კალათბურთი

რეანიმატორები

საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა 2 მოგებით, 2 წაგებით და 1 უემოციო 40 წუთით დახურა. საინტერესო, გახსნილი, ემოციური კალათბურთი ბელგიასთან (81:59). ყველაზე სრულყოფილი კალათბურთი დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის გასახსენებელში, უკრაინასთან მეორე ტაიმში. მოტივირებული და ოდნავ პასიური სირბილი რუსეთთან (58:65). გადაკეტილი პერიმეტრი სამ მეოთხედში სლოვენიასთან და გახსნილი პერიმეტრი ბოლო მეოთხედში. ისევ სლოვენიასთან. ერაზემ ლორბეკის ნაკრებმა 15 სამიანი ჩაგვისვა და 87:75 გვაწყენინა. ბოლო ტესტი ბულგარული იყო. მოსაგები, უკომპლექსოდ სათამაშო დრო ქართულად მოვკალით.

ბულგარეთთან საქართველომ ქართული კალათბურთი ითამაშა. ქართული კალათბურთი უსისტემო და მძიმე სპორტია. მანამდე, რუსეთთან, სლოვენიასთან, ბელგიასთან და უკრაინასთან კოკოშკოვის კალათბურთს ვთამაშობდით.

გიორგი ცინცაძემ მძიმე ტრავმა მიიღო
მეორე ეტაპზე უკრაინამ შეგვაგდო. უმოტივაციო, უმუღამო უკრაინამ ძალიან ცუდ ბელგიას მოუგო. ჩვენ ბულგარეთთან 69:79 წავაგეთ და უკრაინამ უბეგინო ბელგიას +13 (74:61) დაუტოვა. ბელგია ბრიუსელშია, უკრაინა უკრაინაში და კოკოშკოვის გუნდი – ვილნიუსში. მეორე ჯგუფურ ეტაპზე, საიდანაც ფლეი-ოფში ოთხი გუნდი გადის, საბერძნეთი, მაკედონია და ფინეთი წამოვიდა. რუსული ბორმანქანა და სლოვენიის კოპერფილდებიც ჩვენთან დარჩნენ. რუსეთთან ნაჩვენები კალათბურთით, მეორე ეტაპზე გასვლას ვიმსახურებდით. ბულგარეთთან კალათბურთით, მეორე ეტაპზე სხვა უნდა გასულიყო.

ბულგარეთთან მარტივი, მშვიდი კალათბურთით მარტივად, მშვიდად მოვიგებდით. მეჯიქის ლეიკერსი მარტივად ვერ შეასრულებდა. იმ ლეიკერსს მეჯიქი ჰყავდა. ჩვენ ლეიკერსი ვერ ვართ. საქართველოს ნაკრებს გიორგი ცინცაძე ჰყავს. რომელიც ყოველთვის ვერ გაქაჩავს და კოკოშკოვმა ეს უნდა დაინახოს, დანახვამდე უნდა იგრძნოს და გაშიფროს. ცინცაძემ გაშალა ფლეში უკრაინასთან და უხერხულად ირბინა ბულგარეთთან. იმ მომენტში ფლეიმეიქერის გარეშე დავრბოდით და მეორე სწრაფი ტიპი, მარკიზ ჰეინსი პირველ ნომერზე არ და ვერ დადგება. ჰეინსი ჩამგდებია და ჩვენ რეანიმატორი გვინდოდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის 12 უძლიერეს გუნდს შორისაა
ჩვენი შედეგი წარმატებაა და წარმატებაში გაგვიმართლა. არ გაგვიმართლა ადრე, ერთ-ერთი საკვალიფიკაციოს დროს, ისლანდიაში პუტკუნა მეთევზემ რომელიღაც გეიზერიდან რომ ჩაგვიგდო. არ გაგვიმართლა, შემონდ უილიამსი რომ ვერ გამოვიყენეთ. არ გაგვიმართლა, ტეემუ რანიკო საქართველოსთან ჯონ სტოქტონი რომ იყო. არ გაგვიმართლა, რომ სხვას უმართლებდა. ბულგარეთმა ჩვენთან კალათბურთი ითამაშა. ამაშიც არ გაგვიმართლა. ბულგარეთმა ჩვენი კალათბურთი იცოდა.

კოკოშკოვი ჩვენთვის თითქმის დევიდ ბლატია. რუსებმა ბლატით ევროპის ჩემპიონატი მოიგეს და ჩვენ კოკოშკოვის ინტელექტით კალათბურთის თამაში და კალათბურთელების გამოყენება ვისწავლეთ. კოკოშკოვიც რეანიმატორია. უბრალოდ, თუ ვინმეს ვეღარ ამოქაჩავს, იმას შეცვლის და დაივიწყებს. სამწუხაროდ, ჯერ შესაცვლელს ახლით ვერ ვცვლით და კოკოშკოვის დონის სპეციალისტის რეზერვი არ მოდის.

მანუჩარ მარკოიშვილი
ბულგარეთით ბევრი ბონუსი დავკარგეთ და გავიშიფრეთ. ბოლო რამდენიმე წუთში ბულგარელების ლიდერი, ერლ როულენდი დერონ უილიამსი იყო და ფილიპ ვიდენოვმა სკოტი პიპენის უნივერსალიზმი დაქოქა. ბულგარეთი იყო პილორამა, რომელიც მშვიდად ჭრიდა წაქცეულ ხეს. ის ხე ზაზა ფაჩულიას ტრავმის შემდეგ წაიქცა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი უკეთესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნებისმიერ ფაჩულიასთან ერთად, საქართველო ბულგარეთზე, უკრაინაზე და ფინეთზე კარგია. ზაზა ვერ ასრულებდა და ზაზას გარეშე საქართველომაც ვერ შეასრულა.

