საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში

კალაძე: განხორციელდება ტრამვაის პროექტი, რომელიც დიდ დიღომს დიდუბის მეტროსთან დააკავშირებს

კახა კალაძე
თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ტრამვაის ხაზი აშენდება, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას დიდუბის მეტროსადგურთან დააკავშირებს.

კალაძის თქმითვე, ტრამვაის ხაზი 7.5 კმ იქნება და მას 11 გაჩერება ექნება.

როგორც მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამშენებლო სამუშაოებსა და ხაზის პროექტზე ტენდერს მერია დღეს გამოაცხადებს.

"საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. 

მანამდე თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით ტენდერი, გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით - თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი.  

ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდება. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში 35 წლის შემდეგ დაბრუნდება ტრამვაი.

ქალაქში პირველად აშენდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ დიდუბესთან დააკავშირებს". - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე. 

კალაძის თქმით, ტრამვაი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში ინტეგრირდება.

ცნობისთვის, 2023 წელს გამოქვეყნებული, თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილებოდა. 

კომენტარები