სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თუ ელენე ხოშტარია თანახმა იქნება, ის მზადაა, მისი საქმის მონიტორინგი განახორციელოს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. იოსელიანი განმარტავს, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვასა და შესწავლას თავად იმ ადამიანის თანხმობა სჭირდება.
"ბევრი ადამიანი დაინტერესდა, რას აკეთებს სახალხო დამცველი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ყოველთვის მზად ვიყავი და დღესაც მზად ვარ, შევისწავლო პენიტენციურ დაწესებულებაში მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხი, მაგრამ რამდენადაც პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და სამედიცინო დოკუმენტაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, აღნიშნული დოკუმენტაციის გამოთხოვა და შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ თავად პირის თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
სწორედ ამიტომ, საჯაროდ გავრცელებული განცხადების შემდეგ მის ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი წარმომადგენელი და გამოხატა მზაობა პროცესში ჩვენი ჩართვის მიმართულებით.
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მზაობას, განვახორციელო მონიტორინგი ელენე ხოშტარიას უფლებების, მათ შორის ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით - მისი თანხმობის შემთხვევაში განხორციელდეს მასთან აპარატის წარმომადგენლის ვიზიტი და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო საზოგადოებას მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით". - წერს იოსელიანი Facebook-ზე.
იოსელიანი ასევე წერს, რომ თებერვალში ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის დროს, ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა, მაგრამ მისივე თქმით, ელენემ ამაზე უარი განაცხადა.
"მან უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე და განაცხადა, რომ არ აღიარებს სახალხო დამცველს, რაც მისი უფლებაა". - წერს იოსელიანი.
რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის თქმით, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".
ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.
უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.
თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.
პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.




