აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე

პუტინმა ტრამპს ისევ შეახსენა, რომ რუსეთში მიწვეულია

ვლადიმირ პუტინი
Dmitri Lovetsky / Associated Press

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეახსენა, რომ რუსეთში მისი მიწვევა კვლავ ძალაში რჩება.

ეს მიანიშნებს, რომ უკრაინაში რუსეთის წინსვლის შენელებისა და უკრაინული იერიშების შედეგად რუსეთში შექმნილი საწვავის კრიზისის ფონზე, კრემლი ტრამპთან ურთიერთობების გაუმჯობესებას კვლავ ცდილობს.

ცნობისთვის, ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ პუტინმა ის რუსეთში არაერთხელ მიიწვია. პირველად პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთში 2025 წლის თებერვალში, ტრამპის ინაუგურაციიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, მიიწვია. მოგვიანებით კი, 2025 წლის აგვისტოში, ალასკაში ლიდერებს შორის შეხვედრისას, პუტინმა ტრამპის რუსეთში ჩასვლის იდეა კვლავ გააჟღერა და აშშ-ს პრეზიდენტს ინგლისურად უთხრა: "შემდეგ ჯერზე მოსკოვში".

კრემლს აღიარებული აქვს, რომ პუტინი ტრამპის რუსეთში მასპინძლობას აქტიურად ცდილობს. 2026 წლის მაისში კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ტრამპის რუსეთში მიწვევა "კვლავ ძალაში" რჩებოდა და რომ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტის მასპინძლობით მოხარული იქნებოდა. მისი თქმით, პუტინი ტრამპს რუსეთში მიწვევის შესახებ "ყოველ ჯერზე" ახსენებს.

რუსული სამთავრობო მედიის მიხედვით, პუტინმა ტრამპს აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით დაურეკა. უშაკოვის თქმით, პუტინი აშშ-ს პრეზიდენტს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა. 

კომენტარები