საქართველო-უზბეკეთი

"მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი" - ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი, შავკატ მირზიოევი

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

მათი ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

"საუბარი შეეხო ეკონომიკურ კავშირებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერების საკითხებს. ამ კონტექსტში აღინიშნა შესაძლებლობები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო უზბეკეთს განიხილავს, როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესები და თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე ნება აერთიანებს." - ნათქვამია განცხადებაში.

ყაველაშვილმა შავკატ მირზიოევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი გადასცა, რომლითაც უცხოეთის ის მოქალაქეები ჯილდოვდებიან, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

კომენტარები