საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები

სარკოზის საარჩევნო ციებ - ცხელება

REUTERS

შენი გვარით აქ წარმატებას ვერ მიაღწევ” – უთქვამს პალ სარკოზის თავისი ვაჟისთვის, როდესაც ნიკოლა მამაზე შთაბეჭდილების მოხდენას სკოლაში მიღებული ნიშნებით ცდილობდა. საფრანგეთში “ცალ-ცალი კალოშით” ჩასული უნგრელი არისტოკრატი ბრიტანულ გამოცემა Telegraph-თან საუბარში აღნიშნავს, რომ დასავლეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიქცა მაშინ, როცა ბუდაპეშტში საბჭოთა ჯარები შევიდნენ – “უნგრეთს თუ არ დატოვებ, ციმბირში ამოყოფ თავს და ვეღარასოდეს გნახავ, – მითხრა დედაჩემმა, – მე დავუჯერე, ავსტრიის გავლით, გერმანიაში, ქალაქ ბადენ-ბადენში, ხოლო იქიდან საფრანგეთში ჩავედი… ჯიბეში გროში არ მედო, პირველი ღამე ქუჩაში, ფეხშიშველმა გავათენე”. 

მალე, პალ სარკოზიმ შეძლებული ექიმის ქალიშვილზე იქორწინა და მასთან სამი ვაჟი – გიიომი, ნიკოლა და ფრანსუა შეეძინა. თუმცა ოჯახი მალევე მიატოვა – მომავალი პრეზიდენტი მაშინ 4 წლის იყო. 

“მე იმ დამცირების შედეგი ვარ, რაც ბავშვობაში გამოვცადე” – უთქვამს პრეზიდენტს. მამამისი შედეგით კმაყოფილია – “როგორც დევნილი, ისე ჩამოვედი, დღეს კი ჩემი შვილი რესპუბლიკის პრეზიდენტია. ნიკოლა ჩვენი ოჯახის წარმატების სიმბოლოა”. უნგრელი იმიგრანტი უფრო შორს მიდის და იმედებს შვილიშვილის, ჟან სარკოზის მომავალზე ამყარებს. ეს უკანასკნელი მამამისის პარტიის, ერთიანი სახალხო მოძრაობის წევრია და სკანდალში გახვევა უკვე მოასწრო – 2009 წელს, ის პრეზიდენტის პარტიამ ევროპის ყველაზე დიდი ბიზნესცენტრის, ლა დეფანსის, განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა. ამ ფაქტს უკიდურესად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა – სარკოზი ნეპოტიზმში დაადანაშაულეს. საფრანგეთის მოსახლეობამ ვერაფრით გაიგო, რა დამსახურებისთვის ნიშნავდნენ ასეთ მაღალ თანამდებობაზე 23 წლის უდიპლომო ახალგაზრდას. ზეწოლა იმდენად დიდი იყო, რომ ჟან სარკოზის პოსტზე უარის თქმა მოუხდა. 

პალ სარკოზის ისტორიას კრიტიკოსები ხშირად იხსენებენ ხოლმე, როდესაც საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის საიმიგრაციო პოლიტიკაზე საუბრობენ – უნგრელი იმიგრანტის ვაჟი, განსაკუთრებით ხისტი, სწორედ იმიგრანტთა მიმართ აღმოჩნდა. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ამბავი 2010 წლის ზაფხულის ბოლოს მოხდა, როდესაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ფრანგმა სამართალდამცავებმა უკანონო ბოშათა ბანაკი აყარეს, საცხოვრებელ ვაგონებს ბულდოზერებით გადაუარეს, ხოლო ბანაკის მცხოვრებლები “უკან” – ევროკავშირში, უფრო ზუსტად – რუმინეთსა და ბულგარეთში, დააბრუნეს. 

  ამ ამბის გამო, ქვეყნის მეთაურს საკუთარი მთავრობის რამდენიმე წევრი გაემიჯნა, მკაცრად გააკრიტიკა პოლიტიკურმა ოპოზიციამ, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებამ. მაგრამ საზოგადოებრივი აზრის კვლევები ადასტურებს, რომ საფრანგეთის მოსახლეობის, სულ ცოტა, ნახევარმა მაინც მხარი დაუჭირა.  

