აგვისტოს ომი

ირაკლი ალასანიას მოსაზრება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაზე

სააგენტო GHN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ განმარტა საკუთარი პოზიცია  იმასთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოში ვინ დაიწყო ომი.

”ჩემი პოზიცია ზუსტად იგივეა, როგორიც იყო იმ დროს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს ინტერესებს ვიცავდი. ეს იყო აგრესიული ომი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, კონფლიქტის გაჩაღება, ესკალაცია კი დაიწყო მაშინ, როცა ოსურმა მხარემ და  შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა დაიწყეს ჩვენი სოფლების დაბომბვა დიდი ლიახვის ხეობაში.”-  აღნიშნა ინტერვიუში გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და დასძინა: ”  აქ არის  ძალიან მნიშვნელოვანი მეორე საკითხი - როგორ უპასუხა ამ გამოწვევას  და პროვოკაციას სააკაშვილმა. ეს იყო აბსოლუტურად მცდარი ნაბიჯი, რაც გამოიყენა  რუსეთის ფედერაციამ დაეწყო  სამხედრო შეიარაღებული შეტაკება საქართველოს წინააღმდეგ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ცხინვალის დაბომბვა. უნდა გვყოლოდა  მომზადებული შეიარაღებული ძალები, რათა დაგვეცვა ჩვენი სოფლები ლიახვის ხეობაში. ხოლო  იქ, სადაც დაცვა შეუძლებელი იყო, უნდა დაგვეწყო ამ სოფლებიდან  მოსახლეობის ევაკუაცია. შეგვეყვანა საერთაშორისო დამკვირვებლები და მთელი მსოფლიოსთვის დაგვენახებინა, რომ ეს არის პროვოკაცია. სააკაშვილმა თავი გაყო ამ პროვოკაციაში. დაიწყო ცხინვალის დამბომვა რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყო შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე.”

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა მილიარდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც აპირებს პოლიტიკაში ალასანიას ”თავისუფალ დემოკრატებთან” პარტნიორობას. თავის პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნა  მოიშველია  იმის სათქმელად, რომ ”საომარი მოქმედებები  ქართულმა მხარემ დაიწყო”.   ევროკავშირის კომისიის ანგარიშში კი    წერია, რომ კომისიას არ შეუძლია სრული პასუხისმგებლობა  ერთ-ერთ მხარეს დააკისროს.  ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა: ”ნაცვლად იმისა, რომ ომის დაწყებამდე საქართველოს ლიახვის ხეობის სოფლების დაბომბვა საერთაშორისო ზეწოლის გამოყენებით შეეჩერებინა და ამ გზით დაეცვა ეს სოფლები, სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად გაუაზრებელი. არაადეკვატური ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა.”

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას მიერ ნახსენებ  პოზიციას , რომელიც მას 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა, როცა გაეროში საქართველოს წარმოადგენდა.  მაშინ  ,   გაეროს უშიშროების საბჭოში საჯარო დებატებზე     ალასანიამ     რუსეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგვისა და ქართველი ხალხის მოსპობის მცდელობაში დაადანაშაულა და როცა   საპასუხოდ რუსეთის წარმომადგენელმა   საქართველოს ბრალი დასდო ”სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ გენოციდში” ,  ალასანიამ   აღნიშნა, რომ  ამ ”საბჭოთა პროპაგანდის ” სტილის ბრალდებას რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედო აგრესიის  გამართლების საბაბად იყენებდა.  

კომენტარები