ივანიშვილი პოლიტიკაში

დიადი მუნჯი ალაპარაკდა

ივანიშვილი პოლიტიკაში

დიადი მუნჯი ალაპარაკდა

ორი კვირაა რაც შევიტყვეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩაებას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია პირწმინდად დაამარცხოს. მილიარდერის მოულოდნელმა გამოჩენამ მოდუნებული ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრება გამოაცოცხლა – ხელისუფლებას ახალი, ქველმოქმედის რეპუტაციისა და უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობების მქონე, პოლიტიკურ ინტრიგებში გაუსვრელი ოპონენტი მოევლინა, ხოლო დისკრედიტირებულ ოპოზიციას – ლიდერი.

ჯერჯერობით ძალიან ცოტა ვიცით იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რა გავლენას მოახდენს ივანიშვილის გამოჩენა ქართული პოლიტიკური კულტურის [დაბალ] ხარისხზე. რაც ვიცით – ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს.
აქამდე გამოქვეყნებული ინტერვიუები და წერილები, რომლებსაც ჟურნალმა Economist-მა “არათანმიმდევრული და ექსცენტრული” უწოდა, ივანიშვილის პოლიტიკურ ხედვაზე ან იდეოლოგიაზე არაფერს ამბობს, მაგრამ საკმაოდ ნათელ წარმოდგენას ქმნის მისი პოლიტიკური აზროვნების მასშტაბზე.
მილიარდერი გვპირდება, რომ რუსეთთან ურთიერთობას “დაალაგებს”, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებლობას არ დათმობს; “ისეთ ჭეშმარიტ დემოკრატიას” შექმნის, რომ ევროპასაც გააოცებს; ეკონომიკას ისე მოაწყობს, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და არც პენსიონერი; ისეთ სასამართლოს გააკეთებს, რომ მის დამოუკიდებლობაში ეჭვი არავის შეეპაროს – როგორ? ამბობს, რომ არ იცის და სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტს. ვინ არიან სპეციალისტები? – ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ამის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში ხელისუფლებაში “აბსოლუტური უმრავლესობით” მოვა. 
 
ექსცენტრულად გამოიყურება ისიც, რომ ივანიშვილი საკვირველი დემოკრატიის შექმნას ქვეყნის სათავეში მოსვლიდან ორ-სამ წელიწადში გეგმავს და შემდეგ ხელისუფლებიდან მიდის, რათა, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარ პარტიას ჩაუდგეს ოპოზიციაში. მილიარდერი აცნობიერებს, რომ იდეა უჩვეულოა – პარტიის გეგმიური მიტოვება და ოპოზიციაში წასვლა პოლიტიკაში არცთუ მიღებული პრაქტიკაა, ვის გაუგია კანდიდატი
ამბობდეს, ხმა მიეცით ჩემს პარტიას, რომელსაც 2 წელიწადში მივატოვებ, რათა დავუპირისპირდეო – მაგრამ მას ასეთი პრეცედენტის შექმნა სურს. 
 
ზოგადად, ძნელია ოპოზიციის ახალი ლიდერის პოლიტიკურმა გულუბრყვილობამ არ გაგაკვირვოს – ის მეორე პირში ტუქსავს, ჭკუას არიგებს, ერთდროულად აძაგებს და აქებს პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს. ძირითად დროს მათდამი პირადი დამოკიდებულების აღწერას უთმობს, თითქოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ბატონი ბიძინა, მაგალითად, რამაზ საყვარელიძეზე.
აშკარაა, რომ რეგულარულად ადევნებს თვალს ადგილობრივ მედიას, ინტენსიურად უყურებს მაესტროს, კავკასიას, ზოგიერთი რესპონდენტის ციტატები ზეპირადაც კი ახსოვს. ყურადღების მიღმა არც ბეჭდური პრესა რჩება. შედეგსაც ვხედავთ – თამამად შეიძლება ითქვას, რომ მმართველ გუნდსა და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში არსებულ ძალთა ბალანსზე წარმოდგენის “ადეკვატურობით”, ბატონი ბიძინა ქალბატონ ია ანთაძეს უწევს კონკურენციას.
 
ეს ყველაფერი მხოლოდ კომიკური იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ივანიშვილს ძალიან ბევრი ფული აქვს. 
 
მატერიალური ფაქტორი უკვე მოქმედებაშია – მმართველი პარტიის დემორალიზებული მოწინააღმდეგეები იმედიანად არიან, გამოცოცხლდა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაც – მილიარდერის ჭიშკართან პოლიტიკოსების და ძველით ახალი ინტელიგენციის რიგი დგას.
 
შეუძლებელია, ამ სურათმა 2007 წელი და ბადრი პატარკაციშვილი არ გაგახსენოს. მაშინაც ასე მოხდა:
არჩევნებამდე დაახლოებით 1 წლით, ხოლო NATO-ს სამიტამდე რამდენიმე თვით ადრე, ქველმოქმედებით გატაცებულმა ქართველმა მილიარდერმა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა ხელისუფლების შეცვლის მიზნით. მის კართან ფულის მთხოვნელთა რიგი დადგა.
 