იმიგრანტების მიმართ ფრანგების ამგვარი განწყობის ახსნა რთული სულაც არაა – მათი სოციალური სისტემა ისეა მოწყობილი, იოლი ლუკმის მაძიებელ უქნარებს მაგნიტივით იზიდავს. ამას გარდა, ხისტი კანონმდებლობის გამო, შრომისმოყვარე ადამიანსაც უჭირს სამსახურის დაწყება – საფრანგეთში სოციალური დახმარების “შოვნა” ბევრად იოლი და ხშირად უფრო სარფიანია, ვიდრე დასაქმება. სამსახურიდან თანამშრომლის დათხოვნა იმდენად რთულია, რისკზე წასვლას და გამოუცდელი ადამიანის, თანაც იმიგრანტის დაქირავებას, ყველა დამსაქმებელი ერიდება. ბოლოს ისე გამოდის, რომ დასაქმებულის ინტერესებზე ორიენტირებული შრომის კოდექსი ჩაკეტილ წრეს ქმნის და იმას აზარალებს, ვინც სამსახურს ეძებს.
ვინც არ მუშაობს, ის მასპინძელ საზოგადოებაში უფრო ძნელად ინტეგრირდება და, როგორც წესი, დანაშაულისკენ მეტადაა მიდრეკილი – საფრანგეთში დღემდე არსებობს იმიგრანტთა ისეთი დასახლებები, სადაც მოსალოდნელი საფრთხის გამო, პოლიცია ისე ვერ შედის, თუ ოპერაცია წინასწარ არ დაგეგმა. 

ფრანგების დიდ ნაწილს არ სურს იმიგრანტების საკუთარი ჯიბიდან რჩენა. მით უმეტეს, რომ მათი სახით პოტენციურ კრიმინალებს ხედავს. ამიტომ მზად არის ისეთ აზრს მოკლებულ ნაბიჯსაც კი დაუჭიროს მხარი, როგორიც ევროკავშირის მოქალაქეების საფრანგეთიდან დეპორტირებაა – მაშინ, როდესაც უკან დაბრუნება მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ. 

პრეზიდენტი მზად აღმოჩნდა ამ განწყობით ესარგებლა და იმედგაცრუებული მემარჯვენე ამომრჩევლის გულის მოგება სცადა. მართლაც, შედეგად მისმა რეიტინგმა 2%-ით მოიმატა და 36% გახდა, მაგრამ იქვე დარჩა და დღესაც დაბალია – 30%-სა და 37%-ს შორის მერყეობს. 
“ბავშვმაც კი იცის”, სარკოზის ცოლი რომ კარლა ბრუნია – ყოფილი სუპერმოდელი, რომელსაც მომღერლადაც მოიხსენიებენ ხოლმე. პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე საუბარი ვრცლად შეიძლება, მაგრამ მე მოკლედ ვიტყვი: გაშორდა პირველ ცოლს და რამდენიმე წლის შემდეგ შეხვდა სესილიას, რომელმაც მის გამო ქმარი მიატოვა. შემდეგ იყო ქორწინება, ღალატი და სკანდალური განქორწინება სარკოზის პრეზიდენტად არჩევისთანავე. მაგრამ მოწყენის ნაცვლად, ქვეყნის პირველმა პირმა ერთ თვეში კარლა გაიცნო და მესამე ცოლიც შეირთო. ეს დრამა საინტერესო იმდენადაა, რამდენადაც დაძაბული საპრეზიდენტო კამპანიის პარალელურად ვითარდებოდა. 

მისი პრეზიდენტობის პირველ წლებში ყვითელი პრესა გადაივსო ბატონი და ქალბატონი სარკოზის გართობის ამსახველი, რომანტიკული და ზოგჯერ პიკანტური ფოტოებით. ამბობენ, რომ ფოტომასალას, სხვადასხვა არხებით, თავად პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებდა. ამან სარკოზის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა – ამომრჩეველმა პირველი პირის პირადი ცხოვრების ამგვარი აფიშირება არ მოიწონა, რადგან ჩათვალა, რომ ქვეყნის მეთაურს საქმისთვის არ ეცალა და ცოლთან დროის ტარებით იყო დაკავებული. 

ახლა კარლა ორსულადაა და დღე-დღეზე ბავშვს გააჩენს. ფიქრობენ, რომ ეს პრეზიდენტის იმიჯზე კარგად იმოქმედებს.  

