სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის ინფორმაციით, ის უშედეგოდ ცდილობს ხოშტარიას ექიმ მაკა იოსელიანთან შეხვედრას. ის აცხადებს, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს შეხვდეს და გაესაუბროს ექიმს.
"ექიმი გამოვიდა პენიტენციური დაწესებულებიდან და ვციტირებ მის სიტყვებს, რომ ამ შემთხვევაში მსჯავრდებული ელენე ხოშტარიას და ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, პაციენტი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეაო, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელი არის მისი გასინჯვაო...
რა თქმა უნდა, მივიღე გადაწყვეტილება მყისიერად და დავავალე შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჩვენი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს რომ მომხდარიყო კომუნიკაცია ქალბატონ მაკა იოსელიანთან... მას ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრა გუშინ, დღის ნებისმიერი პერიოდში, თუმცა, სამწუხაროდ, და ჩემდა კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ გასაოცრად, პასუხი მივიღე, რომ მას უბრალოდ, ასე ვთქვათ, არ ეცალა. [...]
როდესაც ექიმი გამოდის და იძახის, რომ ადამიანი განიცდის, ასე ვთქვათ, საშინელ ტკივილებს და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრები პენიტენციურ სამსახურს, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ არ ვიცი, ყველაფერს მოკლებულია... მზად ვარ, ნებისმიერ დროს, რომ შევხვდე მას." - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანა, ვიდრე ექიმს შეხვდებიან, პატარიძემ უპასუხა: "დიდი ბოდიში, მაგრამ ამიტომ მინდა, რომ ექიმს შევხვდე, გავცვალოთ ასე ვთქვათ პოზიციები იმიტომ, რომ ჩვენც გვაქვს საკმაოდ საინტერესო, ანალიზი, როგორც ლაბორატორიული ანალიზის პასუხები, ასევე კიდევ სხვადასხვა დეტალები. ეს გვინდა, რომ უბრალოდ ექიმთან გავიაროთ იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის, მსჯავრდებული ელენე ხოშტარიას მიერ ნდობით აღჭურვილი პირი. [...]
საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მე მსჯავრდებული ელენე ხოშტარიასგან, საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მე მისგან, ამას თავად მიხვდება, ამას მოგვიანებით. თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ ასე ვთქვათ რაღაცა კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე ნუ მაშინ მე უკვე იძულებული ვიქნები უკვე სხვა ნაბიჯები გადავდგა. თუმცა, მე ვიცავ მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ."
რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".
ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.
უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.
თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.
პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.
25 ივნისს ექიმმა მაკა იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში პარტია დროას ლოდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა. მისი თქმით, ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო, პაციენტს გაუჭირდა სამედიცინო მაგიდაზე დაწოლაც კი.
ექიმის ინფორმაციით, 2024 წლის დიაგნოზი არის რადიკალურად შეცვლილი, დამატებულია წვრილი სახსრები, ხერხემლის, კერძოდ მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გავა-თეძო სახსრის ანთება
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.