თუმცა, მიუხედავად ბევრი მსგავსებისა, პატარკაციშვილისა და ივანიშვილის საწყის პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც შეინიშნება:
 
• პატარკაციშვილი სოციალურად აქტიური ფიგურა იყო, მას ხედავდნენ, ისმენდნენ, იცნობდნენ – ბიძინა ივანიშვილი აქამდე განდეგილივით ცხოვრობდა, საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ ნახა და მოისმინა ის პირველად;
 
• პატარკაციშვილს ჰქონდა ტელევიზია, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ – ბიძინა ივანიშვილმა ისედაც უფუნქციო მეცხრე არხი დახურა, ხოლო პოლიტიკური კარიერა ოპოზიციური არხების განაწყენებით დაიწყო;
 
• პატარკაციშვილს ჯერ კიდევ რუსეთში ჰქონდა სატელევიზიო და პოლიტიკური გამოცდილება ბერეზოვსკის პარტნიორის რანგში – ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზორის ყურება, როგორც თავად აღნიშნა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, პოლიტიკურ პროცესებშიც ამის შემდეგ გაერკვა; 
 
• პატარკაციშვილის დროს ოპოზიციური ძალები ასეთი დისკრედიტირებულები არ იყვნენ. არც პროტესტის მიმართ საზოგადოების ნიჰილისტური დამოკიდებულება იყო ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა;
• პატარკაციშვილს ხელისუფლებაში ჰყავდა მოკავშირეები ჯერ შევარდნაძის, ვაჟა ლორთქიფანიძის და კახა თარგამაძის, ხოლო შემდეგ ჟვანიას და ბურჯანაძის სახით და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა კეთილგანწყობილ გარემოში დაიწყო – ბიძინა ივანიშვილს ასეთი არავინ ჰყავს. 
 
• პატარკაციშვილის დროს ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი განხეთქილება მოხდა – ერთ-ერთი მთავარი პერსონა, ირაკლი ოქრუაშვილი, ოპოზიციაში წავიდა. დღეს მსგავსის განმეორების ალბათობა მინიმალურია. 
 
ამის მიუხედავად, პატარკაციშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ 7% მიიღო და ისე გარდაიცვალა, “რეჟიმი” ადგილზე დარჩა. თუმცა მისმა ფაქტორმა ქვეყნის განვითარებას თავისი დაღი მაინც დაასვა – ოლიგარქმა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების დახმარებით შეძლო სააკაშვილის გუნდი იმპულსურ მოძალადეებად წარმოეჩინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რამაც საქართველოს პოზიციები შეასუსტა.
 
ბუნებრივია, საინტერესოა, ზემოთ ჩამოთვლილი განსხვავებების გათვალისწინებით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა.
 
როგორც უკვე ვთქვი, ივანიშვილის მსოფლმხედველობის შესახებ არაფერი ვიცით და, სავარაუდოდ, ბევრს ვერაფერს გავიგებთ, მაგრამ მის საქველმოქმედო საქმიანობაში გარკვეული იდეოლოგიური კონტური შეინიშნება – კერძო კომუნიზმი. ეს ივანიშვილს მიმზიდველს ხდის ისეთი საბჭოთა გადმონაშთებისთვის, როგორიც ინტელიგენციაა. მილიარდერში ინტელიგენციის წარმომადგენლები იმ პრივილეგიებს ხედავენ, რომელიც მათ სამართლიანი კონკურენციისგან იცავდა და გარანტირებულად აძლევდა გარკვეულ სიკეთეებს. არა იმიტომ, რომ მოცემულ მომენტში მათ ეს პირადი შრომით დაიმსახურეს, არამედ იმიტომ, რომ გარკვეულ ინსტიტუტს წარმოადგენენ, რომელსაც ეს სიკეთე ისედაც ეკუთვნის. შესაბამისად, მათი მხარდაჭერის მოპოვებას ივანიშვილი ნამდვილად შეძლებს. იმავე ლოგიკით, მილიარდერი გულშემატკივრებს ეკლესიაშიც მონახავს – მით უმეტეს, რომ მან ბადრის “იმედის” დაწყებულ ტრადიციას არ უღალატა და სააკაშვილის გუნდი ეკლესიის შეურაცხყოფაში უკვე დაადანაშაულა.
 