სარკოზის პერსონაზე საუბრისას, გვერდს ვერ აუვლი მის სიფიცხეს – პრეზიდენტი ხშირად ეჩხუბება ჟურნალისტებს, არ ერიდება მათთვის “ჭკუის სწავლებას”, ყოფილა შემთხვევები, როდესაც საფრანგეთის პირველ პირს მიკროფონი მოუგლეჯია და ინტერვიუ მიუტოვებია – მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტის შეკითხვა არ მოეწონა. მისთვის უცხო არც ამომრჩეველთან უხეში პოლემიკის წამოწყებაა.

ფიცხი ხასიათის გარდა, პოლიტიკური ოპონენტების წისქვილზე წყალს ასხამს სკანდალები, რაშიც სარკოზი არაერთხელ გაეხვა. ყველაზე გახმაურებული l’Oreal-ის მემკვიდრის, ქალბატონი ბეტანკურის სახელს უკავშირდება – ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას უკანონო გზით აფინანსებდა. ამას გარდა, გასულ ოთხშაბათს პრეზიდენტის ორი მეგობარი, მათ შორის ერთ-ერთი – მისი მეჯვარე, დააკავეს და დაკითხეს. საქმე ეხება იარაღით უკანონო ვაჭრობას პაკისტანთან და საუდის არაბეთთან, 1994-1995 წლებში ედუარდ ბალადურის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების სანაცვლოდ. საფრანგეთის პირველი პირი მაშინ ედუარდ ბალადურის საბიუჯეტო მინისტრი და კამპანიის სპიკერი იყო.  

სარკოზის ბევრი მუშაობა მოუწევს, თუ არ სურს ერთვადიანი პრეზიდენტების რიგში ჩაეწეროს. საგულისხმოა, რომ ორი კვირის წინ, პირველად 1958 წლის შემდეგ, სოციალისტებმა უმრავლესობა მოიპოვეს სენატში (საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატა). სარკოზის პარტიამ არჩევნებში წაგება არ შეიმჩნია – სამით მეტი ხმა სენატში პოლიტიკურ კლიმატს ვერ შეცვლისო. 7 თვეში კი საპრეზიდენტო არჩევნებია. 

ჯერჯერობით პრეზიდენტს მეორე ვადაზე საკუთარი კანდიდატურა არ დაუყენებია. ცოტა ხანში გაირკვევა სოციალისტების კანდიდატი – 6 ოქტომბრის სატელევიზიო დებატების შემდეგ, მათ შორის ფრანსუა ოლანდი ლიდერობს. ეს ბატონი ამავე პარტიის 2007 წლის საპრეზიდენტო კანდიდატის, სეგოლან რუაიალის ყოფილი პარტნიორი და შვილების მამაა. სოციალისტების შეჯიბრში მონაწილეობას თავად სეგოლანიც იღებს. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ტიპის პრაიმერი საფრანგეთისთვის ახალი ხილია და მოწონებას ყველა ფლანგზე იმსახურებს. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს სოციალისტებმა წელს პრაიმერის ჩატარება, პასუხი ასეთია: მათ გამარჯვება სურთ და ცდილობენ ისეთი კანდიდატი გამოიყვანონ ბრძოლის ველზე, რომელიც სოციალისტთა მომხრეების მაქსიმალურ მობილიზებას შეძლებს. სოციალისტებს, შესაძლოა, პრაიმერი არ დასჭირვებოდათ, მათი კანდიდატი რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი, დომინიკ სტროს-კანი ყოფილიყო. მას, ყველა კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნებოდა მოწინააღმდეგეებზე. სოციალისტებისთვის სამწუხაროდ, სასტუმროს მოახლის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული სტროს-კანი, საფრანგეთის პირველი პირის პოსტისთვის ბრძოლას გამოეთიშა. 

