არქივი

ფიქრები

უნდა ვიფიქრო ვინაითგან ფიქრი აღკრძალული არ არის. ფიქრი სხვაა, საქმე სხვაა, შუა უძევს დიდი ზღვარი. ღმერთმა დაიფაროს, ფიქრისათვისაც რომ სასჯელი იყოს დაწესებული. ათასში ერთი თუ გაჰბედავდა ფიქრს.

თავის მოტყუებაც კარგია, როცა იგი სიამოვნებასა ჰგვრის ადამიანს, მაგრამ საკეთილოდ თუ სავალალოდ, ეს თქვენ თითონ განსაჯეთ, ჭკუათმყოფელი ადამიანი თავს ტყუილით არ დაუწყებს კვებას, სინამდვილეს პასუხს მისცემს.

სინამდვილე რაღა ხილია?

სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ის, რასაც თვალით ნამდვილად ყველა ვხედავთ და რაც ყურით გვესმის. ისიც კი უნდა ჩაითვალოს სინამდვილედ, რასაც ნახულისა და გაგონილის გამო ვგრძნობთ. მაშასადამე, სინამდვილეა – ცხოვრება ჩვენი და მისი პირობანი. აგრეთვე ისინი, ვისაც ჩვენ ვხედავთ, ვისთანაც ჩვენ ასე თუ ისე დამოკიდებულება გვაქვს და თვით ბუნება გარემო ჩვენსა. რა თქმა უნდა ნამდვილია, რომ ჩვენ, ქართველები, ერი ვართ და როგორი მერე ? ამის პასუხად ისეთს ვერას ვიტყვით, რომ ან ჩვენ თითონ არ გვეთქვას და არ ვამბობდეთ თავის თავზედ, ან სხვას უცხოელს, გარეშე ადამიანს არ ვაბრალებდეთ არ ეთქვას ჩვენზედ. სიმართლე და სინამდვილე კი ის იქნება, ვთქვათ, – ქართველებს ისეთი ავი ზნე არაფერი გვჭირს, სხვა ერსაც არა სჭირდეს, მაგრამ იმათ არსებობას, სიცოცხლეს და ბედნიერს მომავალს არცერთი ჭკვიანი ადამიანი არ უარჰყოფს, ჩვენ კი აწმყოსაგან გამწარებულნი, ეჭვის თვალით, უსასოოდ შევყურებთ მომავალს, ქართველი ერი „დაბერდაო”.

სრულიადაც არა. მაშ რისა ბრალია? ჯერ ერთი, იმისა, რომ ყველაფერს რასაც წიგნიდან ამოიკითხავს კაცი, დაიჯერებს აუწონ-დაუწონავად და მეორეც იმისა, რომ წაკითხულს სწორედ ვერ გაიგებს. მოგეხსენებათ, მეცნიერმა ოგიუსტ კონტმა ერის სიცოცხლე შეადარა ადამიანის სიცოცხლეს და სთქვა – ერი იმავე ხანებს გამოივლის სიცოცხლისას, რასაც ადამიანი თავის გაჩენის დღითგანო ე.ი. სიყმაწვილეს, სიჭაბუკეს, დავაჟკაცებასა და სხვ. ხოლო კონტს არსად არ უთქვამს, რომ აუცილებლად, უსათუოდ ყველა ერს სიბერე და სიკვდილი მოელისო. კიდეც რომ ეთქვა განა უცილობლად უნდა დავიჯეროთ? განა კონტებმა, კანტებმა და სპენსერებმა რომ სისულელეები წამოროშონ, ვინაითგან კაცნი ვართ, რის გამოც ბევრჯერ შევცდებით და მოვტყუვდებით, ჩვენ იმათ პირიდან ამოსული ბაჯაღლო ოქროდ უნდა მივიღოთ? განა სპენსერი არ მოტყუვდა, ადამიანის სხეული საზოგადოების სხეულს შეუდარა და შეუბადლა, რათა გაემართლებინა, პირნათლად გამოეყვანა მონარქისტული წყობა? მაგრამ არცერთს ჭკუა-გონების პატრონს კაცს არ მიუღია ეს შებადლება.

ვაჟა-ფშაველა

კომენტარები