საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ერთობლივ დეკლარაციას ხელი თბილისში ვიზიტით მყოფმა უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზიოევმა და ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერეს.
"ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის. საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ". - წერს ივანიშვილის მთავრობის პრესსამსახური.
დღესვე კობახიძესა და მირზოევს შორის პირისპირ შეხვედრაც გაიმართა.
"პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ხაზი გაესვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლესი დონის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.
ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ რეგიონული დაკავშირებადობა და ინფრასტრუქტურის განვითარება ორი ქვეყნის თანამშრომლობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. საუბარი შეეხო შუა დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო მარშრუტის გაძლიერების მნიშვნელობას". - წერია ივანიშვილის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.




