აზია

ერთი ნაბიჯი წინ

ინდოეთი და პაკისტანი ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. სამხრეთაზიელმა მეზობლებმა დამოუკიდებლობა 1947 წელს ბრიტანეთის იმპერიისგან მოიპოვეს, მას შემდეგ კი ერთმანეთთან ოთხჯერ იომეს. შეთანხმების მიერ გათვალისწინებული სატარიფო თუ ბიუროკრატიული ბარიერების (სავიზო რეჟიმის ჩათვლით) შემსუბუქება ამ სახელმწიფოთა ეკონომიკურ ურთიერთობაში უპრეცედენტო იქნება. ამას გარდა, პაკისტანი ინდოეთს პრივილეგირებული სავაჭრო ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს – ინდოეთი მეზობელთან ვაჭრობაში იმავე პრივილეგიებით ისარგებლებს, რაც პაკისტანის სხვა, იმავე სტატუსის მქონე პარტნიორებს გააჩნიათ (ინდოეთმა მეზობელს ეს სტატუსი 1996 წელს მიანიჭა). შეთანხმების დეტალები ნოემბერში, ინდოეთის დედაქალაქ დელიში უნდა დაზუსტდეს.

ინდოეთისა და პაკისტანის მოსახლეობა ჯამში 1.4 მილიარდს შეადგენს და ჩინეთისას ოდნავ აღემატება. თუმცა, გასულ წელს, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა მხოლოდ 2.7 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო. ხოლო არალეგალური ვაჭრობა, რომელიც ძირითადად სხვა ქვეყნების გავლით ხორციელდებოდა, 3 მილიარდ დოლარს აღწევდა. პაკისტანის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან კი დაახლოებით სამჯერ მეტს, 9 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შეთანხმების მიხედვით, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვაჭრობის მოცულობა სამ წელიწადში 6 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰინა რაბანი ხანის აზრით, ვაჭრობის ლიბერალიზაცია ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ისინი ეკონომიკურ დივიდენდებს მოკლე დროში მიიღებენ. ინდოელ ბიზნესმენებს მეზობელ ქვეყანაში ინვესტირება გაუმარტივდებათ, პაკისტანს კი გარკვეული პროდუქტების იმპორტი უფრო დაბალ ფასად შეეძლება. ორივე ქვეყნის მწარმოებლებისათვის ახალი ბაზარი გაიხსნება. პაკისტანის ცემენტისა და ტექსტილის სექტორები ინდოეთის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მილიარდიანი მოსახლეობის საჭიროებებით იხეირებენ. ინდოეთს, გრძელვადიან პერსპექტივაში, პაკისტანის გავლით ცენტრალური აზიის ბაზრებზე გასვლის შანსი ექნება.

ინდოეთმა და პაკისტანმა უკვე განაახლეს ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მაგისტრალი (ვაგაჰი) და მისი სატრანზიტო გამტარუნარიანობა გაზარდეს. ორმხრივ ვაჭრობას ხელს ქაშმირის სადავო რეგიონშიც შეუწყობენ.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის მსგავს შეთანხმებაზე საუბარი წლების წინ დაიწყო, თუმცა 2008 წელს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ გაიყინა. ინდოელებმა გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ ტერაქტი პაკისტანელმა ამბოხებულებმა განახორციელეს.

წელს პაკიტანში მომხდარმა კატასტროფულმა წყალდიდობამ ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები დაუმატა. ევროკავშირმა ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებულ ქვეყანას ევროპის ბაზარზე წვდომის პრივილეგიები მიანიჭა. ამით პაკისტანს საშუალება მიეცა ევროპაში სამომხმარებლო და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი უფრო ხელსაყრელი პირობებით განეხორციელებინა. ინდოეთი კეთილგანწყობით შეხვდა ევროკავშირისა და პაკისტანის შეთანხმებას. ჰინა რაბანი ხანის განცხადებით, ამან პაკისტანს კომპრომისისკენ უბიძგა.

პაკისტანელების გააქტიურების მიზეზი, შესაძლოა, უპირველეს საგარეო პოლიტიკურ მოკავშირე ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭებასთან ერთად, ავღანეთ-ინდოეთის დაახლოებაც იყოს. ოქტომბრის დასაწყისში ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი ინდოეთში იმყოფებოდა. მან ინდოელებთან ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა. პაკისტანის სამხედრო ელიტა, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო ხელისუფლებაზე მეტი გავლენით სარგებლობს, ამ ფაქტს წყენით შეხვდა. სამხედროებს არ სურთ აღმოსავლელმა მეზობელმა ფეხი დასავლეთშიც მოიკიდოს და პაკისტანი შუაში მოაქციოს.

პაკისტანელი სამხედროები ინდოეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს უშლიდნენ. ისინი მდგომარეობის ნორმალიზაციის პრაქტიკულად ყველა წამოწყებას ქაშმირის სადავო რეგიონის პრობლემას უკავშირებდნენ, რაც ურთიერთობების განვითარებას აფერხებდა. სიტუაციას ორივე ქვეყანაში მოქმედი არასახელმწიფოებრივი სამხედრო დაჯგუფებებიც ართულებდნენ.

შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, ინდოეთსა და პაკისტანს შორის მთელი რიგი სადავო საკითხები არსებობს. მაგალითად, ისინი სასაზღვრო რეგიონების წყლის რესურსებს ვერ იყოფენ. პრივილეგირებული სავაჭრო პარტნიორის სტატუსი ყველა ბიუროკრატიულ ბარიერს ვერ მოსპობს. თუმცა, ინდოეთისა და პაკისტანის ადრინდელი ურთიერთობების გათვალისწინებით, თუნდაც მცირეოდენი პროგრესი, მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

კომენტარები