საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში, მე ვფიქრობ, რომ ამის დიაგნოზი არის ის რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით, არაჯანსაღი დამოკიდებულებით ეკლესიისადმი, ეკლესიის ხმისადმი, მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს." - თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ TV იმედის სიუჟეტში ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რატომ გახდა ეკლესია სამიზნე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია 17 ივნისს მიიღო.
ანგარიშში წერია, რომ ეკლესია კვლავ რჩება გავლენიან ინსტიტუტად ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში.
"გამოხატავთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების არხებად გამოყენების გამო მთელ საქართველოში, რაც მიზნად ისახავს პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მედეგობის შერყევას.
საქართველოში ზოგიერთი სასულიერო პირი შეეწინააღმდეგა ამგვარ ინსტრუმენტალიზაციას და ხმამაღლა გამოვიდა როგორც რუსული გავლენის, ისე ქართული ოცნების რეჟიმის პოლიტიკის წინააღმდეგ.
ხაზგასმულია, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეპარქიები და სამრევლოები ევროკავშირშიც არსებობენ, რაც მიუთითებს ტრანსნაციონალური დეზინფორმაციული მცდელობების მიმართ სიფხიზლისა და მედეგობის აუცილებლობაზე." - წერია რეზოლუციაში, რომლის ავტორი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.




