადგურეს ჩრდილოეთ კორეის დახმარებით სირიაში აშენებული ბირთვული რეაქტორი. შესაბამისად, ირანზე დარტყმა უპრეცედენტო არა, თუმცა წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით, ბევრად უფრო რთული იქნება. 

ირანის ბირთვულ რეაქტორებზე თავდასხმამ შეიძლება ისრაელს აშშ-თან ურთიერთობა სერიოზულად გაუფუჭოს. ვაშინგტონს ომში ჩართვა მოუწევს, თუ ირანმა გადაწყვიტა, რომ ისრაელის თავდასხმას პასუხი გასცეს. ეს დღევანდელი ადმინისტრაციის პრიორიტეტი ნამდვილად არ არის. სხვა შემთხვევაში, თეთრ სახლს „გარიდება” მოუხდება, რაც ამერიკის მიერ მოკავშირეების მიტოვების ნიშანი იქნება და ახლო აღმოსავლეთს საბოლოოდ დააკარგვინებს.  

კომენტარები