არქივი

"პროტექციონობის" შესახებ

ეკონომიკის თანამედროვე მეინსტრიმული მიმართულებები თავისუფალ ვაჭრობას პრიორიტეტს ანიჭებს, როგორც ცალკეული ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების, ასევე, მსოფლიო სამეწარმეო რესურსების ეფექტურად გადანაწილების მხრივ. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ხშირად მიმართავენ პროტექციონიზმს პარტიული ოპორტუნისტული მიზნებიდან გამომდინარე.

თავისუფალი ვაჭრობა კულტურულად და პოლიტიკურადაც კი აახლოებს ქვეყნებს. პროტექციონიზმის შემთხვევაში კი პირიქითაა. მე-19 საუკუნის ფრანგი ეკონომისტი ფედერიკ ბასტია ამბობდა  – „როცა პროდუქცია ვერ კვეთს საზღვრებს, ამ საზღვრებს სამხედრო ძალები გადაკვეთს”. 

პროტექციონიზმის თემა არც მე-19 საუკუნის საქართველოში ყოფილა ყურადღების მიღმა დარჩენილი. ამას ადასტურებს ილია ჭავჭავაძის წერილი პროტექციონიზმის შესახებ, სადაც მკაფიოდ და ყველასთვის გასაგები ენით არის ნათქვამი, თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის თავისუფალ ვაჭრობას და რა უარყოფითი შედეგების მომტანია პროტექციონიზმი მისი გამტარებელი ქვეყნისთვისაც კი. 

ილია ჭავჭავაძის აზრი პროტექციონიზმის შესახებ საქართველოს დღევანდელ სიტუაციასაც კარგად მიესადაგება. დღეს გლეხი სწუხს მისი ნაწარმის დაბალ ფასზე და დამნაშავედ იმპორტირებულ პროდუქციას ასახელებს, ხოლო მოსახლეობის მეორე ნაწილს იმავე პროდუქციის შეძენა რაც შეიძლება იაფად სურს და ფასების მატებას აპროტესტებს. ილიას აზრით, ასეთ დროს გამოსავალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობაშია, რომ მოკლევადიან პერიოდში მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ნაწილს შიმშილი არ დაემუქროს, ხოლო მწარმოებლები გადაერთონ იმ პროდუქტზე, რომლის წარმოებაც იმპორტირებულზე ნაკლებ ფასად შეუძლიათ. 

ბესიკ ნამჩავაძე

 

ევროპაში არსებობდა და მოქმედებდა უფრო თავისუფალი აღებ-მიცემობის სისტემა იმ დრომდე, ვიდრე გერმანია და საფრანგეთი ერთმანეთს გადაეკიდებოდნენ. თ. ბისმარკი, რომელიც მანამდე ფრიტრედერობის მომხრე იყო, ამ სისტემას გადაუდგა საფრანგეთის გამოჯავრებით, და ერთს დროს გერმანიის კანონმდებლობა საბაჟო საქმეში პროტექციონობაზე მიიმართა და საფრანგეთის საქონელს ბაჟით მიდენ-მოდენის გზა შეუკრა გერმანიაში. რა თქმა უნდა, ერთის ქცევა მეორესაც ამასვე აქნევინებდა და ამ გზით დღესა ვხედავთ, რომ თითქმის თ. ბისმარკის წყალობით ევროპამ დაივიწყა სიკეთე ფრიტრედერობისა. დღეს ხელახლად თავი წამოჰყო და ფეხზედ წამოდგა წინათ უარყოფილი სისტემა პროტექციონობისა, ესე იგი სისტემა, რომლის დაძლევაც დიდის სიხარულით მიღებულ იყო ამ ორმოცის წლის წინათ და მასზედ გამარჯვებული ფრიტრედერობა კი – პატივცემული, როგორც სისტემა ლიბერალობის მოძღვრებისა. 

პროტექციონობა იქიდამ არის წარმომდინარი, რომ შინაურს მრეწველობას მოპირისპირე მოაცალოს შინაურს ბაზარში და მით თვით ამ სხვის ცილობისგან განთავისუფლებულს მრეწველობას ფეხი აადგმევინოს და თავის ერს ერთი წყარო სარჩო-საბადებლის შოვნისა მოუმატოს. პროტექციონობა მოსარჩლეობაა, რადგანაც შინაურს მრეწველობას სარჩლს უწევს და ხელს უწყობს არსებობისა და გაძლიერებისათვის. 

