ტრამპის საგარეო პოლიტიკა

კრემლი აცხადებს, რომ აშშ-ს ქმედებების მიუხედავად რუსეთი კუბის რეჟიმს "აქტიურად დაეხმარება"

REUTERS/Marco Bello

კრემლმა 21 მაისს განაცხადა, რომ რუსეთი კუბის რეჟიმს "აქტიურ მხარდაჭერას გაუწევს" მიუხედავად იმისა, რომ აშშ კუნძულოვანი ქვეყნის "დაშინებასა" და მისი კომუნისტური მთავრობის გარშემო "სანქციებით ყულფის" მოჭერას ცდილობს. 

"ამ უკიდურესად რთულ პერიოდში ჩვენ ძმური კუბელი ხალხის ყველაზე აქტიურ მხარდაჭერას გავაგრძელებთ," განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, რეპორტიორებს. 

"ვადასტურებთ ჩვენს სრულ სოლიდარობას კუბის მიმართ და მტკიცედ ვგმობთ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის, დაშინების, უკანონო ცალმხრივი შემზღუდავი ზომების, მუქარებისა და შანტაჟის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას." – დაამატა მან. 

ზახაროვას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის დახმარებას გაუწევს რუსეთი კუბის რეჟიმს, თუმცა, მან აღნიშნა, რომ აშშ აჩვენებს "არატოლერანტობას ნებისმიერი ფორმის განსხვავებული აზრის მიმართ და წარმოადგენს გამოცოცხლებული მონროს დოქტრინის ცინიკურ განსახიერებას".

მანამდე გამოცემა Reuters-მა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს, ბრალი წარუდგინა.

ამასთან, 20 მაისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომლის მშობლებიც კუბელი ემიგრანტები იყვნენ, კუბელ ხალხს ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება შესთავაზა. მან თქვა, რომ აშშ-ს კუბელი ხალხისთვის 100 მილიონი დოლარის დახმარების გაწევა შეუძლია და კუბის ლიდერები ელექტროენერგიის, საკვების და საწვავის დეფიციტში დაადანაშაულა.

პარალელურად, 18 მაისს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კუბის რეჟიმთან დაკავშირებულ პირებსა და ძალოვან სტრუქტურებს სანქციები დაუწესა, რაც სახდეპის განცხადებით, წარმოადგენს "ტრამპის ადმინისტრაციის ყოვლისმომცველი კამპანიის გაგრძელებას," რათა კუბის კომუნისტური რეჟიმის სახით აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისადმი შექმნილი საფრთხეები აღმოიფხვრას. 

ამას გარდა, გამოცემა Axios 17 მაისს წერდა, რომ კუბას 300-ზე მეტი სამხედრო დრონი აქვს შესყიდული და ბოლო პერიოდში კომუნისტურმა რეჟიმმა ამერიკული ობიექტების წინააღმდეგ მათი გამოყენების გეგმები განიხილა. გამოცემის მიხედვით, ეს სადაზვერვო მონაცემები შესაძლოა, კუბის წინააღმდეგ აშშ-ს სამხედრო მოქმედებების წინაპირობად იქცეს.

კომენტარები