აშშ-საქართველოს ურთიერთობები

აშშ-სთან განახლებული ურთიერთობების შინაარსსა და განვითარებაზე ვმუშაობთ – ბოჭორიშვილი

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამერიკულ მხარესთან მუშაობენ თუ რა უნდა იყოს "განახლებული ურთიერთობების შინაარსი.

"ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული და ჩვენ ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. სწორედ ამას ემსახურებოდა ის ვიზიტები, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო პერიოდში.

ჩვენ ვმუშაობთ აშშ-ს მხარესთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი და როგორ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შესაძლებლობა, უფრო მეტად ვისაუბროთ სწორედ ამ შინაარსობრივ ნაწილზე. 

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და გამოგვიცხადებია მზაობა, რომ საქართველო არის მზად და ყოველთვის იყო მზად, აშშ-სთან ჰქონდეს შინაარსიანი ურთიერთობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ურთიერთობები უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და, რა თქმა უნდა, აშშ-ის ინტერესებს. ურთიერთობები პირველ რიგში ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იმ განწყობას, რომ ეს არის მიღწევადი და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი ურთიერთობებიც სწორედ ურთიერთპატივისცემაზე იყოს დაფუძნებული, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს" - პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა ბოჭორიშვილმა. 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეთ, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ მუშაობასა და არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის გამოსწორებასაც", ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ ამერიკული მხარისთვის ასეთი შეკითხვით არ მიუმართავთ. 

კომენტარები