საფრანგეთის პრეზიდენტს ყველაზე მეტად ის მოლოდინი აზარალებს, რაც მანვე შექმნა – მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე, ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების წარმატება მხოლოდ შედეგებით იზომება და შედეგის ჩვენებას კარიერის დასაწყისიდანვე ცდილობდა. 1993 წელს, პარიზის მდიდარი გარეუბნის არჩეული მერი, იგივე სარკოზი, ნაციონალური ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – ის მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა თვითმკვლელ ტერორისტთან, რომელსაც საბავშვო ბაღის ბავშვები ჰყავდა მძევლად აყვანილი – მომავალი პრეზიდენტი საკუთარ თავს სთავაზობდა ტერორისტს მძევალი ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ. ოპერაცია ორი დღის შემდეგ ტერორისტის ლიკვიდაციით დასრულდა. 
ბევრი ამტკიცებს, რომ სარკოზი ხალხს არასოდეს ხიბლავდა, მაგრამ მას ეფექტიანად მიიჩნევდნენ და ამიტომ ენდობოდნენ. ენდობოდნენ, როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. სწორედ ამ მიზეზით აირჩიეს ქვეყნის მეთაურად და არა იმიტომ, რომ მოსწონდათ. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა, ბევრს გაუცრუა იმედი. სარკოზიმ დაპირებული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების მხოლოდ მცირე ნაწილი განახორციელა – გააუქმა მდიდრებისთვის დაწესებული გადასახადი, საპენსიო ასაკი, ოპონენტთა სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, 60-დან 62 წლამდე გაზარდა, შეამსუბუქა შრომის რეგულაციები 35-საათიან სამუშაო კვირასთან დაკავშირებით. სხვა ცვლილებების გატარებასაც შეეცადა და წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო. აი, მაგალითად, დაიწყო საუნივერსიტეტო რეფორმა, მაგრამ გაუთავებელი გაფიცვებისა და დემონსტრაციების გამო, პროცესი შეჩერდა. 

ეს მოსალოდნელიც იყო, რთულია საფრანგეთში ისეთი ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რაც საშუალებას მოგცემს, რომ “მეტი იმუშაო, რათა მეტი გამოიმუშავო” (სარკოზის წინასაარჩევნო დევიზი). მიუხედავად იმისა, ხელისუფლების სათავეში მემარცხენე დგას, თუ მემარჯვენე,  ქვეყანას რეალურად პროფკავშირები მართავენ – რომლებიც მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ სამსახურში.

სწორედ ამიტომ, სარკოზის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საკუთარი ამომრჩეველია. ის თავს მოტყუებულად გრძნობს, თვლის, რომ პრეზიდენტმა თავის რეფორმატორულ დღის წესრიგს უღალატა და ამიტომ არჩევნებზე არ მიდის. საგულისხმოა, რომ 2010 წლის გაზაფხულზე, სოციალისტების გამარჯვებას რეგიონალურ არჩევნებში, მემარჯვენე ამომრჩევლის პასიურობას უკავშირებენ.   

ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სარკოზისთვის სოციალისტებზე დიდ საფრთხეს მარინ ლე პენი წარმოადგენს, რომელსაც ბოლო პერიოდია სარკოზიზე ხან ოდნავ მეტი, ხანაც ოდნავ ნაკლები რეიტინგი აქვს. ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერი, ქსენოფობი და ანტისემიტი მამისგან დისტანცირებას ცდილობს. გაწონასწორებული რიტორიკა აქვს ებრაელების მიმართ. ის ანტიგლობალისტია და ევროკავშირის იდეას გაუმართლებლად მიიჩნევს. ამომრჩეველს ევროზონის დატოვებას და ეროვნული ვალუტის აღდგენას პირდება. რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებას ითხოვს. მემარჯვენე ჰქვია, მაგრამ ამავდროულად უამრავი სოციალისტური იდეა უტრიალებს თავში – კეინსიანელია და რეგულირებული ბაზრის მომხრე, რაც ბევრს ქალბატონი ლე პენის პრაგმატული არჩევანი ჰგონია – ფრანგებს ხომ ევროპელებს შორის, გლობალიზაციის და თავისუფალი ბაზრის ყველაზე მეტად ეშინიათ. 

მაგრამ, მეორე მხრივ, საფრანგეთში მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის ტრადიციული ზღვარი ისედაც მოშლილია – მემარჯვენედ წოდებული პოლიტიკოსები ხშირად მემარცხენე ეკონომიკურ კურსს უჭერენ მხარს და პირიქით. ამის მაგალითი თავად ნიკოლა სარკოზი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიონელ ჟოსპანია – მემარჯვენე პრეზიდენტი გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს თავისუფალ ბაზარს აგინებდა და ეკონომიკაში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლის აუცილებლობაზე საუბრობდა, ხოლო ხისტ სოციალისტად მიჩნეულმა პრემიერ-მინისტრმა, შეიძლება ითქვას, ყველაზე მასშტაბური მემარჯვენე რეფორმები განახორციელა ფრანგულ ეკონომიკაში. 

