გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, "მსურველთა კოალიციის" წვერ სახელმწიფოებს უკრაინაში 25 000 ჯარისკაცის მობილიზება გაუჭირდებათ.
გამოცემა წერს, რომ 10 აპრილის შეხვედრაზე ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ადმირალმა ტონი რადაკინმა, კოლეგებს ჰკითხა, შეძლებდნენ თუ არა 64 000-კაციანი ძალის შექმნას, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გაიგზავნება.
შემდგომი დეტალური განხილვებისას, რომლებიც ბრიუსელში, მცირე ჯგუფში გაიმართა, მოკავშირეები უფრო გულწრფელები აღმოჩნდნენ.
Times-ის წყაროს ინფორმაციით ევროპის თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ამ რაოდენობის შეიარაღებული ძალის გაერთიანება გამორიცხულია და ერთობლივი ძალისხმევითაც კი 25 000 ადამიანის მობილიზება ძალიან გაჭირდება.
გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი უფრო მეტად უკრაინის დასავლეთში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნაზე ფიქრობენ. ამჟამად მთავარი აქცენტი საჰაერო და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად უკრაინის არმიის აღდგენასა და გადაიარაღებაზე კეთდება.
"რუსეთს ჰყავს 800 000 ჯარისკაცი ჰყავს, თუ ჩვენ 64 000-საც ვერ ვაგროვებთ, ეს სისუსტეა". - აღნიშნა შეხვედრაზე ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე საკალიენემ.
Times წერს, რომ სახმელეთო ძალების გაგზავნა ესტონეთსა და ფინეთსაც არ სურთ, რადგან სასაზღვრო დაცვის დასუსტების რისკებს ხედავენ. პოლონეთმა, ესპანეთმა და იტალიამ კი ნათლად განაცხადეს, რომ ჯარის გაგზავნას არ აპირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთი ბრიტანეთის მსგავსად 5 000-დან 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას განიხილავს.
კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, გერმანიაც სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა ბერლინი ამ ვარიანტს საბოლოოდ არ გამორიცხავს.
The Times-ის ინფორმაციით, ყველაზე რეალისტური გეგმის მიხედვით, ბრიტანელი და ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები დასავლეთ უკრაინაში იქნებიან განლაგებულები, თუმცა ისინი არ იქნებიან ფრონტის ხაზთან, არ დაიცავენ უკრაინის ჯარს და სტრატეგიულ ობიექტებს პატრულირებას არ გაუწევენ.





