ნაფიცი მსაჯულები

ცოლს სცემდა, დამახინჯებით ემუქრებოდა – ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ოჯახურ ძალადობაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემაში, მუქარაში, იძულებასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კაცს სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

"სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული  გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, აკონტროლებდა ტელეფონში მიმოწერებს, შემავალ და გამავალ ზარებს და იმ მოტივით, რომ იყო მამაკაცი, მოითხოვდა მის უსიტყვოდ მორჩილებას. ბრალდებული მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანებით და სხეულის დამახინჯებით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინებდა.

2023 წლის 12 ოქტომბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ბრალდებულმა სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის განხილვისას, გამოხატა სასამართლოს უპატივცემულობა და პროკურორს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, წერილობითი დოკუმენტები და ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები