პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი რუმინეთში რუსული დრონის შეჭრისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადების ფონზე წერს, რომ NATO-ს წევრებმა რუსეთის მხრიდან პროვოკაციები და მუქარის შემცველი განცხადებები სერიოზულად უნდა მიიღონ.
ამის შესახებ ტუსკი X-ზე წერს.
"პოლონეთი, ბალტიის სახელმწიფოები, ახლა კი - რუმინეთი. უფრო და უფრო მეტი რუსული პროვოკაცია. გუშინ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მშვიდი ძილი დასრულდა. NATO-ში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად მიღება". - წერს ტუსკი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ ევროკავშირი რუსეთთან "ცალმხრივად შევიდა ომში" და ევროპის ქვეყნების მოქალაქეებისთვის "მშვიდი ძილი დასრულდა."
- მედვედევი EU-ს: იყავით ფხიზლად და არაფერი გაგიკვირდეთ, მშვიდი ძილი დასრულდა
- რუსული დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა
ცნობისთვის, აქამდე რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28-29 მაისის ღამის საათებში რუსული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქალაქ გალაციში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
მოგვიანებით, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ შემთხვევა NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების საფუძველს წარმოადგენს, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს.