ამერიკაში ბევრი მაგარი ბიჭი დარბის. პირველი ცენტრი დუაიტ ჰოვარდია. ჰოვარდის ორლანდო ჩემპიონი ვერ გახდა. პირველი ცენტრი ლებრონ ჯეიმსია. ლებრონის მაიამი ჩემპიონი ვერ გახდა. პირველი კალათბურთელი კობი ბრაიანტია. ბრაიანტის ლეიკერსი დიდ ფინალამდე დაიშალა. ჩემპიონი დალასია. დალასში პირველი გუნდია. და მავერიქსში ყველაზე კარგი და გამოცდილი რეანიმატორი, დირკ ნოვიცკი მუშაობს. დირკმა საქმე იცის.

თორნიკე შენგელია
საქმეს კოკოშკოვიც აკეთებს. სერბმა დეტროიტში უხასიათო, მძიმე და ელეგანტური ლარი ბრაუნისგან ყველაფერი საჭირო აითვისა. ბრაუნმა დეტროიტს ერთი დიდი ფინალი (2004) მოაგებინა. ლარის ყოველთვის, ჯეისონ კიდის ნიუ ჯერსისთან, კობის, შაკის, პეიტონის და მელოუნის ლეიკერსთან სათადარიგო ვარიანტი ჰქონდა. ლარის სათადარიგო ვარიანტი ჩონსი ბილაფსის მაჯა და ამ მშვიდი ტიპის ინტელექტი იყო. ყოველთვის არსებობს სათადარიგო ვარიანტი. ბულგარეთთან სათამაშოდ საქართველო ამ ვარიანტის გარეშე გავიდა და დაავიწყდა, რომ უნდა მოეგო. იმ მომენტში რეანიმატორი გვაკლდა. თუმცა გავედით და ეს ძალიან დიდი ნაბიჯია!

მეორე ეტაპი
პასიური ფაჩულია მაკედონიასთან მაინც ჩვენი ჯოკერი იქნებოდა. სამწამიანში დაშლილი, მოსაწესრიგებელი თამაშით ქაოსი პერიმეტრზეც გადადიოდა და უინტერესო მაკედონიასთან წავაგეთ. მაკედონია სტატისტიკურად ერთი მოძრავი ბიჭის (ბო მაკალები) გუნდია და რეალურად, ქულის აღებაში ხელს ყველა გიშლის. სამწამიანში ზაზას ჩაყენებით გავხსნიდით პერიმეტრს და ფაჩულია პერო ანტიჩზე დარჩებოდა. ზაზა კარგი პეროა. ძირითადი ცენტრის გარეშე, კოკოშკოვმა ცენტრად ფორვარდი ნიკა ცქიტიშვილი დააყენა, რომელმაც კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი და თითქმის უნაკლო კალათბურთი ითამაშა.

ვიქტორ სანიკიძე
ნიკამ თამაშიდან 7 სროლა ვერ გამოიყენა. ნიკამ მომენტებში დაზღევაზე ასვლა დააგვიანა. ნიკამ ორჯერ სასროლი არ ისროლა. ნიკა ცქიტიშვილი მაინც მთელი ნაკრები იყო. ცქიტიშვილი-ცენტრი მოხსნაზე პერო ანტიჩს ასწრებდა და ცქიტიშვილი-ფორვარდი მაკედონიის ყველა ცენტრს ერთი ნაბიჯით უსწრებდა. ყველგან უსწრებდა. ფორვარდი, რომელიც მანამდე საშუალოდ ცოტა ქულას და მხოლოდ 1 მოხსნას აგროვებდა, ორმაგ დუბლს იღებს. საწყენია, რომ ეს ვერ გამოვიყენეთ.

ისევ ბევრი შეცდომა (21) დავსვით. დაცვაში პასიურობას წინ, ჩასაგდებ სიტუაციაში ბავშვური, სამოყვარულო კალათბურთი ცვლიდა და მაკედონია ამას ხედავდა. მაკედონიას არ მოუგია. ბო მაკალებს დერეფანი გავუხსენით და ელ ეიდან სკოპიეში ჩასახლებულმა ბიჭმა 27 ქულა შეაგროვა. მაკალები კარგია და კოკოშკოვის ნაკრები – მაკედონიაზე უკეთესი. ცოტა ავიჭერით, სადღაც ჩვენი ვერ ავიღეთ და მაკედონიამ ეს სტატისტიკური ნამცეცები შეაგროვა და მოიგო.

სათამაშო კიდევ გვაქვს. ამ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი სათამაშოა. ლიტვა ესპანეთის სათამაშო იყო, სერბეთით ლიტვა გაერთო, ლუოლ დენგი ყველასთან ერთობოდა. კოკოშკოვის ნაკრები თამაშობს და კონსპექტში ბევრ რამეს იწერს. ამ ჩანაწერებს შემდეგი ევრობასკეტისთვის გამოიყენებს. უკეთესი შედეგი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს შედეგიც შედეგია. დაგვიჯერეთ, ასეა.

კომენტარები