ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ არსებულ ენერგოკომპანია Интер РАО-ს, რომელიც შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქართველოში "თელასისა" და ჰიდროელექტროსადგურების – "ხრამჰესი I-ისა" და "ხრამჰესი II-ის" – არაპირდაპირი მფლობელია.
ევროკავშირმა Интер РАО სანქცირებულ სუბიექტთა სიაში რუსეთის წინააღმდეგ 23 ივლისს დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში შეიყვანა.
ევროკავშირის საბჭოს თანახმად, რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ არსებული Интер РАО ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ეკონომიკაში.
"რუსეთის ფედერაციის მთავრობა სსს "Inter RAO UES"-ის შემოსავლების ნაწილს კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადებისა და მფლობელების მიერ გადახდილი დივიდენდების სახით იღებს". – ნათქვამია სანქციების დაწესების დასაბუთებაში.
დოკუმენტის მიხედვით, Интер РАО, "მაშასადამე, ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე".
რუსული ენერგოკომპანია Inter RAO UES ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V.-ის 100%-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. Silk Road Holdings, თავის მხრივ, პირდაპირ ფლობს კომპანია "თელასის" აქციათა 75.108%-ს.
Интер РАО ასევე ნიდერლანდებში რეგისტრირებული Gardabani Holdings B.V.-ის 100%-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. Gardabani Holdings კი პირდაპირ ფლობს "ხრამჰესი I-ისა" და "ხრამჰესი II-ის" აქციათა 100%-ს.
ამასთან, Silk Road Holdings-ს "თელასის" დარჩენილი 24.892%-იანი წილის შესაძენად სატენდერო შეთავაზება აქვს გამოცხადებული. შეთავაზებების მიღების ვადა 31 ივლისს იწურება, რის შემდეგაც განაცხადების განხილვა 7 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო აქციების შეძენა 21 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს.
ევროკავშირის სანქციების სიაში Интер РАО-ს შეყვანამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ კომპანიებზეც, რომლებსაც სანქცირებული რუსული ენერგოკომპანია საქართველოში აკონტროლებს, ვინაიდან ამჟამინდელი სტრუქტურით, Интер РАО "თელასისა" და "ხრამჰესების" არაპირდაპირი მფლობელია.
რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში, ევროკავშირის ბანკებსა და კომპანიებს შესაძლოა, აეკრძალოთ Интер РАО-ს მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებულ კომპანიებთან ტრანზაქციების შესრულება, ასევე მათი თანხებით ან ეკონომიკური რესურსებით უზრუნველყოფა და გარკვეული მომსახურებების გაწევაც.
სანქციებმა შესაძლოა, შეზღუდოს Интер РАО-ს უნარიც, რომ ნიდერლანდებში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიების მეშვეობით საკუთრების უფლებებით ისარგებლოს. ეს შეიძლება შეეხოს ხმის მიცემის უფლებას, დირექტორების დანიშვნას, დივიდენდების დამტკიცებასა და მიღებას, წილების ყიდვა-გაყიდვასა და სხვა მნიშვნელოვან კორპორაციულ გადაწყვეტილებებს.
სანქციები განსაკუთრებით საყურადღებოა "თელასის" დარჩენილი წილის შესაძენად გამოცხადებული სატენდერო შეთავაზების კუთხითაც. ვინაიდან Интер РАО-ს შვილობილი Silk Road Holdings ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, წილების შესყიდვას შესაძლოა, ნიდერლანდების შესაბამისი ორგანოს ნებართვა დასჭირდეს. შედეგად, ტრანზაქცია შეიძლება შეფერხდეს ან საერთოდ დაიბლოკოს.
"თელასი" და "ხრამჰესები" ევროკავშირს სანქცირებულ სუბიექტთა სიაში ცალკე არ შეუყვანია. თუმცა, აქტივების გაყინვის შესახებ ევროკავშირის წესები, ჩვეულებისამებრ, ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომლებსაც სანქცირებული სუბიექტი პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს ან მათი წილის უმრავლესობას ფლობს.