დღევანდელი მდგომარეობით მარინ ლე პენს შანსი აქვს სარკოზის მოუგოს და მეორე ტურში გავიდეს. აღნიშვნის ღირსია, რომ ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა 2002 წელს, როდესაც მამამისმა, ფაშისტური რიტორიკით სახელგანთქმულმა ჟან-მარი ლე პენმა, პირველ ტურში ლიონელ ჟოსპანს აჯობა და მეორე ტურში შირაკს დაუპირისპირდა. მართალია, მაშინ პრეზიდენტი შირაკი გახდა, მაგრამ მომხდარმა საფრანგეთი და საერთაშორისო საზოგადოება შოკში ჩააგდო. 

საშინაო პოლიტიკისგან განსხვავებით, სარკოზის საგარეო პოლიტიკა პოპულარულია. IFOP-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც სექტემბერში ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა, Paris-Match-მა გამოაქვეყნა, გამოკითხულთა 72%-ს მოსწონს საერთაშორისო ასპარეზზე მისი აქტიურობა. 

საფრანგეთის პრეზიდენტი წინამორბედებს არ ჰგავს – ის ატლანტისტია. ამის გამო, კრიტიკოსებმა სარკოზის “ამერიკელი ნეოკონი ფრანგული პასპორტით” უწოდეს. საფრანგეთის პირველი პირი მეტსახელს არად დაგიდევთ და კვლავინდებურად არხეინად ვარჯიშობს კამერების წინ რუდი ჯულიანის ნაჩუქარი მაისურით, რომელსაც NYPD (ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი) აწერია. 

სარკოზი გლობალური პრობლემების გადაჭრას არა ამერიკის ანტაგონიზებით, არამედ მასთან თანამშრომლობით ცდილობს. ამის მაგალითი ლიბიის კამპანიაა, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი უფრო დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით ასრულებს თავისუფალი სამყაროს ლიდერის ფუნქციას, ვიდრე თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარი. მიუხედავად იმისა, რომ სარკოზის გლობალური მისიონერობა ყოველთვის ხიბლავდა, ბევრი მის ახლანდელ შემართებას მომავალი არჩევნებით ხსნის. 

 მართლაც, აშკარაა, რომ საქართველოში, ისევე როგორც რამდენიმე კვირის წინ ლიბიაში ვიზიტი, სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მას სურს საკუთარ ამომრჩეველს შეახსენოს, ვინ გადაარჩინა ჰუმანიტარულ კატასტროფას ლიბია და ვინ შეაჩერა რუსული ტანკები თბილისის მისადგომებთან. ეს რომ ასეა, თბილისში ვიზიტის ფორმატიც მოწმობს – საფრანგეთის პრეზიდენტმა ქართველ ხალხთან შესახვედრად თავისუფლების მოედანი აირჩია და ზუსტად იქიდან მიმართა მათ, სადაც 2005 წელს ჯორჯ ბუში იდგა. 

არ ვიცი რამდენად გამოადგება საქართველოს მხსნელის ან ლიბიის განმათავისუფლებლის იმიჯი საფრანგეთის პირველ პირს წინასაარჩევნოდ. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, არჩევნების ბედს საშინაო საკითხები წყვეტს და არა საგარეო პოლიტიკა. მაგრამ ჩვენთვის მისი სტუმრობა კიდევ ერთ შესაძლებლობად იქცა მსოფლიოსთვის საფრანგეთის პრეზიდენტის პირით გვეთქვა, რომ საქართველო არის თავისუფალი, ევროპული ქვეყანა, რომ მას აქვს სუვერენული უფლება გაერთიანდეს მისთვის სასურველ ალიანსებში და რომ “ერთ დღეს” ასეც მოხდება. 

პოლიტიკოსმა, რომელმაც ომამდე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება დაბლოკა, ხოლო ომის შემდეგ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მისტრალი მიყიდა, “საფრანგეთის მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ” რუსეთს შეახსენა, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და გავლენის სფეროების პოლიტიკა წარუმატებლობისთვისაა განწირული. საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსკოვს მოუწოდა საკუთარ “სიტყვას” პატივი სცეს, შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს დესტაბილიზაციის მცდელობა. 

ნიკოლა სარკოზიმ კეთილ სიტყვებს რომ საქმე მოაყოლოს, სულ მცირე, ფრანგი ამომრჩევლის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. ამისთვის მას ძალიან ცოტა დრო დარჩა. 

კომენტარები