არქივი

პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე საარქივო კანონში ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირეს.

კანონპროექტი ფრაქცია ევროპულმა საქართველომ ისტორიკოსებთან კონსულტაციის შემდეგომ წარადგინა. საარქივო ფონდების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა მკვლევრებს უახლესი ისტორიის საკითხებზე თავისუფალი და სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას მისცემდათ და საქართველოს საარქივო სივრცეს ევროპულ სტანდარტებთან დააახლოვებდა, ვინაიდან ამჟამინდელ სისტემაში ცვლილება 1991 წლიდან არ შესულა და დასავლური პრაქტიკისაგან განსხვავებით მკვლევრებს შეზღუდული აქვთ გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა და საკუთარი ტექნიკური საშუალებებით ასლების გადაღება.

მიზეზად პერსონალური მონაცემების დაცვა დასახელდა, ხოლო რაც შეეხება არქივში მუშაობის ხელმისაწვდომობას, კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს მიაჩნია, რომ არქივში არსებული ფასები შიდა რეგულაციების საკითხია და ამაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე არ არის საჭირო.

ამავე საკითხზე, 18 სექტემბერს, “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად ცნო საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia ის მიერ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგის დაშტრიხვა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული არქივი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას საშუალებას არ აძლევს, საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგს გაეცნოს. 

არქივი მიზეზად მსხვერპლთა პერსონალური მონაცემების დაცვას ასახელებს. 

წერილში, რომელიც მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა ეროვნული არქივისგან მიიღო, წერია, რომ "ეროვნული არქივის შესახებ" კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ ქვეპუნქტის მიხედვით, "შეზღუდულია მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი". 

ასევე, არქივი სოვლაბს "პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონს" ახსენებს, რომლის მე-7 მუხლის მიხედვით, "გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვლილმა პირმა წერილობითი ფორმით აკრძალა მათი გამჟღავნება".

სოვლაბში კი მიაჩნიათ, რომ ეს დაახლოებით იგივეა, რომ ევროპის რომელიმე სახელმწიფომ მკვლევარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დოკუმენტების გაცნობის უფლება შეუზღუდოს მათი "პერსონალური ინფორმაციის" დაცვის საბაბით.

კომენტარები