საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში

დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზი განიხილება

დიდი დიღომი
რატი ბექაური

თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილება. 

"დიდი დიღომი ყველაზე სწრაფად მზარდი საცხოვრებელი უბანია თბილისში, სადაც მოსახლეობის თითქმის 55%-ით გაზრდაა მოსალოდნელი 2022-2042 წლებში. დიდი დიღომი საბჭოთა პერიოდში გაშენდა ქალაქის ჩრდილოეთით, როგორც ახალი საცხოვრებელი უბანი. იგი ყოველთვის განიცდიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცუდ კავშირს. ამჟამად ტერიტორიას გადატვირთული ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურება, რის შედეგადაც ადამიანები ქალაქის ცენტრში უმეტესად ავტომობილით მგზავრობენ." - ნათქვამია გეგმაში.  

დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა, დიდ დიღომთან სარკინიგზო კავშირის შემდეგი ვარიანტები შემოგვთავაზა:

ვარიანტი 1: ცენტრალური რკინიგზის სადგური სარაჯიშვილის გავლით დიდ დიღმამდე - ტრამვაის მატარებელი, რომელიც მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელზე ივლის სარაჯიშვილის სადგურამდე, შემდეგ კი სპეციალური ტრამვაის ხაზით გადაადგილდება. ეს დაკავშირებული იქნება შემოთავაზებულ სამგზავრო სარკინიგზო ქსელთან;

ვარიანტი 2: დიდუბის სატრანსპორტო კვანძიდან დიდ დიღმამდე - ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება;

ვარიანტი 3: საბურთალოდან დიდ დიღმამდე - ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება.

გეგმაში პროექტის მშენებლობის სავარაუდო დაწყების თარიღად 2033 წელია მითითებულია, ხოლო ექსპლოატაციის დაწყების სავარაუდო თარიღად  2035 წელი. ბიუჯეტი 276,300,000 აშშ დოლარი იქნება. 

Ramboll-ის მიერ შედგენილ გეგმაში დიდი დიღომში ტრანსპორტირების მოგვარების კიდევ ერთ გზად საბაგიროა დასახელებული. საბაგირო განიხილება დელისი - დიდი დიღმის მიმართულებით. 

"საბაგირო სისტემების აშენება უფრო იაფია, ვიდრე მეტრო ან ტრამვაი, განსაკუთრებით ისეთ რელიეფზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებების განვითარება მნიშვნელოვან ტექნიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული". - წერია გეგმაში.

კომენტარები