რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბელგოროდის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ხალხს ომის დასრულება სურს

ალექსანდრ შუვაევი

ბელგოროდის გუბერნატორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ალექსანდრ შუვაევის თქმით, ოლქის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულება სურთ. ამის შესახებ შუვაევმა გამოცემა კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა სურთ დღეს ყველაზე მეტად რეგიონის მცხოვრებლებს, შუვაევმა უპასუხა: "სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულება, რათა ყველა კატეგორიის მოქალაქისთვის შესაძლებელი იყოს საკუთარი საქმიანობის განვითარება, რათა რეგიონში ცხოვრება გაუმჯობესდეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის გარეშე არაფერი გამოვა".

ამასთან, რუსული საძიებო სისტემის, Yandex-ის სერვისის Wordstat-ის მონაცემებით, 2026 წლის ივნისის ბოლოს საძიებო ფრაზა „როდის დასრულდება СВО (სპეციალური სამხედრო ოპერაცია) რეკორდულად ხშირად იძებნებოდა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. 22-28 ივნისის პერიოდში მომხმარებლებმა ეს ფრაზა 137 ათასზე მეტჯერ მოძებნეს. ივნისის განმავლობაში ასეთი მოთხოვნების თითქმის 13% მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე მოდიოდა.

რუსეთში ომის დასრულებისადმი საზოგადოების ინტერესზე ცოტა ხნის წინ გერმან გრეფმაც ისაუბრა. სბერბანკის ხელმძღვანელმა თქვა: "ვფიქრობ ყველას ერთი და იგივე გვაღელვებს. არ მგონია, ქვეყანაში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც სამხედრო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად დასრულების გარდა სხვა მთავარი საზრუნავი ჰქონდეს".

45 წლის ალექსანდრ შუვაევი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე ირკუტსკის ოლქის ვიცეგუბერნატორი იყო. იგი ასევე მონაწილეობდა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელის პოსტზე მან ვიაჩესლავ გლადკოვი შეცვალა, რომელიც რეგიონს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარები