რუსეთის საგარეო პოლიტიკა

პუტინის ევრაზიული საბჭოთა კავშირი

გასულ კვირას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, გაზეთ იზვესტიაში საკუთარი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ევრაზიული კავშირის შექმნის იდეაზე იმსჯელა. 

2012 წლის პირველი იანვრიდან რუსეთს, ბელარუსსა და ყაზახეთს შორის საბაჟო კავშირი ამოქმედდება. პუტინი ამ კავშირის გაფართოების, მასში სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაციის და საბოლოოდ, ევროკავშირის მსგავს პოლიტიკურ ორგანიზაციად ქცევის პერსპექტივაზე წერს. მომავალი პრეზიდენტის თქმით, ახალი ორგანიზაციის მიზანი „მთელი კონტინენტის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონფიგურაციის ცვლილებისთვის რეალური პირობების შექმნა და დადებითი გლობალური ეფექტის” ქონა უნდა იყოს. 

თუ რა იგულისხმება გეოპოლიტიკურ ცვლილებებში, არც რუსი და არც სხვა მკითხველისთვის რთული გამოსაცნობი არ არის. პუტინმა, რამდენიმე წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების წინ, ის ხალხს საკუთარ პროგრამას აცნობს: პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში პუტინი აცხადებს, რომ ეს საბჭოთა კავშირი არ იქნება, სტატიაშივე საუბრობს საერთო ღირებულებებზე. იმ ღირებულებებზე, რომელიც წევრ ქვეყნებს საბჭოთა კავშირში ერთად ცხოვრებამ დაუტოვა.

პუტინის კრემლში დაბრუნების მთავარი ამოცანა ხალხისთვის მიმზიდველია. რუსეთში ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს ევრაზიანიზმის თეორია. მისი მიხედვით, ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორია უნიკალური გეოპოლიტიკური და კულტურული სივრცეა, რომელიც მოსკოვის კონტროლის ქვეშ უნდა გაერთიანდეს. ხალხის იმპერიულ ამბიციებზე თამაშით, პუტინს მათი ყურადღება ეკონომიკური და ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი უსაფრთხოების პრობლემებიდან, წარსული დიდების დაბრუნების ოცნებაზე გადააქვს. 

თუმცა ამჟამინდელმა პრემიერმა კარგად იცის, რომ მისი პოლიტიკური პროგრამა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დიდ ნაწილს არ იზიდავს. მათ ევროპაზე გააკეთეს არჩევანი. ესტონეთი, ლიტვა და ლატვია უკვე ევროკავშირის წევრები არიან და საბჭოთა ნოსტალგია ნამდვილად არ აწუხებთ.

საქართველოც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. დანარჩენ ქვეყნებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რუსეთის ახლო მოკავშირეებს ძნელად თუ ვუწოდებთ.

თუმცა პუტინის შეთავაზება ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ უფროა მიმართული. რეგიონში ჩინეთის როლის ზრდა კრემლს განსაკუთრებით აღელვებს. 2001 წელს, რუსეთმა ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია შექმნა.

რუსეთისთვის ორგანიზაციის მთავარი მიზანი დასავლეთის დაბალანსება იყო. თუმცა ჩინეთმა ეს ორგანიზაცია რეგიონში საკუთარი გავლენის გაზრდისთვის გამოიყენა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ის არის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, საკუთარი სეპარატისტული პრობლემების გამო, პეკინმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ აღიარა. ჩინეთთან რუსეთის დაძაბულობის კიდევ ერთი ნიშანი, გასულ კვირას რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინელი მამაკაცის სასამართლოს წინაშე წარდგენაა. 

თუმცა პუტინის შორს მიმავალ გეგმებს თავი რომ დავანებოთ, არც მისი ახლანდელი საბაჟო კავშირია წარმატებული. ორგანიზაციის დანარჩენი ორი წევრიდან ერთ-ერთის ლიდერი, ევროპის უკანასკნელი დიქტატორი ალექსანდრ ლუკაშენკო, რბილად რომ ვთქვათ, კარგად ვერ ეწყობა პუტინს. ის რამდენჯერმე კავშირიდან გასვლითაც კი დაიმუქრა. ყაზახეთში, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, საბაჟო კავშირს ქვეყნისთვის წამგებიანად მიიჩნევენ. მათი აზრით, საბაჟო კავშირის შექმნის შემდეგ ყაზახეთში საწვავზე და საკვებზე ფასები გაიზარდა. პუტინის საბაჟო კავშირი და მისი ოცნების ორგანიზაცია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მიმზიდველი არ არის. 

კომენტარები