ივანიშვილის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა.
"ტენდერი გულისხმობს, დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელ საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას და რა თქმა უნდა, პარალელურად, სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებას.
ტრამვაის ხაზი, რომელიც დაცვით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება დიდუბის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიას, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან". - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმითვე, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ 7.5 კმ განისაზღვრა, რომელსაც 11 გაჩერება ექნება.
ივანიშვილის მერის განცხადებით, ტენდერი გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს დეპოს მოწყობასაც, რომელიც გათვლილი იქნება 10+1 ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციისთვის.
"ტენდერი უკვე დეკემბერში უნდა გაიხსნას და იმედი გვაქვს, რომ ბევრი კომპანია იქნება დაინტერესებული მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში, უკვე როდესაც გვეცოდინება, თუ ვინ არის კომპანია, რომელიც შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს, მას მიეცემა 36 თვე იმისთვის, რომ მთლიანად პროექტი განახორციელოს". - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისში ტრამვაის მშენებლობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. 20 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ "საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე".
შეგახსენებთ, 2023 წელს გამოქვეყნებული, თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილებოდა.