თუ ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, მან უნდა შექმნას და დააფინანსოს პოლიტიკური პარტია ან პარტიების ალიანსი. მაგრამ ამისთვის ბატონ ბიძინას თავისი ხუთი, თუ მეტი მილიარდიდან მხოლოდ 130 ათასი ლარის დახარჯვის უფლება აქვს. პოლიტიკური კორუფციის და პროცესის მონოპოლიზაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ფიზიკურ პირს პოლიტიკური პარტიისთვის მხოლოდ 30 ათასი ლარის გაღება შეუძლია. იურიდიულს – 100 ათასის. ეს შეზღუდვა მოქმედებს მაშინაც, თუ საკუთარ პარტიას ეხმარები. 130 ათასი ლარი წელიწადში პოლიტიკური პარტიისთვის რომ ბევრს არ ნიშნავს, დავას არ იწვევს. შედარებისთვის შეგიძლიათ იხილოთ Transparency International-ის მიერ გაკეთებული პარტიების დაფინანსების კვლევა, რომლის მიხედვითაც, ნაციონალურმა მოძრაობამ მხოლოდ იურიდიული პირებისგან 2008 წელს 11 მილიონ 600 ათასი ლარი მიიღო შემოწირულობის სახით. საგულისხმოა ისიც, რომ პარტიის შექმნას ივანიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ საქართველოს მოქალაქეობის საკითხს მოაგვარებს – სასამართლოს მოიგებს ან პრეზიდენტი ხელმეორედ მიანიჭებს, რადგან უცხოელებს კანონმდებლობის მიხედვით პარტიების დაფინანსების უფლება არ აქვთ.
 
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება იყოს უკანონო დაფინანსება, მაგრამ აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება ივანიშვილის მიმართ ლმობიერი არ იქნება. მით უმეტეს, რომ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა, ბევრის აზრით, გამკაცრებას საჭიროებს. მაგალითად, იგივე Transparency International-ი 2011 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ არსებული კანონი არ იძლევა საშუალებას დადგინდეს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წყარო. იგივე ორგანიზაცია პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ არ არსებობს ორგანო, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონთან შესაბამისობას გააკონტროლებდა. ცვლილებების მომხრეა ევროპის საბჭოც. გამორიცხული სულაც არაა, ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია ყურად იღოს და ზემოხსენებული კანონი კიდევ უფრო გაამკაცროს. ასე რომ, ამ მიმართულებით ივანიშვილი ფრთებს დიდად ვერ გაშლის.
 
როგორც ჩანს, მილიარდერი მედიაშიც აპირებს ფულის დაბანდებას – ფაქტია, რომ პოლიტიკაში მოსვლისთანავე ფული შესთავაზა ჟურნალისტებს. მის მოქალაქეობასთან დაკავშირებული ინციდენტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, არ იცის, რომ პოლიტიკოსის მიერ ჟურნალისტებისთვის ფულის შეთავაზება კორუფციაა. მგონი, არც ის იცის, რომ თუ პოლიტიკური პარტია შექმნა, ტელევიზიის ფლობა არ შეუძლია და ამიტომ სთავაზობს საჯაროდ სამმაგ საბაზრო ფასს ტელეკომპანიების მფლობელებს. დღეს, ის ვერც ინკოგნიტოდ იყიდის ტელევიზიას – ოპოზიციის და ზოგიერთი სამოქალაქო აქტივისტის დაჟინებული მოთხოვნით კანონი შესწორდა და ტელეკომპანიის მეწილეს ვინაობის გამჭვირვალობა სავალდებულო გახდა.
 
ამ ვითარებაში ივანიშვილისთვის რთული იქნება მომავალ წელს ხელისუფლებაში “აბსოლუტური უმრავლესობით” მოსვლა. უფრო მეტიც, ეს პირობა მილიარდერს პრობლემას შეუქმნის – ბადრი პატარკაციშვილს დაამსგავსებს, რომელსაც ერთი გენერალური ბრძოლით უნდოდა გამარჯვების მოპოვება, “ან ყველაფერი, ან არაფერი” პრინციპით მოქმედებდა და მიზნის მისაღწევად მასობრივი არეულობის მოწყობაზეც წავიდა.
ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მილიარდერი ხელისუფლებას ვერ დააზარალებს. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად მან ეს უკვე შეძლო და ამაში თავად მმართველმა ძალამ შეუწყო ხელი – პირველ რიგში, მოსახლეობასთან კომუნიკაციის სფეროში დაშვებული შეცდომებით. მაგრამ, ისიც ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ხშირად დაღლილ და დაქსაქსულ ძალას ჰგავს, კრიზისულ სიტუაციაში იკვრება და ორკესტრივით მოქმედებას იწყებს.
 
ფაქტია, რომ ახალბედა პოლიტიკოსის წარმატებას მხოლოდ ფული ვერ უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ მან პოლიტიკური კაპიტალი დააგროვოს, ამომრჩევლის საკუთარ უპირატესობაში დარწმუნება უნდა შეძლოს. რამდენად მოახერხებს ამას ივანიშვილი, რომელიც დღემდე საჯაროდ გამოჩენას ერიდება, წერილებს გვიგზავნის, აგერ უკვე ორი კვირაა პოლიტიკოსობას იჩემებს და არც ერთ პირდაპირ ეთერში არ დამჯდარა  – საკითხავია. გადაჭრით კი მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ბიძინა, როგორც მესია, შედგა – ამას მის მიერ გაცოცხლებული პოლიტიკური გვამების რიცხვი მოწმობს. 
 

კომენტარები