ყოველს ქვეყანას ან იმისთანა საქონელი შეაქვს და გამოაქვს სხვისაგან, რომელიც გადაკეთებულია საფაბრიკო და საქარხნო მრეწველობით სახმარ ნივთად, ან იმისთანა, რომელიც უნდა გადაკეთდეს ფაბრიკებითა და ქარხნებითა. მაგალითებრ, მატყლი მაუდის გასაკეთებლად, ან კიდევ პირდაპირ სახმარი, მაგალითებრ, პური. როცა თავისუფლად მიდენ-მოდენაა საქონლისა, მაშინ რომელისამე სახელმწიფოს შინაურს ბაზარში დიდი ცილობაა, და ბურთი და მოედანი ბაზრისა იმ სახელმწიფოსა ჰრჩება, რომლის საქონელიც უფრო უკეთესია და უფრო იეფი. ერს ამისაგან სიკეთისა და რგების მეტი არა მოსდის რა, იმიტომ რომ კარგს საქონელს იეფად ჰყიდულობს და მაშასადამე თავს ადვილად ირჩენს და იკვებავს. 

რა გზით ნდომულობენ ამ ბედნიერების ჩამოგდებას პროტექციონელნი? ამისათვის ერთადერთი ღონეა „ტამოჟნა” ესე იგი, საბაჟო. რომელი სახელმწიფოც ამ პროტექციონობას მისდევს, იგი იმოდენა ბაჟს ადებს შემოსატან თუ გასატან საქონელს და იმისთანა წესებით ჰხლართავს საქონლის გატან-გამოტანის საქმეს და ამაებით იმოდენად ჰზრდის საქონლის ფასსა, რადგანაც ბაჟი ზედ ეკეცება, რომ ბაზარი ვეღარ იფერებს, თუ ძალიან არ უჭირს საქონელი. ამ გზით საქონლის მიდენ-მოდენას წინ ისეთი უშველებელი ზღუდე აემართება ხოლმე, რომ ვერას გზით ვერ გაირღვევა. 

ამისთანაა ბუნება პროტექციონობისა სათავიდამვე დაწყობილი ბოლომდე. ეს ხომ ასეა, და იქნება ამ მხრით ამ სისტემას ცოტა რამ საბუთი ჰქონდეს, თუმცა-კი ქვეყნისათვის. ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შენაობას გაურჩევლად. 

დღეს გერმანია რომ ბისმარკის ძალდატანებით რაც ძალი და ღონე აქვს პურზედ ბაჟს უმატებს და უმატებს, ვითომ რა აზრი და განზრახვა უნდა მოეჩხრიკოს ამ დაუდგრომელს მატებასა. გერმანიას, რომელიც პურის მოსავლის მიხედვით მდიდარ ქვეყნებში არ ჩაითვლება და რომელსაც, მაშასადამე, სხვის პური უჭირს, ამ ბაჟის მომატებით პური ხომ უნდა გაუძვირდეს. გაძვირება ხომ ღარიბის კაცის სულის შეხუთვას მოასწავებს. ნუთუ მართლა იგი გერმანია თავის ერს და ქვეყანას იმისთვისა სწირავს, რომ პურის მოსავალი შინ გაიძლიეროს! პური ხომ შამპანური ღვინო არ არის, რომ უმისობა გერმანიის ერმა ითმინოს იმ დრომდე, ვიდრე თვით ბევრს მოიყვანდეს, პური იმისთანა საჭიროებაა, რომ უიმისობა და შიმშილით სიკვდილი ერთია და მინამ პავლე მოვა, პეტრეს ხომ ტყავი  გასძვრა! 

თუმცა ეს ასრეა, მაგრამ თ. ბისმარკი შარშანდელს აქეთ სულ იმასა ჰსცდილობს, პურს იმოდენა ბაჟი დაადოს, რომ გერმანიის ბაზარში სხვის პურმა აღარ გაიჭაჭანოს. ცხადია, ნიშანში რა აქვს ამოღებული თ. ბისმარკსა: იგი სახელმწიფო, რომელიც დღეს-აქამომდე დიდძალს პურს ასაღებდა გერმანიაში, დღეს გერმანიისბაზრისაგან გამოკლებული უნდა იყოს და ამით ცოტად თუ ბევრად დაზიანდეს, ესე იგი ჯიბე შეუსუსტდეს. ამ სახით თ. ბისმარკი ისარს ისვრის და შვილდს კი ჰმალავს, პროტექციონობის კალთაში გამოხვეულს. 

ამისთანა გარემოებას არ შეიძლება სხვანიც არ გადაეხარა პროტექციონობის მხარისაკენ და აი დღეს თითქმის ყველგან პროტექციონობის გაძლიერებას ვხედავთ, თუმცა მეცნიერებისაგან-კი ანდერძაგებულია და დაწუნებული.

ილია ჭავჭავაძე

კომენტარები